სვანეთში, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე საბაგიროების მოსაწყობად საჭირო ინვენტარი საქართველოში სრულად წლის ბოლოს იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ამ დროისათვის უკვე დასაწყობებულია 115 კონტეინერი, ხოლო 40 კი ეტაპობრივად ჩამოვა საფრანგეთიდან. საბაგირო გზისთვის საჭირო ინვენტარისთვის სოფელ მულახში სასაწყობე მეურნეობა მოეწყო. მინისტრი დასაწყობების პროცესს თავად დაესწრო. ნარმანია აღნიშნავს რომ სასაწყობე ბაზაზე ინვენტარი შესაბამის პირობებში ინახება.
"პრეზიდენტი თეთნულდის სათხილამურო პროექტთან დაკავშირებით ბრალდებებს გვიყენებს, რომ პროექტი გაჩერდა, შესყიდული მოწყობილებები ჟანგდება. რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სისტემის მოწყობისათვის ჩვენ უკვე განვახორციელეთ ყველანაირი სამუშაოები. აშენდა ანგარი, სადაც ისეთი საშუალებები თავსდება, რომელსაც წყალი და ნალექი უნდა მოვარიდოთ. რაც შეეხება მთლიან სისტემას ისინი დასაწყობებულია გარეთ, რადგან კლიმატური პირობები მას ვერ დააზიანებს. 115 კონტეინერი უკვე მიღებულია, დაახლოებით 40-მდე კონტეინერს ველოდებით წლის ბოლომდე. ყველაფერი წელს დასაწყობდება. გამოცხადდება ტენდერი საკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით და გაზაფხულიდან, როგორც კი ამინდები მოგვცემს საშუალებას, დაიწყება სამონტაჟო სამუშაოები. ვფიქრობთ, რომ 2014 წლის ბოლომდე სამონტაჟო სამუშაოები დასრულდება", - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, გარდა საბაგირო სისტემისა, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურაც.
დავით ნარმანია თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, კურორტს დამსვენებლების მიღება მაისის ბოლომდე შეეძლება. ამასთან, სათხილამური ტრასები გათვალისწინებული იქნება როგორც პროფესიონალი, ასევე დამწყები და მოყვარული მოთხილამურეებისათვის.
საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის მესტიის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოწყობასთან დაკავშირებით ფინანსური პროტოკოლის რატიფიცირება პარლამენტმა 2011 წლის 13 ოქტომბერს მოახდინა, ხელშეკრულება კი საქართველოს მთავრობასა და ფრანგულ კომპანია Pomagalski-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმდა. 2013 წლის გაზაფხულზე პროექტი განსახორციელებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა. საბაგიროების მთლიანი ღირებულება დღგ-ს გარეშე 18 მლნ ევროს შეადგენს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"