გაუგებრობა, რომელიც არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის, მოგვარდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლად წმინდა სამების ახალგაზრდულ ცენტრში , საერთაშორისო გამოფენაზე "სახელობითი ხატი - ისტორია და თანამედროვეობა" განაცხადა.
გამოფენა საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში "რუსეთის მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბისა" და მათი ქართველი პარტნიორების ინივიატივით გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია რამდენიმე უძველესი ხატი, გამოფენა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს.
შეხვედრას ესწრებოდა "რუსეთის მეცენატთა კლუბის" თავმჯდომარე ანდრეი პოკლონსკი, ასევე მისი ქართველი პარტნიორი ანდრია დევდარიანი, რომლის ინიციატივითაც საქართველოში პირველად ჩამოვიდა რუსეთიდან უძველესი და უნიკალური ხატები.
გამოფენასთან დაკავშირებით საქართველოში იმყოფება რუსული მხარის 45-კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან მეცენატები, ჟურნალისტები, სასულიერო პირი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეკრებილებს მიმართა.
"დღეს ჩვენ გვაქვს დიდი სიხარული, წმინდა ხატები ჩამოვიდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან. ჩამოვიდა იმ წმინდა მონასტრიდან, სადაც მე რვა წლის განმავლობაში ვსწავლობდი სემინარიასა და აკადემიაში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ გაუგებრობა, რომელიც არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის, მოგვარდება. ჩვენი ურთიერთობა დამშვიდდება, ჩვენ კვლავ ვართ და ვიქნებით ძმები და მეგობრები. მადლობას ვწირავ ჩვენს სტუმრებს. ღმერთმა დალოცოს რუსეთი და საქართველო"- ბრძანა შეხვედრაზე უწმინდესმა.
კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბის თავმჯდომარეს, ანდრეი პოკლონსკის საუჩუქრად ოქროს სამაჯური გადასცა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ანდრეი პოკლონსკიმ განაცხადა, ამ საერთაშორისო გამოფენის მიზანია, მოუთხროს მორწმუნეებს, თუ რას ნიშნავს სახელობითი ხატი, რომლის ტრადიცია რუსეთში ბოლო ხუთი წელია მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბის მიერ აღდგა. მან სიხარული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ იმყოფებიან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში.
საერთაშორისო გამოფენა ანგელოზის მიერ ღვთისმშობლისთვის ხარების აღსანიშავად იმართება.
პოკლონსკის თქმით, საქართველოში სულ 40 ხატი გამოიფინება, მათგან 10 ხატი წმინდა ნაწილებით სამი დღის შემდეგ ნიცადან ჩამოდის.
დღევანდელ გამოფენაზე კი, წარმოდგენილია მე-14 მე-18 საუკუნის უძველესი ხატები, რომელიც დაცულია რუსეთის წმინდა სამების სერგი რადონეჟელის ლავრაში. ასევე, გამოიფინება ხატები რუსეთის თანამედროვე ხატმწერთა სკოლიდან და წმინდანთა წმინდა ნაწილებიანი ხატები.
ანდრეი პოკლონსკიმ სახელობითი ხატის წარმოშობის შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ყოველ ახალშობილს მფარველი ანგელოზის ხატს უწერდნენ და ეს ხატი უნდა ყოფილიყო ბავშვის ზომის. ტრადიციის მიხედვით, ამ ხატს ახალშობილ ყრმას ახლობლები ნათლობის დღეს ჩუქნიდნენ. ხატი ადამიანს აძლევდა საშუალებას, მთელი ცხოვრების მანძილზე ხსომებოდა ნათლობის მნიშვნელობა, არ მოკლებოდა მფარველი წმინდანის მადლი.
საქართველოში გამოფენა 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება, შემდეგ კი წმინდა ხატებს სომხეთში გადააბრძანებენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"