კერძო ტყეები სამეგრელოში "შეშის მოსავალს" იღებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული ორგანიზაცია "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელიდან" (CENN) აცნობეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ორულუ სათბობი შეშით ხობის ტყეებიდან მარაგდება. მოსახლეობის მტკიცებით, ტყეკაფები ჭურიასა და თორსაში მიუვალ, ჭაობიან ადგილებზეა გამოყოფილი.
"სოფლიდან ტყეკაფამდე 20 კილომეტრია, სამანქანე გზა ბოლომდე არ მიდის და 4-5 კილომეტრზე საჭაპანე ტრანსპორტის გამოყენება გვიწევს. ამიტომ, ამ ტყეკაფებით იშვიათად თუ სარგებლობს ვინმე", - ამბობენ ადგილობრივები.
CENN-ის ინფორმაციით, ორულუელებმა შექმნილი სიტუაციიდან საკმაოდ ეფექტური გამოსავალი მოძებნეს და უკვე წლებია, რაც ე.წ. "კერძო ტყეებს მისდევენ" .
სოფელ ორულუს მკვიდრმა ზაზა წურწუმიამ, ოჯახისთვის განკუთვნილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (1,25 ჰექტარი) თავისი ძმების მიწებთან გააერთიანა და ბაბუის მიერ დარგულ თხმელას ჭადარი და წიწვოვნები დაამატა. მის ტყეს ქარსაფარის ფუნქციაც აქვს, მოჭრილ შეშას კი ოჯახში სათბობად იყენებს. ხეებს ყოველ მომდევნო წელს მორიგეობით ჭრიან. მიწები დარეგისტრირებული და შემოღობილია.
პლანტაციურ მეურნებას მისდევს რამინ სორდიაც, რომელმაც თავისი ტყე 2,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გააშენა.
"ესეც ორი ოჯახის – ჩემი და ჩემი მშობლების მიწაა. ასევე სარგებლობაში მაქვს მიმდებარე 1 ჰექტარი საყანე ფართობი, რომელსაც უნაყოფობისა და დაბალმოსავლიანობის გამო წლების განმავლობაში ვეღარ ვიყენებდი. ამასობაში თხმელა ამოვიდა და "ტყე გაჩნდა". თხმელა 8–10 წლის ასაკში უკვე კარგია საშეშედ. წელს ოჯახში ფინანსური პრობლემების გამო გასაყიდად 30 კუბური მეტრი შეშა დავამზადე, სოფლის რწმუნებულს მივმართე და ცნობა ავიღე", - განაცხადა რამინ სორდიამ.
როგორც ღია გარემოსდაცვითმა სამოქალაქო ინიციატივამ (OECI/CENN) გაარკვია, "საკუთარ ტყეებში" მოჭრილი შეშის გაყიდვა ორულუში უკვე შემოსავლის წყაროდ იქცა. ოჯახები შეშის ნაწილს ყიდიან, ნაწილს კი თვითონ იყენებენ. დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები სათბობად ფიჩხს იყენებენ და შეშას მთლიანად ყიდიან.
ორულუს თემის რწმუნებულის, მურთაზ წურწუმიას განცხადებით, ამ სეზონზე ხე–ტყის წარმოშობის დოკუმენტის მისაღებად მას 70–მდე სოფლის მცხოვრებმა მიმართა.
"ადგილზე ვამოწმებთ, ნამდვილად არის თუ არა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საშეშე ხეები და ცნობას მხოლოდ ამის მერე ვაძლევთ. წარმოშობის დოკუმენტის გაცემა დასაშევებია საკუთარი ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზეც, როცა წინაპრების მიწები აქვთ სარგებლობაში", - განაცხადა მურთაზ წურწუმიამ.
CENN-ის ინფორმაციით, იგივე სიტუაციაა მიმდებარე სოფელ ერგეტაშიც. სოფლის მკვიდრმა ზაურ გოგიამ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე თხმელა, კოპიტი და წიწვოვნები გააშენა და მხოლოდ საკუთარი ოჯახის საჭიროებისთვის ჭრის. მისი განცხადებით, სოფლის ნახევარს საყანე მიწებზე თხმელა მოყავს და საშეშედ იყენებს.
სამეურნეო დანიშნულების გარდა კერძო ტყეებმა რეკრეაციული და საკონსერვაციო ფუნქციებიც შეიძინა.
"რამდენიმე წლის წინ ხობიდან 6 ძირი თელა ჩამოვიტანე, დავრგე ჩემს ეზოში და შვილივით ვუვლი. ვიცი, რომ "წითელ წიგნშია" შეტანილი. თესლიდან ამოსული 100–მდე ნერგიც გადავრგე და ცალკე შემოვღობე", - აღნიშნა ორულუელმა რამინ სორდიამ.