სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე პირებზე, გაკოტრებული სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციარებზე და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს, რუსუდან გოგოლაშვილს ესაუბრა.
- ქალბატონო რუსუდან, 2013 წლის ბოლოს, სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯია" გაკოტრდა, რომელიც სახელმწიფო დაზღვევის მქონე დაახლოებით 380 000 ბენეფიციარს ემსახურებოდა, მათ შორის, პენსიონერებს, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს. ვინ აიღებს აღნიშნულ კონტინგენტზე ვალდებულებას?
- 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო "არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში" დაზღვეულების სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებაზე ვალდებულებას იღებს იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ისინი სადაზღვევო კომპანიაში იყვნენ დაზღვეულები. პრემია, რომელსაც სახელმწიფო "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" უხდიდა, კერძო სადაზღვევო კომპანიას აღარ გადაეცემა და სახელმწიფო ამ კონტინგენტს თვითონ მართავს.
- სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ "არქიმედეს" ბენეფიციარებზე ვალდებულება სრულად აიღოს?
- რა თქმა უნდა, ეს პრემია სავსებით საკმარისი იყო, რათა სადაზღვევო კომპანიას კონტინგენტი ემართა. სახელმწიფოს ხარჯი არ დაემატება. ამიტომ, ამ პრემიის ფარგლებში, პრობლემა სახელმწიფოს ბიუჯეტთან დაკავშირებით არ შეექმნება.- გამოითქვა მოსაზრება, რომ "არქიმედეს" გაკოტრება სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარი დაუჯდება.
- "არქიმედეს" ვალებზე სახელმწიფო არანაირად პასუხისმგებელი არ არის. ძირითადად კლინიკები, მომწოდებლები კერძო კომპანიები არიან. ორი კერძო სუბიექტის ურთიერთობაში სახელმწიფო, წესით, არ ერთვება. მათი ვალები ერთმანეთში გასარკვევია. რაც შეეხება კონტინგენტის მართვას. 380 000 ადამიანზე სახელმწიფო "არქიმედეს" თვეში დაახლოებით, 5 200 000 ლარს უხდიდა. ახლა ამ თანხას სახელმწიფო კომპანიას აღარ გადაუხდის და კონტიგენტს თავად მართავს. ჩვენ უკვე გვაქვს სტატისტიკა და ზუსტად ვიცით, რომ ეს თანხა საკმარისი იქნება, რათა ეს კონტიგენტი იმართოს, პირიქით, ჩვენი ვარაუდით, ამდენს არც დავხარჯავთ.- "არქიმედეს" ბენეფიციარები თბილისში 8-9 პოლიკლინიკაზე იყვნენ მიმაგრებული, მათი საცხოვრებელი ადგილი გათვალისწინებული არ იყო. ხომ არ იგეგმება ამ კუთხით რაიმე ცვლილებები?
- ახლა ამ ადამიანებს თავისუფალ არჩევანს ვაძლევთ. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე პოლიკლინიკებს შორის, მათ შეუძლიათ, გააკეთონ თავისუფალი არჩევანი და ნებისმიერ პოლიკლინიკას მიებან. ეს მხოლოდ მათ სურვილზეა დამოკიდებული.- როგორც ცნობილია, "არქიმედეს" კორპორატიული დაზღვევის მქონე ბენეფიციარებიც ჰყავდა. რა ბედი ელით მათ?
- რადგან მათი კერძო დაზღვევა შეწყდა, ისინი 1-ლი იანვრიდან ავტომატურად საყოველთაო პროგრამაში ჩაჯდებიან მინიმალური პაკეტით, რომელიც მოიცავს გადაუდებელი მკურნალობის დაფარვას, ასევე პოლიკლინიკურ სერვისებს. ამასთან, ყველა იმ ადამიანს, ვინც რაღაც მიზეზის გამო, გასული წლის 1-ლი ივლისის შემდეგ კერძო სადაზღვევო კომპანიის პოლისი დაკარგა, მინიმალური პაკეტი ეძლევა, ანუ ადამიანები გადაუდებელი შემთხვევებისგან დაცული იქნებიან. "არქიმედეს" სოციალური პროგრამებით დაზღვეული ჰყავდა 380 000 ბენეფიციარი. მათ შორის, პენსიონერები, 0-დან 5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, ასევე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები. ისინი თბილისში, ასევე კახეთსა და სამეგრელოში ცხოვრობენ. რაც შეეხება პედაგოგებს, პედაგოგების პოლისის განახლება 218-ე დადგენილების პირობების თანახმად 1-ელ იანვარს უნდა მომხდარიყო. სახელმწიფომ 218-ე დადგენილების ბენეფიციარების შედინება გააჩერა კერძო სადაზღვევო კომპანიებში და ამაზე ვალდებულება თავად აიღო. ამიტომ პედაგოგები ავტომატურად მთელი საქართველოს მასშტაბით საყოველთაო დაზღვევაში გადმოვიდნენ თავისი პირობებით, როგორც იყვნენ დაზღვეული. 2014 წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაზღვევის მქონე პირები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გაერთიანდებიან.- კერძო სადაზღვევო კომპანიებში მყოფი სახელმწიფო დაზღვევის მქონე ბენეფიციარები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ეტაპობრივად მოექცევიან?
- "არქიმედეს" ბენეფიციარებზე ვალდებულებას სახელმწიფო იღებს. სხვა კერძო სადაზღვევო კომპანიაში მყოფი სახელმწიფო დაზღვევის მქონე ბენეფიციარები ეტაპობრივად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადმოვლენ. 218-ე დადგენილების ბენეფიციარები პირველ აპრილამდე გადმოვლენ, მათ შორის, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები, კომპაქტურ დასახლებებში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები. 165-ე დადგენილებით მოსარგებლე პირების, მათ შორის 0-5 წლის ასაკის ბავშვების, 60 წლისა და ზემოთ ასაკის ქალებისა და 65 წლისა და ზემოთ ასაკის მამაკაცების, სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადასვლა კი წლის განმავლობაში მოხდება. 2014 წლის ბოლომდე სახელმწიფო დაზღვევის მქონე პირების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გაერთიანება დასრულებული იქნება.- რატომ ერთიანდებიან სახელმწიფო დაზღვევის მქონე პირები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და რატომ არ რჩებიან სხვადასხვა კერძო სადაზღვევო კომპანიებში?
- სახელმწიფომ, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიჩნიეს, რომ თვითონ უფრო ეფექტურად მართავენ ამ კონტინგენტს, უფრო ხარჯთეფექტური იქნება. მომსახურების ხარისხიც უფრო მაღალი იქნება. ჩვენ უკვე გვქონდა გამოცდილება, როდესაც 218-ე დადგენილებიდან სადაზღვევო კომპანია "ალფა" გავიდა. რვა თვიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, როდესაც სახელმწიფო მართავს, უფრო ხარჯთეფექტურია.- როგორც ცნობილია, სახელმწიფოს მიერ დაზღვეული ბენეფიციარები ჰყავს კერძო სადაზღვევო კომპანიებს, მათ შორის, "ალდაგს", "ჯი პი აი ჰოლდინგს", "ირაოს". ხომ არ აპროტესტებენ აღნიშნული კომპანიები, რომ მათგან ბენეფიციარები მიგყავთ?
- ვერ გეტყვით, დადგენილებით, პირობები ისედაც უნდა შეცვლილიყო.- თუ შეგიძლიათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარვეზებზე ისასუბროთ?
- რაღაც გარკვეული ხარვეზები პირველ ეტაპზე იყო, უფრო ტექნიკური ხასიათის, ეს ხარვეზები უკვე გამოსწორებულია და პრინციპში, შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებული ხარვეზები საყოველთაო ჯანდაცვას აღარ აქვს.- მომსახურების ფილიალები თუ აუდის მომხმარებელებს?
- დიახ, ამ ეტაპზე თბილისში 4, რეგიონებში 10 სერვისცენტრი მუშაობს. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავხსნით რამდენიმე სერვისცენტრს.- როგორია სტატისტიკა? რამდენმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით?
- გასული წლის პირველი ივლისიდან 31 დეკემბრის სტატისტიკით, მომართვის 144 354 შემთხვევა დაფიქსირდა.ანა მარშანია
"ინტერპრესნიუსი"
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"