მელია არ არის მათი სახე! მათი სახე ციხე, ცოცხები, რუსთაველზე დაღვრილი სისხლი, ძალადობა და მტაცებლობაა!

8 აპრილს თბილისში ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა: სლოვაკეთის საელჩო გაიხსნა და თბილისის ზღვაზე სლოვაკური ინვესტიციებით შექმნილი გრანდიოზულ აკვაპარკ „ჯინოს“ პრეზენტაცია შედგა. მსოფლიო პოლიტიკის მეტრებმა და დემოკრატიის „შუქურებმა“ – „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა იმავე ღამეს 9 აპრილის მემორიალთან სლოვაკეთის დროშა დაწვეს. სლოვაკეთიდან ჩამოსულმა დიდმა დელეგაციამ, უბრალოდ, ვერ გაითვალისწინა, რომ მათი ეროვნული დროშის ფერები „საეჭვოდ“ წააგავს რუსეთის დროშას და ვერც ის დაუშვეს, რომ მემორიალზე მიტანილი გვირგვინის არშიაზე არსებულ წარწერას „ნაციონალები“ ვერ წაიკითხავდნენ!

ვისაც გვესმის, რომ წინა ხელისუფლება არა მარტო პოლიტიკასთან, არამედ წერა–კითხვასთანაც უმძრახად არის, არ გაგვკვირვებია ეს ამბავი. სამაგიეროდ, მათ უკვირთ, რატომ არ უშვებენ მემორიალთან. „სამწუხაროა, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ჩემთვის გაუგებარ რამეს აპროტესტებს იმ დღეს, როცა, ტრადიციულად, მთელი ერი ერთიანდება და პატივს მიაგებს დაღუპულ მამულიშვილებს“, – გაოცება ვერ დამალა ყოფილი მმართველი ძალის დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.

მთელი ერის გაერთიანების ტრადიცია „ნაციონალურად“ ასე განოიყურებოდა: სამიოდე წლის წინ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ მიუშვეს 9 აპრილის მონაწილეები ირაკლი ბათიაშვილი, ელიზბარ ჯაველიძე, ნონა გაფრინდაშვილი და ყველა ის ადამიანი, რომელიც მათ „პარტიულ კურსს“ დაუპირისპირდა! მაშინ „ნაციონალებს“ „მთელი ერის გაერთიანება“ არც გახსენებიათ.

დაუჯერებელია, რომ ანზორ მელიას ოჯახში გაზრდილი ადამიანი ვერ ხვდებოდეს, რას აპროტესტებდნენ ყოფილი პოლიტპატიმრები მემორიალთან. „გაუგებარ რამეს აპროტესტებენ“, – ამბობს ნიკა მელია. მართლაც „გაუგებარია“, რატომ უნდა აპროტესტებდეს ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებას, წამებას, დამცირებას, ღირსების შელახვას, იმას, რომ სამართლიანობის აღდგენა გვიანდება, ხოლო უსამართლობის შემოქმედნი კვლავაც უტიფრად ყელყელაობენ ტელეეკრანებზე!

„გაუგებარია“, აბა რა არის, როცა 7 ნოემბრის და 26 მაისის მომწყობი ძალა „ერის ერთიანობაზე“ ლაპარაკობს! სამაგიეროდ, ერთი რამ უთუოდ ცხადი და გასაგებია: „ნაციონალთა“ ის სახეები, რომლებიც უშუალოდ სისხლთან და ძალმომრეობასთან არიან გაიგივებული, ვერასოდეს ჩამოირეცხავენ ამ ლაქებს (როგორც ჩე „ვასილიჩ“ გევარა, იგივე გივი თარგამაძე იტყოდა, ეს უკვე გვამურ ლაქებად იქცა და ამ პროცესს ვეღარაფერი შეაბრუნებს). ამიტომ ისინი დღეს იმ სახეებით ცდილობენ ფონს გასვლას, რომლებიც უშუალოდ არ ძალადობდნენ საკუთარ ხალხზე.

პიარგაცვეთილი ნაციონალების არჩევანი „პრაიმერიზის“ სახელით ნიკა მელიაზე მხოლოდ ამიტომ როდი შეჩერდა; ივანიშვილის ფავორიტი ნარმანია მეგრელია, მასთან ვაშაძე „ვერ გაქაჩავდა“, თანაც, ე.წ. ყალბი პირადობის მოწმობების თემა ყოველი არჩევნების წინ აქტუალური ხდება, ხოლო ვაშაძეს, „მკვიდრად ნაგები“ იუსტიციის სახლის გარდა, ამ საკითხზეც ედავებიან. მელია კი, გარდა იმისა, რომ მეგრელია, ანზორ მელიას შვილია, რომელსაც, როგორც ექიმს, ათასობით ადამიანი ემადლიერება. თუმცა, რამდენადაც ვიცი, მამა–შვილის პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთს არასოდეს ემთხვეოდა.

პირადად მეც მადლიერი ვარ ბატონი ანზორის და მისი ვაჟი ნამდვილად არ მემეტება იმისთვის, რასაც „ნაცმოძრაობის“ სახეები უთუოდ იმსახურებენ ხალხისგან. პოლიტიკურ მოუსავლეთში მიმავალ ყველაზე ძალადობრივ რეჟიმს არ უნდა გადაჰყვნენ ახალგაზრდები, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ შანსი, სამშობლოს გამოადგნენ.

ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, მემორიალთან მისულ „ნაციონალებს“ რომ თმენით მიეღოთ ის აღშფოთება, რომელიც წლობით ციხეში გამოკეტილმა ადამიანებმა გამოხატეს მათ მიმართ? ჩვენი ხალხი მიმტევებელია, მას ოდნავ სინანულიც რომ დაანახო, ბევრს გაპატიებს. მაგრამ როდესაც უტიფრად უცხადებ, რომ შენ უკვე აგე პასუხი, ოღონდ „პოლიტიკურად“, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობით ვეღარ ზიხარ პარლამენტში, ამას სინანულად არ ჩაგითვლის.

შვილები ყოველთვის არ უჯერებენ მშობლებს, თორემ დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტს საკუთარ შვილს ანზორ მელია ეტყოდა. დღეს სააკაშვილი, ბოკერია, თარგამაძე, მერაბიშვილი და ძმანი მათნი სწორედ ახალ სახეებს ცდილობენ ამოეფარონ. თბილისის მერის არჩევნების წინ ყველას გახსოვდეთ: ნიკა მელია არ არის მათი სახე, მათი სახე ციხე, ცოცხები, რუსთაველზე დაღვრილი სისხლი, ძალადობა და მტაცებლობაა!

რაც უფრო მალე მიხვდება ნიკა მელია, რომ ნაციონალური რეჟიმის რესტავრირებული ფასადის როლი არ ეკადრება, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და სხვებისთვისაც, საკუთარი ოჯახის ჩათვლით.

ნანა დევდარიანი

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად