ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს (EUGBC) გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის შეფასებით, ქართული კომპანიების 50-60% ევროპულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ჭუმბურიძე აცხადებს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ამოქმედებიდან გარკვეული გარდამავალი პერიოდი იქნება, როცა ბიზნესმა ევროპულ სტანდარტებზე გადაწყობა უნდა მოახერხოს.
ამის შესახებ ჭუმბურიძემ დღეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ოფისში განაცხადა, სადაც საბჭოს წევრების, ბიზნესის სხვა წარმომადგენლებისა და ვაჭრობის საკითხების გენერალური დირექტორატის ევროპის და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსის მოადგილის ფილი კუისონის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი ასოცირების ხელშეკრულებისა და მისი ნაწილის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
"ევროპულ ბაზარზე ქართული კომპანიები ოპერირებენ, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე მოცულობის სავაჭრო ბრუნვა, ამიტომ ყველაზე მთავარი არის, რომ ეს გაიზარდოს. არც არის აუცილებელი, ყველა კომპანიამ ერთ დღეს დაიწყოს ვაჭრობა ევროპასთან. მართალია, DCFTA ევროპული სტანდარტები საქართველოში დანერგვასაც ითვალისწინებს, მაგრამ ერთ და ორ დღეში ასეთი მოთხოვნები არ იქნება. გვექნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი. თვითონ ევროპელებსაც ესმით, რომ ეს არ არის ერთი და ორი დღის მოთხოვნა. ჩვენი კომპანიების 50-60% ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს, ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ არიან კომპანიები, რომლებიც ამ სტანდარტს აკმაყოფილებენ. დანარჩენებისთვის საჭირო იქნება ლოგიკური დროის მონაკვეთი, უნდა მოახერხოს ბიზნესმა გადაწყობა, თუ ჩვენ გვინდა, რაღაც პერსპექტივა გვქონდეს და ჩვენი ვაჭრობის საბოლოო წერტილი არ იყოს რუსეთი ან მეზობელი ქვეყნები. მე, ამ შემთხვევაში, არ ვაკნინებ მათ როლს, პირიქით მეზობელ ქვეყნებთან კარგი სავაჭრო ბრუნვა უნდა იყოს, მაგრამ სრული კონცენტრირება მარტო რუსულ ბაზარზე არ შეიძლება იმიტომ, რომ დივერსიფიკაციის უნარი გქონდეს და ხვალ რომ ეს ბაზარი დაიხუროს, გვქონდეს საშუალება, ევროპულ ბაზარზე შესვლის", - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
ამასთან, ჭუმბურიძეს დიპლომატიური პასუხი აქვს კითხვაზე - ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებები, ასევე, ექს-პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარება ხომ არ შეაფერხებს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას.
"დიპლომატიურ პასუხს გაგცემთ, მე ერთი რამ ვიცი - ამ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოეწეროს და ამის პასუხისმგებლობა გვაქვს ყველა მოქალაქეს საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა არ გაგვაჩნია. ასე რომ, ყველამ უნდა შევუწყოთ ამას ხელი, იქნება ეს პოზიცია, თუ ოპოზიცია და ამ საკითხზე ვიყოთ ერთმნიშვნელოვნად კონცენტრირებული. ჩვენ რომ ამ შეთანხმებას ხელი ვერ მოვაწეროთ, პირდაპირ გეტყვით, ეს იქნება არა ერთი, არამედ 5 და ათი ნაბიჯი უკან", - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ და დასძინა, რომ ამიტომ "ყველას სიფრთხილე გვმართებს".
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"