ევროკავშირი მზადაა, განიხილოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) განხორციელება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში , როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ არაერთი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება და აქვეყნებს 40 მითს DCFTA-ს შესახებ, რომელთაც ფაქტებს უპირისპირებს. ერთ-ერთ მითად დასახელებულია, რომ "ის, რომ შეთანხმების განხორციელება შეუძლებელი იქნება სეპარატისტულ რეგიონებში ნიშნავს, რომ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასა და სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის ეკონომიკური უთანაბრობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ გზით ევროკავშირი პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას შეუწყობს ხელს".
"ევროკავშირის მიზანია, მოხდეს საქართველოსთან დადებული შეთანხმების განხორციელება საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი მზადაა, განიხილოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მიზანი ისეთი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიას მოუტანს სარგებელს", - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
საინტერესოა, როგორ არის გათვალისწინებული ტეროტირიული გამოყენების საკითხი ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში უშუალოდ ასოცირების ხელშეკრულებაში. პარაფირებული ხელშეკრულების ტექსტში ნათქვამია, რომ შეთანხმებისა და მისი IV კარის (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ნაწილი) გამოყენება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაიწყება, როცა საქართველოს მიერ, მის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილ იქნება შეთანხმების სრული იმპლემენტაცია და შესრულება.
"ასოცირების შეთანხმება გამოიყენება, ერთის მხრივ, იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც ვრცელდება "ევროკავშირის შესახებ" ხელშეკრულება, "ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ" ხელშეკრულება და "ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების" დამფუძნებელი ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებებით დადგენილი პირობების შესაბამისად და მეორეს მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე. წინამდებარე შეთანხმების, ან მისი IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გამოყენება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი რეგიონებთან მიმართებით, რომლებზეც საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, დაიწყება, როდესაც საქართველოს მიერ, მის მთელ ტერიტორიაზე, უზრუნველყოფილ იქნება წინამდებარე შეთანხმების ან IV კარის სრული იმპლემენტაცია და შესრულება. ასოცირების საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეთანხმების ან IV კარის სრული იმპლემენტაცია და შესრულება. თუ მხარე ჩათვლის, რომ სრული იმპლემენტაცია და შესრულება აღარ არის უზრუნველყოფილი მითითებულ რეგიონებში, ამ მხარეს შეუძლია, ასოცირების საბჭოს მოსთხოვოს ხსენებულ რეგიონებთან მიმართებით შეთანხმების ან IV კარის განგრძობადი გამოყენების გადახედვა", - ნათქვამია ასოცირების შეთანხმების იმ ნაწილში, სადაც ტერიტორიულ გამოყენებაზეა საუბარი.