სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი და აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის გმირი, ნელსონ მანდელა დღეს, მის მშობლიურ სოფელ ქუნუში დაკრძალეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიას 5000 ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა და სხვა მაღალჩინოსნები, უელსის პრინცი ჩარლზი, მონაკოს პრინცი ალბერი და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. უკანასკნელ თვეში მანდელას მდგომარეობა სტაბილურად კრიტიკული იყო. იგი საავადმყოფოში ივნისის დასაწყისში, ფილტვში ინფექციის გამო მოხვდა. ნოემბერში სამხრეთ აფრიკის მთავრობამ მისი საავადმყოფოში ყოფნა დაადასტურა.
მანდელა ქვეყანას 1994-1999 წლებში ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდობაში იგი აქტიურად იბრძოდა აპარტეიდული რეჟიმის წინააღმდეგ, რის გამოც ციხეში 27 წელი გაატარა. 1993 წელს მას ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.