ქართული ეკონომიკის პერსპექტივებსა და საშინაო პოლიტიკის ზოგიერთ აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრს, სანდრო თვალჭრელიძეს ესაუბრა.
- ბატონო სანდრო, პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტებს შეგხვდათ, როგორია თქვენი შთაბეჭდილება ამ შეხვედრაზე და ხელისუფლების ეკონომიკურ გეგმებზე...
- ძალიან კმაყოფილი დავრჩი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით. იგი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სხვისი აზრის მოსმენა და ამ აზრიდან რაციონალური მარცვლის გამოტანა. მეჩვენება, რომ ეს შეხვედრა ძალიან პოზიტიური იყო. ითქვა, რომ ამგვარი შეხვედრები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. პირველი შეხვედრა უფრო ზოგადი ხასიათის იყო, სხვა შეხვედრები უფრო კონკრეტული ხასიათის იქნება. ჩემი აზრით, ამ შეხვედრით პრემიერ-მინისტრიც კმაყოფილი დარჩა, ვინაიდან სამომავლოდ, თანამშრომლობის გარკვეული კონკრეტული გეგმებიც დაისახა.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის ექსპერტებს სთხოვა დაეხმარონ მას და ხელისუფლებას დაპირებების შესრულებაში, თქვა, რომ წლევანდელი წელი როგორმე უნდა გადავიტანოთ, მეორე წელი იქნება უკეთესი, ხოლო მესამე წელს უნდა დაიწყოს ეკონომიკის მკვეთრი აღმავლობა. ამისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია, სერიოზულად განიხილება კონკრეტული ეკონომიკური პროექტები და ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები.
- პრემიერმა წლის ბოლოსათვის 100-მდე საწარმოს ამოქმედება რამდენჯერმე დააანონსა. თქვენი ინფორმაციით, წლის ბოლომდე ქვეყანაში 100 საწარმო მართლაც ამოქმედდება?
- ამისათვის ფულადი სახსრები ნამდვილად არსებობს. თუკი იქნება ამ საწარმოების ნორმალური, ეკონომიკურად სწორად გათვლილი გეგმები, 100 საწარმო მართლაც ამოქმედდება. თუ 90 საწარმოს გეგმა იქნება, 90 საწარმო ამოქმედდება. თუ ამ საწარმოების მენეჯმენტი ვერ მოახერხებს ეკონომიკურად სწორად გათვლილი გეგმების შედგენას, მაშინ სწორედ იმდენი საწარმო ამოქმედება რამდენის ამოქმედებაც გამართლებული იქნება. ამ საწარმოების ამოქმედება არა პრემიერ-მინისტრზე, არამედ ამ საწარმოების მენეჯმენტზე და მეპატრონეებზეა დამოკიდებული. თუ მათ აქვთ სურვილი და უნარი აამუშაონ საწარმოები, ხელისუფლება მათ ამ საქმეში მხოლოდ დაეხმარება.- პრემიერმა საინვესტიციო ფონდის შექმნაზე რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება. მისივე განმარტებით, ქართული ეკონომიკის განვითარების ფონდმა, რომელშიც მან თავისი 3 მილიარდი ჩადო, უკვე 10 მილიარდს გადააჭარბა. თქვენი ინფორმაციით, რაში ჩაიდება ამ ფონდიდან ინვესტიციები და თუ გაქვთ ინფორმაცია ქართული ეკონომიკის სავარაუდო ინვესტორთა ვინაობაზე? თქვენი გათვლებით, უახლოეს 2-3 წელიწადში რამდენი ადამიანის დასაქმებას შეიძლება ველოდოთ?
- მე შევთავაზე პრემიერს ამ ფონდიდან მხოლოდ იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივ რესურსს დაეყრდნობა და არ იქნება იმპორტზე დამოკიდებული. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით, პრემიერს ეს აზრი და საქმისადმი ამგვარი მიდგომა მოეწონა. პირადად მე ამ პროექტებზე მუშაობის პროცესში ჩართვას ვაპირებ და უკვე მომავალი კვირიდან შევუდგები ამ საქმეს. თუ რა პროექტებს ვგულისხმობ, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი, მაგრამ ის რომ სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი ამ პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისათვის, ცხადია. საწარმოების ამოქმედებისთვის საკმარისი არა მხოლოდ ფული, პროექტი შესაბამისად უნდა იყოს მომზადებული. პრემიერმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საწარმოების დასაფინანსებლად ფინანსები პრობლემა არაა. ახლა პრობლემა ასეთი სერიოზული პროექტების სიმცირეა. პირადად მე, პრემიერს ადგილობრივი რესურსების გამოყენებით საკმაოდ საინტერესო საწარმოების დაფუძნება შევთავაზე და როგორც უკვე გითხარით, ამგვარი პროექტებისადმი მისი დამოკიდებულება დადებითი იყო.- დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა მაისში ეკონომიკური ზრდის 0%-იან მაჩვენებელს. თქვენ რას უკავშირებთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ასეთ ვარდნას და როდის შეიძლება ველოდოთ ეკონომიკურ ზრდას?
- სიმართლე გითხრათ, მე ამ მაჩვენებელში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. მეჩვენება, რომ ეკონომიკური წინსვლა შემოდგომაზე გააქტიურდება. მეორე მხრივ, ასეთი მშრალი ციფრები არაფრის მთქმელია. "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს ეკონომიკურ ზრდაზე რომ საუბრობდნენ, ეს ბლეფი იყო. რეალურად ქვეყანაში არანაირი ეკონომიკური ზრდა არ ყოფილა. შეიძლება ქვეყანაში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა იყოს და უმუშევრობა არ მცირდებოდეს?თუ კი იყო ეკონომიკური ზრდა, იგი მხოლოდ უცხოური კრედიტებითა და ისეთი პროექტების განხორცილების ხარჯზე იყო შესაძლებელი როგორიც იყო მაგალითად, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა, რაშიც მრავალი ათეული მილიონი დაიხარჯა და რომელშიც მუშაობა არ შეიძლება. ასევე მილიონობით ფული დაიხარჯა ბათუმის უზარმაზარი კოშკის მშენებლობაში. სამწუხაროდ, ამ მშენებლობებზე ქართველები პრაქტიკულად არ მუშაობდნენ, სამშენებლო მასალებიც კი საზღვარგარეთიდან შემოდიოდა აგური, ბლოკები, ცემენტი, და ეს მაშინ, როცა "ჰაიდელბერგცემეტი" საქართველოში მზადდება. ეს იძლეოდა შესაძლებლობას, რომ საქონლის ბრუნვა, რომელიც საზღვარგარეთიდან ხორციელდებოდა, შიდა პროდუქტს მიეწერებოდა. ასე რომ, მათი სტატისტიკაც კი ბლეფი იყო. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის მონაცემი, რომ წელს პირველად ქვეყნის საგარეო ვალი კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა. 10 წლის განმავლობაში ასეთი რამ პირველად მხოლოდ ახლა დაფიქსირდა.
- ევროპის განვითარების ბანკმა და საქართველოს საპარტნიორო ფონდმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ევროპის განვითარების ბანკი საქართველოში წლის ბოლომდე 200 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. თქვენი ინფორმაციით, რაში ჩაიდება ევროპის განვითარების ბანკის 200 მილიონი აშშ დოლარი?
- ეს ინფორმაცია საჯარო არ გახლავთ და ბურუსით არის მოცული. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მრავალი მცდელობის მიუხედავად ამის შესახებ მე ინფორმაცია ვერ მოვიპოვე.- ევროკავშირთან "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმება მიღწეულია, რითაც საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქციის შეტანის საშუალება მიეცემა, მაგრამ ამ ეტაპზე რა სახის პროდუქციის ექსპორტირება შეუძლია საქართველოს და ამ ექსპორტიდან სავარაუდოდ რა სარგებელს მიიღებს ქვეყნის ბიუჯეტი?
- ჯერჯერობით, ამ შეთანხმებაზე ხელსმოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, როგორც ერთ-ერთ ფილმში ცნობილი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია ამბობს - "ა ბატონო, ბურთი და ა, მოედნი"! ახლა ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ქართველი მეწარმეებისა და ბიზნესმენების თანამედროვე აზროვნების უნარსა და მობილობაზე. მე არ მინდა ქართული ექსპორტი მხოლოდ ქართულ ღვინოს, კონიაკსა და მინერალურ წყლებს უკავშირდებოდეს. ძალიან მინდა, რომ რაღაც ინტელექტუალური ტიპის პროდუქციაც გავიდეს ექსპორტზე. მაგალითად, პოლიციის მონაცემთა ბაზა და ის, თუ როგორ მუშაობს ჩვენი პოლიცია კომპიუტერის მეშვეობით. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ასეთი ტიპის ტექნოლოგიების ექსპორტზე, ანუ ისეთი რამის ექსპორტირებაზე, რაც ინტელექტუალურად ტევადი და ტექნოლოგიური პროდუქცია იქნება, რაც იმის დასტური იქნება, რომ ჩვენც შეგვიძლია ინტელექტუალური პროდუქციის შექმნა და მსოფლიო ბაზრისთვის შეთავაზება. შესაძლოა, ამაზე საუბარი ნაადრევია და ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები და ამ თემას ერთ წელიწადში დავუბრუნდეთ.- რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური. ხომ არ იქნებოდა გაცილებით უკეთესი, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის უფლება მას შემდეგ მიგვეღო, ქართული ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი რომ გახდებოდა? ევროკავშირის ქვეყნებში ამა თუ იმ პროდუქციით ვაჭრობა კვოტირებულია და თუ ჩვენში ეკონომიკა განვითარდა, მერე გაცილებით ძნელი იქნება უკვე არსებულ შეთანხმებაში კორექტივების შეტანა?
- ვერ დაგეთანხმებით, ვინაიდან არ არსებობს პოლიტიკა ეკონომიკის გარეშე და ეკონომიკა პოლიტიკის გარეშე. სხვათა შორის, პრემიერთან შეხვედარზე მომეწონა მიხეილ ჯიბუტის ნათქვამი - ადრე კომუნისტები იძახდნენ, რომ ეკონომიკა არის ბაზისი და პოლიტიკა ზედნაშენი. ჩვენთან პირიქითაა, პოლიტიკა არის ბაზისი და ეკონომიკა ზედნაშენი.თუ ჩვენ პოლიტიკურ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, მეჩვენება, რომ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, გახლდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების სტიმული. ევროკავშირმა ჩვენ ბაზარი გაგვიხსნა, რაც იმავდროულად შესაძლებლობის გახსნასაც ნიშნავს. მაგრამ, ჩვენ უნდა შევძლოთ მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება. მე არა ვთვლი, რომ ეს ნაადრევია, პირიქით, ამ თვალსაზრისით დავაგვიანეთ კიდეც. რაც უფრო მეტი გამოწვევა ექნება ქართულ ეკონომიკას, მით უფრო უკეთესი იქნება მისი განვითარებისთვის.
მესმის, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის სხვადასხვა პროდუქციით ვაჭრობა კვოტირებულია, მაგრამ კვოტები ყოველწლიურად იცვლება. ჩვენთვის ახლა მთავარია ევროკავშირის ბაზარზე ფეხი შევდგათ, მერე მუხლი შევიტანოთ, ხოლო შემდეგ მთელი ტანით შევიდეთ. მეჩვენება, რომ ამ პროცესში ჩართვა ჩვენ გარკვეულწილად დაგვაგვიანდა კიდეც. ახლა ჩვენი მიზანია დავიპყროთ ევროპის ბაზარი, უფრო სწორად, უნდა მოვიპოვოთ ჩვენი წილი ევროპის ბაზარი. ეს შეთანხმება კი ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება და ქართული ეკონომიკის განვითარებას წაახალისებს.
- არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას არადემოკრატიული და უსამართლო საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ არსებულ პირობებში საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ვერ ჩატარდება. რამდენად საფუძვლიანია არასაპარლამენტო ოპოზიციის პრეტენზიები და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არასამართლიან გარემოში ჩატარდება?
- არასაპარლამენტო ოპოზიციის საქციელით აღშფოთებული ვარ. პოლიტიკური პარტიები, რომელთა რეიტინგი 0,5, 1, ან 1,5%-ია, აცხადებენ სურვილს მიიღონ სახელმწიფო დაფინანსება, ანუ მიიღონ ფინანსები ჩვენი, ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებიდან. მე სრულიადაც არ ვარ მზად დავაფინანსო არც ასეთი ადამიანები და არც ასეთი პარტიები. თუ აშშ-ში ორი, საფრანგეთში ოთხი, გერმანიაში სამი პარტიაა, ჩვენთან 200-ზე მეტი პარტიაა დარეგისტრირებული. გაუგებარია საზოგადოებამ რატომ უნდა დააფინანსოს 200-ზე მეტი პარტია, რომელთა უმეტესობის სახელიც არ იცის და რომლის ლიდერებსაც კი არ იცნობს. სახელმწიფომ მხოლოდ ის პარტიები უნდა დააფინანსოს, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს. ხვალ მე რომ უმუშევარი და ხელმოცარული დავრჩე, მექნება შესაძლებლობა დავაფუძნო პოლიტიკური პარტია, რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები ხოლო წევრი თქვენ და სახელმწიფოსაგან მოვითხოვო 1 მილიონიანი დაფინანსება იმისათვის რომ, მე საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ან ადგილობრივ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. ასე ხომ არ შეიძლება? ადამიანმა, რომელმაც ამ საზოგადოებაში თავი ვერ იპოვა, მიდის პოლიტიკაში და აცხადებს, რომ ქვეყანაში საარჩევნოდ არადემოკრატიული გარემოა. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ პარტიებმა, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი არა აქვთ გადალახული სახელმწიფოსაგან დაფინანსება მიიღონ.- ვრცელდება ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. თავად სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო მარათონიდან მის სავარაუდო გამოთიშვას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. თქვენც ასე ფიქრობთ?
- ვფიქრობ რომ, ქალბატონი სალომეს პოზიცია აბსოლუტურად არასწორია. იგი საფრანგეთის მოქალაქეა, გახლდათ სრულუფლებიანი ელჩი და ახლა საფრანგეთის სახელმწიფოსაგან პენსიას იღებს. მეჩვენება, რომ საქართველოს კონსტიტუციაში აბსოლუტურად სწორი ჩანაწერი იყო, ახლა არ ვიცი არის თუ არა იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს დაბადებული საქართველოში და ბოლო 15 წელი უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში. ამიტომ, არა ვთვლი, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა ცხოვრობდეს თავისი ქვეყნის ცხოვრებით, იცოდეს მისი ავი და კარგი და ძალიან კარგად ერკვეოდეს ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაში. ჩემი უღრმესი პატივისცემის მიუხედავად, არ მინდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს ადამიანი, რომელიც სრულფასოვნად არ ფლობს ქართულ ენას. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მას, ძალიან მიყვარდა მისი გარდაცვლილი მეუღლე, მაგრამ, მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამერიკაში, საფრანგეთში, ისრაელში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაგრამ სრულიადაც არ მინდა რომ სწორედ ისინი გახლდნენ საქართველოს პრეზიდენტები.
- თბილისის საკრებულოს "ნაციონალი" თავმჯდომარე გადაყენებულია, დედაქალაქის საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა შეიცვალა. როგორ შეაფასებდით ამ პროცესს და საკრებულოს თავმჯდომარედ გაოპოზიციონირებული ყოფილი "ნაციონალის", შიხიაშვილის არჩევას?
- იმას, რომ "ნაცმოძრაობის" თარეში თბილისის საკრებულოში დასრულდა, ძალიან პოზიტიურად ვაფასებ. იმაში, რომ საკრებულოს სათავეში ყოფილი "ნაციონალი" ჩაუდგა, ცუდს არაფერს ნიშნავს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც "ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივ ძალას გაემიჯნება, მე მათ მხოლოდ მივესალმები და ყოველთვის მხარს დავუჭერ. ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ ეშლებოდათ, თავისი გადაწყვეტილებით საზოგადოების წინაშე პრაქტიკულად ბოდიში მოიხადეს და ახლა შეეცდებიან სხვანაირად აკეთონ საქმე.ჩემი აზრით, ამ ადამიანებს ჩვენ აღარ უნდა დავუძახოთ ყოფილი "ნაციონალები" და აღარ შევახსენოთ თავისი პოლიტიკური წარსული. მოდით, მივცეთ მათ საშუალება ახალ ვითარებაში სუფთა ფურცლიდან დაიწყონ თავისი საქმიანობა. მოდით, ჩვენ მათზე მომავალი ქმდებებით ვიმსჯელოთ. თუ კარგად მოიქცევიან და კარგ ადამიანობასაც გამოავლენენ, შესაბამისად დავუფასოდ, ხოლო თუ რამე შეეშალათ, ამის შესახებაც ვუთხრათ. ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი გზა სამოქალაქო თანხმობის მისაღწევად.
- განათლების მინისტრად ახლადდანიშნულმა თამარ სანიკიძემ განათლების მინისტრის მოადგილეობიდან დავით ზურაბიშვილი გაათავისუფლა. ზურაბიშვილის გათავისუფლებამ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. იმის გათვალისწინებით, რომ ზურაბიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" წევრია, "რესპუბლიკელებმა" ამ საკითხზე სპეციალური განცხადების გაკეთება დააანონსეს. ბევრმა მომხდარში კოალიცია "ქართულ ოცნებაში" დაწყებულ რღვევაზე დაიწყო საუბარი. თქვენი აზრით, რა ხდება და რამდენად შეიძლება შეესაბამებოდეს სინამდვილეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე მმართველ გუნდში დაწყებულია რღვევა?
- ამ მოსაზრებას მე არ დავეთანხმებოდი. "ქართული ოცნების" რღვევა ნამდვილად არ არის დაწყებული. კოალიციაში არსებობს გარკვეულ საკითხებზე პატარ-პატარა უთანხმოებები, მაგრამ ეს პარლამენტში მნიშვნელოვან საკითხებზე კენჭისყებზე არ აისახება. მეჩვენება, რომ თუკი "რესპუბლიკური" პარტია გავა კოალიციიდან, ეს უფრო "რესპუბლიკურ პარტიას" აზარალებს, ვიდრე კოალიცია "ქართულ ოცნებას". არჩევნებმა დაგვანახა, რომ ხალხმა მხარი დაუჭირა არა "რესპუბლიკურ პარტიას", არამედ "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს. ჩემი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე კოალიციიდან გამოსვლა "რესპუბლიკელებისთვის" პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი რამ იქნებოდა.როდესაც ახალი მინისტრი ინიშნება, ის ყოველთვის თავისი გუნდით მოდის. არსებობდა და არსებობს დაუწერელი კანონი, როცა უწყებაში ახალი პიროვნება ინიშნება, მინისტრის მოადგილეები გათავისუფლების შესახებ წერენ განცხადებას. ახალ მინისტრს ეძლევა საშუალება თავად შეარჩიოს ის მოადგილეები, რომელთანაც საქმის კეთება მისთვის კომფორტული იქნება. საქმეზე ძირითადი პასუხისმგებლობის მატარებელი არის მინისტრი და არა მისი მოადგილე.
გარდა ამისა, ერთ რამესაც გაუსვამდი ხაზს. მინისტრის მოადგილემ არ უნდა აკეთოს პოლიტიკური განცხადებები და არ უნდა გაემიჯნოს მთავრობას, რომლის წევრიც თავად არის. თუ მას მთავრობის კრიტიკა სურს, ჯერ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და ამის შემდეგ აკრიტიკოს მთავრობა. ჩემი აზრით, ბატონ დავითს ასეთი შეცდომა მოუვიდა. ამ თემაზე კომენტარი პრემიერმაც გააკეთა. პრემიერმა თქვა, რომ მან მინისტრს სთხოვა, არ გადაეყენებინა ზურაბიშვილი, მაგრამ მან ეს წინადადება არ მიიღო.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"