საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სამომხმარებლო კალათა გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის) გასაანგარიშებლად და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურას.
2014 წლის სამომხმარებლო კალათა გაზრდილია და მოიცავს 295 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას, ასევე, შეცვლილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები. გასული წლის სამომხმარებლო კალათას დაემატა 11 და გამოაკლდა 4 საქონელი.
2014 წლის განახლებული სამომხმარებლო კალათა ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურას. სამომხმარებლო კალათის ჯგუფების და ინდივიდუალური საქონლის(მომსახურების) წონები ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურასა და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებულ ინფორმაციას. წონების განახლება ხდება ყოველწლიურად, ზემოაღნიშნული წყაროებიდან მიღებული უახლესი მონაცემების გამოყენებით.
ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების გამოყენება სამომხმარებლო კალათის ფორმირების პროცესში წარმოადგენს ერთ–ერთ არსებით რეკომენდაციას, რომელსაც ევროსტატი ევროკავშირის წევრ–ქვეყნებს სთავაზობს.
განახლებული სამომხმარებლო კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს - ინფლაციის მაჩვენებელს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თენგიზ ცეკვავამ განუცხადა, სამომხმარებლო კალათის განახლება ყოველწლიურად ხდება, რადგან, ყოველწლიურად გარკვეული მომხმარებლების ქცევა, ანუ მათი ხარჯის სტრუქტურა იცვლება.
"კალათა ყოველწლიურად უნდა განახლდეს. არსებობს საქონლის და მომსახურების 12 სამომხმარებლო ჯგუფი, რომლისგანაც შედგება სამომხმარებლო ხარჯები. ეს 12 ჯგუფი არის სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, დასვენება, განათლება, კულტურა, ჯანდაცვა და ა.შ. ჩვენ ვაკვირდებით საშუალო ხარჯებს ჩვენი მომხმარებლების, ამა თუ იმ პროდუქციაზე, ამა თუ იმ სასაქონლო ჯგუფზე. წელს გარკვეული არსებითი ხარჯი ჰქონდა გართობა-დასვენების ჯგუფის ქვეჯგუფს - მუსიკალურ ინსტრუმენტებს. შესაბამისად, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ კალათაში მუსიკალური ინსტრუმენტების ჯგუფის გათვალისწინება. მუსიკალური ინსტრუმენტი შეტანილ იქნა კალათაში და მისი საქონელ-წარმომადგენელი არის გიტარა, ანუ გიტარაზე ფასების დაკვირვებით ჩვენ ავსახავთ მუსიკალური ინსტრუმენტების ჯგუფს მთლიანად",-განაცხადა თენგიზ ცეკვავამ.
მისივე განმარტებით, ძალიან ხშირად სამომხმარებლო კალათა ერევათ საარსებო მინიმუმის კალათაში. "საარსებო მინიმუმის კალათა ჩვენს შემთხვევაში არის ის 40 პროდუქცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს. 40 სასურსათო პროდუქცია, რომელიც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ადამიანმა მიიღოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ნორმით კალორიები. ეს არის სხვა კალათა. ჩვენ ვნახეთ, რომ უკანსასკნელ დღეებში არის იმაზე კამათი, რამდენად არის პირველადი მოთხოვნილების საგანი გიტარა. ეს არის შეცდომა და საქმის არასწორად გაგება. გიტარა არ არის პირველადი მოთხოვნილების საგანი. სამომხმარებლო კალათაში ჩვენ დღეს გვაქვს 295 პროდუქტი. აქ არ შედის პირველადი მოთხოვნილების საგნები მხოლოდ, აქ შედის ყველანაირი საქონელწარმომადგენელი, რომელიც ჩვენი ხარჯების სტრუქტურას ასახავს",-განაცხადა ცეკვავამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"