დღეს, 07:00 საათიდან ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში, სს RMG Copper-ის და შპს RMG Gold-ის დასაქმებულთა წარმომადგენლობა "დასაქმებულთა ჯგუფის" და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით ზემოთ აღნიშნული კომპანიების დასაქმებულთა სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირიდან აცნობეს, პარალელურად, ყოველდღიურად გაიმართება საპროტესტო აქციები, კოლექტიური შრომითი დავის დასრულებამდე.
მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქცია, რომელიც ყოველდღიურად კაზრეთის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა, 10:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გასტანს.
საპროტესტო აქციებში მონაწილეობას სს RMG Copper-ის და შპს RMG Gold-ის როგორც დასაქმებულები, ასევე გაფიცვის ორგანიზების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული პირები მიიღებენ.
გაფიცვის მთავარი მოთხოვნები 30 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლებული 180-ზე მეტი ადამიანის უპირობო აღდგენა და ხელფასების გაზრდაა.
როგორც კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 13 თებერვალს შედგა სამმხრივი შეხვედრა პროფკავშირის წარმომადგენელს, კომპანიის ადმინისტრაციულ დირექტორსა და შრომის სამინისტროს წარმომადგენელს შორის, მაგრამ ამ პროცესმა თავიდანვე გამოიწვია დასაქმებულთა უნდობლობა, რადგან შეხვედრის პარალელურად დასაქმებულ ადამიანებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, მუქარა და დაშინება გაფიცვაში მონაწილეობის შემთხვევაში.
გაფიცვა და საპროტესტო აქციები შრომითი კოლექტიური დავის ამოწურვამდე გაგრძელდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"