საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ნიუ იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული პროფესორს, ევროკავშირის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, ლევან ბოძაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ლევან, მოგეხსენებათ, 2014 წელი საქართველოსთვის ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წელია, მაგრამ საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებაში გამოწვეულმა აზრთა სხვადასხვაობამ რამოდენიმე საფრთხე ერთდროულად წარმოაჩინა. თქვენ როგორ შეაფასებდით საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით გამოწვეულ აჟიოტაჟსა და იმ საფრთხეებს, რაც ეკლესიასთან დაკავშირებით უკანასკნელ პერიოდში ხდება?
- ჯერ კიდევ ვილნიუსის სამიტის პერიოდში ვამბობდი, რომ საფრთხეები, რომელიც პოტენციურია, არ არის ადეკვატურად შეფასებული. ეს საფრთხეები ამ ეტაპზე ე.წ. შეუიარაღებელი თვალისთვის მეტად რთული დასანახია. ბევრი მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტები აღარ გააჩნია ამ ეტაპისთვის, რაც არასწორია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაც ზოგადად შეიძლება ევროკავშირთან ურთიერთობის ხარისხი შეამციროს და პროცესი შეანელოს, ეს თავად საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირთან დაახლოებისადმი აპათიური განწყობის დამკვიდრება იქნება, თავად ამ პროცესის, ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის, როგორც იდეის დისკრედიტაცია.
ეს ის ბეწვის ხიდია, რომელზე სიარულიც დიდ სიფრთხილეს მოითხოვს ხელისუფლების, მძლავრი სოციალური ინსტიტუტებისა (ეკლესიის, სამოქალაქო სექტორის) და საზოგადოების აქტიური ნაწილის მხრიდან. არსებითი საპირწონე ამ ვითარებაში არის და უნდა იყოს საზოგადოების კონსოლიდაცია ერთი იდეის ირგვლივ - ეს არის კონკრეტული ამოცანა - ევროკავშირთან დაწყებული პროცესის ბოლომდე წარმატებით მიყვანა.
ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისათვის, რა უფრო მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონეა და რა არ შეიძლება შედარებით ნაკლები, ხშირ შემთხვევაში თითიდან გამოწოვილი პრობლემის გაზვიადების ხარჯზე შეფერხდეს. სწორედ ასეთი პრობლემების წინა პლანზე წამოწევა, მაშინ როცა გაცილებით მეტი მნიშვნელობის პრობლემებზე არ მახვილდება ყურადღება (მაგალითად აბორტის თემა), სოციალური დაპირისპირების იმიტირება და შემდგომ ამის საფუძველზე უკვე გაკეთებული არჩევანის დისკრედიტირება, ამ ეტაპისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე რეალური საფრთხე.
როდესაც ხდება მიზანმიმართული აპელირება ფორმაზე და არა შინაარსზე, როდესაც სახეზეა არა პოზიტიური, არამედ ნეგატიური კუთხით საკითხის ინტერპრეტირება, თუნდაც ზოგ შემთხვევებში არასწორი ან ვინმესათვის მიუღებელი ფორმით მოწოდებული განცხადებებისა, აქ ჩნდება გარკვეული ეჭვი იმისა, რომ საქმე მიზანმიმართულ თუ არა მართულ, კამპანიასთან გვაქვს. რას შეიძლება ეს კამპანია ემსახურებოდეს? შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სოციალური ინსტიტუტის (ამ შემთხვევაში ეკლესიის) ავტორიტეტის დასუსტებას და ამ ფონზე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ევროკავშირის, როგორც ბოროტ ძალად წარმოჩენას. შესაბამისად, მტრის ხატი იქმნება იქ და იმისგან, სადაც ის რეალურად არ არსებობს.
- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ ღირებულებითი დაპირისპირება აღმოჩნდეს საბაბი საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში პრობლემების შეექმნისთვის?
- გავიხსენოთ, როგორ იქცეოდა რუსეთი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პერიოდში - მიდიოდა ტოტალური საინფორმაციო ომი ევროკავშირის დისკრეტიდაციის მიზნით, რომ ევროპა არის ბოროტება და ა.შ. არადა, იგივე სუროგაციის თემა რომ ავიღოთ, ევროპის უმრავლეს ქვეყნებში სუროგაცია კომერციული მიზნებისათვის კანონმდებლობით აკრძალულია. ამ საკითხზე არსებობს, როგორც ცალკეული დიდი ევროპული ქვეყნების სასამართლოთა, ასევე სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, შესაბამისი კანონმდებლობები. საქართველოშიც ეს საკითხი ზუსტ და ცალსახა საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს, ისევე როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია.ამავე დროს, ყურადსაღებია არა თავისთავად ღირებულებათა დაპირისპირების არსებობა, რაც ჩემი აზრით, ხელოვნური ტერმინია და რეალურად ნაკლებად არსებობს, არამედ ასეთი ფონის იმიტირება თავად ევროპული კავშირის, როგორც საგარეო პოლიტიკური ორიენტირის დისკრედიტაციისთვის.
ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირი არ ემყარება ერთ კონკრეტულ ღირებულებას, ის აერთიანებს და ემყარება იდენტურობის მრავლფეროვნების იდეას, რომ ყველა განსხვავებულია, მაგრამ ამავე დროს ყველა თანასწორი. ევროკავშირი არ ითხოვს საკუთარი წევრებისგან ეროვნული იდენტურობის, ტრადიციების უგულვებელყოფას. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ თავისუფალ სამყაროში, რასაც ევროპა ჰქვია, მრავალი სახის სოციალური თუ პოლიტიკური დისკურსია, გამოხატული სხვადასხვა ტიპის პარტიების, საზოგადოებრივი ჯგუფებისა და კოალიციების მიერ, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ევროპარლამენტში და ამა თუ იმ მიმართულებას ლობირებენ იდეოლოგიურად. ეს ნიშნავს, რომ მტკიცე, მიზანმიმართული საგარეო პოლიტიკის განხორციელებით შესაძლებელია ნებისმიერ საკითხზე მოლაპარაკება ისე, რომ არც იდეის დისკრედიტაცია მოხდეს და არც განსაკუთრებული პოლიტიკური წინააღმდეგობა შეგვხვდეს.
მთავარია, რომ საფრთხე საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას არ დაემუქროს, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, უკვე ჩანს. ამას მიანიშნებს ევროკავშირის ელჩის დიმიტროვის მეტად მნიშვნელოვანი ამასწინანდელი ინტერვიუ, ამერიკის მაღალი რანგის ჩინოსნების ვიზიტები საქართველოში და პატრიარქთან ხშირი აუდიენციები და ა.შ.
ვფიქრობ, რომ სინამდვილეში, საფრთხე სულ სხვა მხრიდან მოდის და ეს მხარე არ არის დასავლეთი. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირის 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში თავმჯდომარე ქვეყანა საბერძნეთი იქნება, რომელიც თავის სამოქმედო საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში არ ითვალისწინებს აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმართულებით აქტიურ მოქმედებებს და ყურადღების ფოკუსირებას ევროპის სამხრეთ მიმართულებასა და არალეგალურ მიგრაციაზე აკეთებს.
საბერძნეთის შემდეგ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება იტალია, რომელიც დიდი ალბათობით ასევე გააგრძელებს იმავე მიმართულებებზე ფოკუსირებას. მაისში ტარდება ევროპარლამენტის მორიგი არჩევნები, ხოლო შემოდგომაზე მოხდება ევროკომისიის ახალი შემადგენლობის ფორმირება. ამდენად, ეს პერიოდი იქნება ჩვენთვის მეტად დაძაბული და მნიშვნელოვანი.
- ევროპასთან ინტეგრაციის მოწინააღმდეგეები ხშირად აცხადებენ, რომ ევროპა საქართველოსაგან ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას მოითხოვს. ევროკავშირის წარმომადგენლებმა ეს მტკიცება თითქოს სპეციალურადაც კი უარყვეს, მაგრამ რეალურად როგორ არის?
- ევროკავშირი ამას არ მოითხოვს, მაგრამ ევროკავშირის მოთხოვნა ნამდვილად არის ის, რომ საქართველოში არ იყოს დისკრიმინაცია. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, დისკრიმინაცია არ არის მხოლოდ უმცირესობის უფლებების დარღვევა, ის ასევე შეიძლება იყოს უმრავლესობის ნების უგულვებელყოფაც.ვილნიუსის სამიტის წინა პერიოდს თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროც მუშაობს მსგავს კანონზე. რა სახის იქნება ეს კანონპროექტი, ჯერ ცნობილი არ არის. ჩვენი კონსტიტუციის 36-ე მუხლი შეეხება ქორწინების საკითხებს, მაგრამ არ განსაზღვრავს თავად ქორწინების მონაწილეთა სახეს. მხოლოდ სამოქალაქო კოდექსი ადგენს, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის შეიძლება არსებობდეს.
იმისათვის, რომ გამოირიცხოს რაიმე სახის მანიპულირება ამ საკითხით ან ამ საკითხის ულტრირებითა და სპეკულირების ფონზე ევროკავშირთან დაახლოების იდეის დისკრედიტაცია, შესაძლებელია ეს საკითხი კონსტიტუციის დონეზეც დარეგულირდეს, როგორც მაგალითად ეს ხორვატიამ გააკეთა, რომელიც 2013 წლის ზაფხულში გაწევრიანდა ევროპულ კავშირში.
- რადგან რუსეთის თემას შეეხეთ, ექსპერტთა უმრავლესობა და ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ 2014 წელს, განსაკუთრებით სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კრემლი საქართველოზე ზეწოლას გააძლიერებს. თუ რა სახის ზეწოლაზე და რა საკითხზე გეგმავს რუსეთი საქართველოზე ზეწოლას გასული წლის 18-20 დეკემბერს ერევანში ჩატარებულ კონფერენციაზე "უსაფრთხოება და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში" გაცხადდა. კრემლთან დაახლოებული "სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის" დირექტორის მოადგილემ მიხეილ ჩერნოვმა "ევრაზიულ კავშირში კავკასიის ინფრასტრუქტურული მატრიცა : 2014-2017 წლებში ძირითადი სატრანსპორტო პროექტებზე" საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთს სომხეთთან სახმელეთო საზღვარი ექნება. ჩერნოვის მტკიცებით, სამხრეთ ოსეთის მიმდებარედ არსებობს თრუსოს ხეობა, რომელიც ისტორიულად სამხრეთ ოსეთს ეკუთნოდა, მისი დაბრუნების შემდეგ სამხრეთ ოსეთს საზღვარი ექნება ჯავახეთთან, რომელიც სომხეთს ესაზღვრება. ჩერნოვი კიდევ ბევრ სხვა საკითხებსაც ეხება, მაგრამ თუ რაზეა საუბარი, გასაგებია.
თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, რომ აღნიშნული მიმართულებაზე რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლა ქვეყნისათვის რაც შეიძლება მინიმალური იყოს?
- თუ არ ვცდები, ეს ის პიროვნებაა, რომელმაც ჯერ კიდევ 2007 წლის ზაფხულში განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ომი იქნებოდა და რუსეთი აღიარებდა კონფლიქტურ ტერიტორიებს. რუსი ექსპერტების მიერ ერევანში ჩატარებულ კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები უაღრესად მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია იმის მიუხედავად, შეიძლება თუ არა ის შეესაბამებოდეს რეალობას.ხელისუფლების სტრატეგია, რომ მაქსიმალური თავშეკავების გზით მოვახდინოთ პროვოცირებების შემცირება, გასაგებია, მაგრამ არა - საკმარისი. საჭიროა ამ და მსგავსი ხასიათის თუნდაც უტოპიურ გეგმებზე ჩამოყალიბებული პრევენციული ხასიათის სამოქმედო გეგმების შემუშავება, თუ უკვე არ არის შემუშავებული. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი. ეს გეგმები უნდა მოიცავდეს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად შესაძლებელი საერთაშორისო რეაგირება სწორედ პრევენციის მიზნით მუდმივი ინფორმირებისა და დიალოგის გზით ყველა შესაძლო დონეზე.
- ვთქვათ, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებაზე სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ წავიდა. რა რეაქცია ექნება ამაზე ამერიკასა და ევროპას?
- ბევრი რამ დამოკიდებული იქნება გამწვავების უკიდურესობის ხარისხზე. ფაქტია, რომ ევროპა ცდილობდა, მაქსიმალურად არ გაემწვავებინა ურთიერთობა რუსეთთან, ის სთავაზობდა რუსეთს მარტივ ფორმულას - არც ერთი ასოცირების მონაწილე ქვეყანა არ იქნებოდა შეზღუდული რუსეთთან ურთიერთობაში, ასოცირების შეთანხმებებში ჩადებულიც კი არის შესაბამისი მუხლი, მაგრამ რუსეთისთვის ეს ფორმულა მიუღებელი იყო და, როგორც ჩანს, მომავალშიც კიდეც იქნება. ამავე დროს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ არ უნდა გადავიყვანოთ პროცესი დაბალი აქტივობის ფაზაში, საჭიროა მუდმივი აქტივობის შენარჩუნება ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან.მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიადის წინ იმართება ევროკავშირისა და რუსეთის მორიგი სამიტი, ეს სამიტი დიდი ალბათობით კვლავ გამოაჩენს, რომ უკრაინის საკითხით დატოვებული ჭრილობები ევროკავშირს არ შეხორცებია, ევროკავშირს მოუწევს და აპირებს კიდეც მტკიცე პოზიციების დაფიქსირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე რუსეთის ზემოქმედების შემცირების მიზნით.
ასევე წელს რუსეთი ხდება "დიდი რვიანისა" და "დიდი ოცეულის" თავმჯდომარე ქვეყანა, რჩება მრავალი მოუგვარებელი ეკონომიკური და ფისკალური ხასიათის საკითხი და პრობლემები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებშიც. ასე რომ, ევროპასაც და ამერიკასაც აქვს საშუალება და ეფექტური ბერკეტები, პრევენციული გავლენა მოახდინოს რუსეთის მოქმედებებზე. ამ კონტექსტში ჩვენი დიპლომატიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"