თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი 3 წლის ქეთა აბაშიძის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ოპერის პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრის მევიოლინეს, თამარ მაღალაშვილის შვილს, 3 წლის ქეთა აბაშიძეს, ავტოავარიის შედეგად ზურგის ტვინი დაუზიანდა, რის გამოც 9 თვის მანძილზე ბავშვი დამოუკიდებლად ვერ სუნთქავს და ვერ მოძრაობს.
ისრაელის კლინიკა REUTH MEDICAL CENTER-ში შესაძლებელია ქეთას მკურნალობა, რომლის სრული სარეაბილიტაციო კურსი 150 000 აშშ. დოლარი ღირს.
ქეთას დასახმარებლად 3 ივნისს 20.00 საათზე გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები, გუნდი და სიმფონიური ორკესტრი საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.
კონცერტის სპეციალური სტუმარია ცნობილი ქართველი მომღერალი ვალერიანო (ნუგზარ) გამგებელი.
ასევე, ირაკლი ჩოლოყაშვილის დირიჟორობით კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თეატრის სოლისტები ირინე ალექსიძე, მზია დავითაშვილი, ლიანა კალმახელიძე, მარიკა მაჩიტიძე, ანა ცარციძე, ელენე ჯანჯალია, ვანო გალუაშვილი, ელდარ გეწაძე, სულხან გველესიანი, გოჩა დათუსანი-ჯიღაური, როსტომ იაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა და ანზორ ხიდაშელი. კონცერტის სრული შემოსავალი სამკურნალოდ გადაეცემა პატარა ქეთას.
ქეთა აბაშიძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე GE02 TB74 8613 6080 100003 (მიმღები - ააიპ ფონდი ქეთევან აბაშიძე) ან დარეკვა ნომერზე: 09 01 700 705.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"