137 გმირის სახელზე თბილისში სიმბოლურად 137 ანთებული სანთლით საქართველოს რუკა გამოსახეს. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ორგანიზებით გაიმართა.
ქართული არტილერიის გამარჯვების 21 წლისთავთან დაკავშირებით ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს გმირთა მოედანზე მოეწყო. "ყველა თაობა საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებაში აფხაზეთის ომის ვეტერანები და აფხაზი ახალგაზრდები, ასევე, უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რადგან ამ ბრძოლაში ქართველებთან ერთად ექვსი უკრაინელი მეომარი გარდაიცვალა.
გმირთა მოედანზე შეკრებილებმა 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენები გაიხსენეს, როდესაც აფხაზეთში ქართულმა არტილერიამ ყველაზე
დიდი მასშტაბის იერიში მოიგერია და სოხუმი დაცემისგან იხსნა.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა გმირულად დაღუპული 137 მებრძოლის სახელზე, სიმბოლურად, 137 ანთებული სანთლით საქართველოს რუკა გამოსახეს. 21 წლის წინანდელი გმირობის გასახსენებლად კი ჰაერში 21 მანათობელი ფრანი გაუშვეს.
"დღევანდელი დღე ქართული არტილერიის გამარჯვების დღეა. 1993 წლის 16 მარტს ქართულმა არტილერიამ ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა თავის ისტორიაში. დაიღუპა 137 ადამიანი და სწორედ მათთვის პატივის მისაგებად მოვედით. ყველა თაობა ვალდებულია, რომ ამ ადამიანების ღვაწლი და თავგანწირვა თავიანთი სამშობლოსადმი დააფასონ. 137 საეკლესიო სანთლით სიმბოლურად მივაგეთ პატივი მათ ხსოვნას. ასევე საქართველოს რუკა გამოვასახეთ და 21 ფრანი გავუშვით 21 წლის აღსანიშნავად", - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.