ისრაელის სახელმწიფოს 66-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველო-ისრაელის ურთიერთობების თემაზე, "ინტერპრესნიუსი" ისრაელის ელჩს საქართველოში, იუვალ ფუქსს ესაუბრა.
- ბატონო ელჩო, პირველ რიგში, გილოცავთ ისრაელის სახელმწიფოს დამუკიდებლობის დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენ, ებრაელ ხალხსა და სახელმწიფოს . . .
- მადლობა, დიდი მადლობა.
- რადგან ჩვენი შეხვედრა დიდწილად ისრაელის სახელმწიფოს 66-ე წლისთავს ეძღვნება, ბუნებრივი იქნებოდა, საუბარი დაგვეწყო იმაზე, თუ როგორი შედეგებით ხვდება ისრაელის სახელმწიფო თავისი დამოუკიდებლობის 66-ე წლისთავს?
- ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს ებრაული კალენდრით 6 მაისს აღვნიშნეთ. გრიგორიანული კალენდრით ისრაელის დამოუკიდებლობის დღე 14 მაისია. მჯერა, რომ ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება დიდი სასწაულია. ისრაელი რეგიონში დემოკრატიის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების კუნძულია.რადგან შედეგები ახსენებთ, უნდა ითქვას, რომ 1948 წლის 14 მაისს, როცა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ისრაელში მხოლოდ 600 ათასი ებრაელი ცხოვრობდა. დღეისათვის ისრაელში 8,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აქედან ეთნიკური ებრაელი 7 მილიონია. მრავალი წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ებრაელი ერის თითქმის ნახევარი ისრაელის სახელმწიფოში ცხოვრობს. დაახლოებით 2 ათას წლოვანი დევნილობის შემდეგ ასეთი ვითარება ებრაელ ერს არასოდეს ჰქონია. ეს გახლავთ ისრაელისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დიდი მიღწევა. თუმცა, ისრაელში არა მხოლოდ ებრაელები ცხოვრობენ. ისრაელი მშობლიური სახელმწიფო და სახლია ერთ მილიონზე მეტი არაებრაელებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ეთნუკურად არ არიან ებრაელები, ისრაელის სახელმწიფოში ისინი დემოკრატიის ყველა სიკეთით სარგებლობენ. ისრაელში მრავლად ცხოვრობენ ქრისტიანები, მუსლიმები, დრუზები, ბაჰაები და როგორც გითხარით, ყველანი ისრაელის მოქალაქეების სრული უფლებებით სარგებლობენ. ისინი არიან წარმოდგენილი ჩვენს პარლამენტში, ყველა ეთნიკური ჯგუფი ჩართულია ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი ნახვა შეიძლება ნებისმიერ სფეროში. მათ შორის ჯარშიც, საგარეო საქმეთა სამინისტროში. ისრაელს ჰყავს არაებრაელი ელჩები სხვა ქვეყნებში. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ისრაელი ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის კუნძულია. მიუხედავად იმისა, რომ 66 წლის განმავლობაში ისრაელს არაერთი ომის გადატანა მოუწია, თუ ისრაელის სამეზობლოს გადავავლებთ თვალს, ისრაელი საკმაოდ სტაბილური ქვეყანაა.
ისრაელი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ორგანიზაციის წევრია. მასში 30-ზე მეტი ქვეყანა შედის. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ისრაელს საკმაოდ სტაბილური და განვითარებული ეკონომიკა აქვს. არის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ისრაელს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ორგანიზაციის სხვა წევრებს შორისაც კი საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები აქვს. ასეთი სფეროა მაგალითად ჯანდაცვის სფერო, ცხოვრების ხანგძლივობა, ამ მაჩვენებლებით ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. თუმცა, აღსანიშნავია არა მარტო ჯანდაცვის სფერო. ეს ეხება სოფლის მეურნეობასაც, განსაკუთრებით რძის პროდუქტებს, მერძევეობას, ასევე შეიძლება ითქვას ირიგაციის სფეროზე. ძალიან წარმატებულია წყლის ხელახლა გამოყენების ინფრასტრუქტურა. ასევე წარმატებულია სხვადასხვა დარგში კველევები. ბევრ სფეროებში ისრაელს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა მაჩვენებლები აქვს.
ისრაელის მთლიანი შიდა პროდუქტი 274 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მსოფლიოში 49-ე მაჩვენებელია. საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია თუნდაც იმის გამო, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 35 ათასი დოლარია. ისრაელში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანია დასაქმებული. უმუშევრობა დაახლოებით 7%-მდეა. შარშან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 3,8% შეადგინა. ინფლაცია 1, 7% შეადგენს. სხვათა შორის, 80-იან წლებში ინფლაცია სამნიშნა ციფრიც იყო.
60-70-იან წლებში ისრაელის ეკონომიკა სოფლის მეურნეობაზე იყო დამოკიდებული. სერიოზული ძვრები დაიწყო 80-იან წლებში. ახლა ისრაელის ეკონომიკა სოფლის მეურნეობაზე ნამდვილად არ დგას. ექსპორტის უმთავრესი წყაროა კომპიუტერული ტექნოლოგიები, ინოვაციები. ისრაელის ბიუჯეტი ყველაზე მეტად ინოვაციების ექსპორტით იზრდება.
- დაარსების დღიდან ისრაელის სახელმწიფოს, ერთი შეხედვით დაუძლეველი პრობლემების გადაჭრა უწევდა. ეს ეხება როგორც ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებას, ისე სხვადასხვა დროს ისრაელის დაპირისპირებას ეგვისპტესთან, იორდანიასთან, სირიასთან. და ყველაფერ ამის ფონზე საკუთარ ეკონომიკაზე ზრუნვა და სახელმწიფოს მშენებლობა 600 მილიონიანი მუსლიმური სახელმწიფოების გარემოცვაში. თქვენი აზრით, რა არის მთავარი, რამაც შეაძლებინა რაოდენობით არც ისე მრავალრიცხოვან ებრაელ ხალხს 66 წლის განმავლობაში მის წინაშე არსებული უამრავი პრობლემების დაძლევა?
- შემთხვევით არ მითქვამს, რომ ისრაელის სახელმწიფოს არსებული სახით არსებობა სასწაულია. ისრაელი დღეს რეგიონში არა მარტო დემოკრატიის კუნძულია, არამედ სტაბილურობით გამოირჩევა. ისრაელმა არსებობა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, ანუ ჰოლოკოსტიდან სამი წლის შემდეგ დაიწყო. ებრაელებისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობდა, რომ ჩამოეყალიბებინათ ებრაული სახელმწიფო ებრაელი ერისთვის. ებრაელი ხალხი არ წავიდოდა საცხოვრებლად და საკუთარი სახელმწიფოს ასაშენებლად არც ბერიბიჯანში, არც უგანდაში და არც კანადაში, რაზეც იყო სხვათა შორის საუბარი. ამგვარი მოსაზრებები ტრიალებდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ებრაელებს ჰქონდათ ერთადერთი ალტერნატივა სახელმწიფოს ასაშენებლად და ეს იყო მათი ისტორიული მიწა. ებრაელთა მრავალი თაობა ლოცულობდა სამშობლოში დაბრუნებაზე განურჩევლად იმისა, თუ სად ცხოვრობდნენ. შესაძლოა, ისინი არ საუბრობდნენ ივრითზე, მაგრამ გამოირჩეოდნენ სხვისგან ჩაცმულობით, სიმღერებითა და ცეკვებით. ისინი ყოველთვის ოცნებობდნენ ისრაელის მიწაზე დაბრუნებასა და სახელმწიფოს შექმნაზე, რომელიც მრავალი წლის წინ დაკარგეს. და მართლაც, ჩვენ თითქმის 2000 წლის შემდეგ დავბრუნდით ისტორიულ სამშობლოში. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ისრაელის სახელმწიფოს შექმნის მთავარი მიზეზი ებრაელი ხალხის სურვილია, ისტორიულ მიწაზე შეექმნა საკუთარი სახელმწიფო. ისრაელი გეოგრაფიული, პოლიტიკური თუ კლიმატური თვალსაზრისით უამრავი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე იდგა და დღესაც დგას. ისრაელს, თითქმის არ აქვს ბუნებრივი რესურსები. ერთადერთი რესურსი, რომელიც გვქონდა და დღესაც გვაქვს, არის ადამიანური რესურსი, რომელსაც აქვს გონება და სურვილი იმისა, რომ თუნდაც ასეთ რთულ პირობებში ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ებრაელი ხალხი კრეატიულობით გამოირჩევა. მტკიცედ მწამს, რომ ისრაელის სახელმწიფოს ისტორია ადამიანების ნებასა და ძალას ემყარება. ებრაელებს უნდოდათ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება, უნდოდათ, ებრძოლათ ამ მიწისთვის და მასზე წარმატებული სახელმწიფოს აშენება და ეს გააკეთეს კიდეც.- რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ისრაელის სახელმწიფო?
- უდიდესი გამოწვევა, რაც დღიდან დაარსებისა ისრაელის წინაშე დგას, არის მშვიდობის დამყარება და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ გვაქვს გაფორმებული შეთანხმება ეგვიპტესთან და იორდანიასთან, მეზობლებთან, რომლებთანაც წარსულში უთანხმოებები გვქონდა, მაგრამ დღეს ჩვენს შორის სამშვიდობო შეთანხმებები არსებობს. წარსულში ჩვენ საშიში და საზარელი ომები გვქონდა. ბოლო წლებში ჩვენ ასევე მოვახერხეთ წინ გადაგვედგა ნაბიჯი მშვიდობისათვის სხვა მეზობლებთანაც. მიუხედავად ამისა, ჩვენ ისრაელის მოსახლეობისთვის ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ ხანგრძლივ მშვიდობას. ბოლო პერიოდში ჩვენს სამეზობლოში ძალიან ბევრი პრობლემა იყო. ნამდვილად არ ვცხოვრობთ წყნარ გარემოში, ამიტომაცაა საამაყო, რომ ისრაელმა მაინც მოახერხა სასწაულის მოხდენა და წარმატებული სახელმწიფოს შექმნა-ჩამოყალიბება.დღეს ისრაელის უსაფრთხოების სფეროში ორი უმთავრესი გამოწვევა აქვს - ირანი და ტერორიზმი. ირანი, რომელიც კვლავაც განაგრძობს ბირთვულ პროექტზე მუშაობას. ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ ისრაელისთვის, ეს არის გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ გულხელდაკრეფილი არ ვისხდებით და არ ვუყურებთ, როგორ ქმნის ირანი ბირთვულ იარაღს. ირანი ჩვენთვის უსაფრთხოების #1 პრობლემაა.
რასაკვირველია, მეორე გამოწვევა გახლავთ ისეთი ტერორისტული ორგანზიაციები, როგორიცაა ჰამასი, ჰესბოლა და ალქაიდა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ისრაელის მოქალაქეებსა და სახელმწიფოს. მათ არასდროს უღიარებიათ ისრაელის სახლმწიფოს არსებოდა და დღესაც მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ისრაელმა, როგორც სახელმწიფომ, არ უნდა იარსებოს. რადგან ხანგრძლივ მშვიდობაზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ იმის შესახებაც, რომ ცოტა ხნის წინ ისრაელი აპირებდა, ხელი მოეწერა პალესტინასთან შეთანხმებაზე, რომელიც მათთან მოლაპარაკებების გაგრძელებას ითვალისწინებდა. მოგეხსენებათ, ამ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი. ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ხელი მოაწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ "ჰამასთან". ანუ, ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელიც ისრაელის განადგურებისთვის იბრძვის. პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ისრაელი თანხმდება 1000 ტერორისტის ციხეებიდან გათავისუფლებას, მაგრამ მაჰმუდ აბასმა მშვიდობის ნაცვლად "ჰამასთან" თანამშრომლობა არჩია. თუმცა, მაინც მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებების პროცესი განახლდება. ჩვენ ვცდილობთ, გადაწყვეტა მოვუძებნოთ პალესტინის ურთულეს საკითხს, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს რეალურად ვდგავართ.
- არაბულ სამყაროს "არაბული გაზაფხულის" სიომ გადაუარა, ირანის პრეზიდენტი სხვებთან შედარებით, თითქოს უფრო ზომიერი ხასან რუხანი გახდა, რომელთანაც აშშ თანამშრომლობს. ვითარებაში, როცა მოიხსნა ემბარგო ირანიდან გაზისა და ნავთობის ექსპორტზე, ისრაელი ახალი რეალობისა და, შესაბამისად, ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. თქვენ როგორ შეაფასებდით ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას და აქედან გამომდინარე ისრაელის სადღეისო ამოცანებს?
- არა მგონია, რომ ეს "გაზაფხული" იყო. რეგიონში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დემოკრატიის განვითარება ხანგრძლივი პროცესია და ამ ქვეყნებში საბაზისო ცვლილებები უნდა მოხდეს. იმისათვის, რომ ქვეყანა დემორატიულად მივიჩნიოთ, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა ჰქონდეს. რეგიონის ქვეყნებში არ მომხდარა ისეთი რამ, რომელიც იძლევა საშუალებას ვთქვათ, რომ ადგილი ჰქონდა დემოკრატიულ ცვლილებებს. არა მგონია, რომ იმავე ირანში რაიმე შეიცვალა ე.წ. არაბული გაზაფხულის შემდეგ. ირანში იყო არჩევნები, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა არჩევნების შედეგად თითქოს ზომიერმა კანდიდატმა მოიგო. იგი არ გახლავთ ისეთი გაწონასწარებული ადამიანი, როგორც საერთაშორისო მედია წარმოაჩენს ხოლმე. ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ არის ცვლილება, მაგრამ მოცემულ მომენტში მთლად ასე არ ჩანს. ირანი კვლავინდებურად არ აღიარებს ისრაელის სახწელმწიფოს. მისთვის მიუღებელია მისი არსებობა. ირანელი ლიდერები ისრაელს მოიხსენიებენ "ავადმყოფ ძაღლად" ანაც "ახლო აღმოსავლეთის სიმსივნედ". ისინი უარყოფენ ჰოლოკოსტს, კვლავინდებურად უჭერენ მხარს "ჰამასს", "ჰისბოლას", ომს სირიაში, აწყობენ რეგიონში დესტაბილიზაციას, უარს არ ამბობენ ბირთული იარაღის პროგრამაზე. რუხანის გაპრეზიდენტების შემდეგ ირანში ადამიანის უფლებათა კუთხითაც არაფერი შეცვლილა. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომაც არ უნდა ვიყოთ შეწუხებული ირანში არსებული ვითარების გამო. "ღიმილიანმა პოლიტიკამ," რომელსაც ახლა ეწევა ბატონი რუხანი, შეიძლება გამოიწვიოს ირანისათვის ემბარგოს მოხსნა, რაც კარგი არ იქნება არა მარტო ისრაელისთვის, არამედ მსოფლიოსათვისაც. ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმაოდ კარგად მუშაობდა. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ირანელ ხალხთან, ჩვენ ირანთან გვქონდა დიპლომატიური ურთიერთობა 1979 წლამდე.ორიოდ სიტყვა მინდა ვთქვა ირანისა და საქართველოს ურთიერთობებზე. ახლახან ირანის მედიაში გამოქვეყნდა რუხანისთან საქართველოს ელჩის წარდგენის შესახებ ინფორმაცია. ამ შეხვედრაზე რუხანიმ ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ირანითვის ენერგორესურსების ტრანპორტირების საკითხებში ფოთის მნიშვნელობას. ისრაელი მადლიერია საქართველოს მთავრობის, რომელიც ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარს უჭერს და ისრაელთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობს. საქართველო არ უნდა შეცდეს და არ უნდა ჰქონდეს ირანზე ცრუ შთაბეჭდილება. ირანი მაქსიმალურად ცდილობს, იპოვოს გზები გვერდი უაროს სანქციებს, რომელიც მის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ დააწესა. მათთვის მთავრია, როგორმე გვერდი აუარონ სანქციებს და ბათუმისა და ფოთის გავლით გაიტარონ დასავლეთში თავისი ენერგომატარებლები. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საქართველოს მთავრობას, რომელიც კვლავინდებურად ემხრობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ირანისათვის დაწესებულ სანქციებს და ასევე იმისთვის, რომ აქტიურადაა ჩართული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
- ცოტა ხნის წინ, ისრაელის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქებისთვის უვიზოდ მიმოსვლის შესახებ, რამაც საქართველოში დიდი სიხარული გამოიწვია. თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ აისახა ეს გადაწყვეტილება საქართველოდან ისრაელში გამგზავრების მსურველთა რაოდენობაზე?
- ამ საკითხზე დიდი ხანი ვმუშაობდით და ძალიან მიხარია, რომ არც ისრაელსა და არც საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ ბანაკს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე განსხვავებული მოსაზრება არ აქვთ. ბოლო ორწელწადნახევარი ამ თვალსაზრისით ძალიან წარმატებული იყო. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ამ ურთიერთობეში გარკვეული ნახტომიც კი გავაკეთეთ. თუმცა, ეს პროცესი უფრო ადრე, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტიელბას, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ შევიდა ძალაში. ეს გახლდათ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაგრძელებისათვის ბუნებრივი ნაბიჯი. უკანასკნელ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯერ პრემიერ ივანიშვილის, ხოლო შემდეგ პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტი ისრაელში. პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტისას შეიქმნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უვიზო რეჟიმის დაწესება ძალიან ბუნებრივი მოვლენა იყო. უვიზო რეჟიმი ორი თვეა, მოქმედებს და უკევე შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ორ თვეში ისრაელში თითქმის იმის ნახევარი მოქალაქე წავიდა, რაც შარშან საერთოდ გაემგზავრა საქართველოდან ისრაელში. დარწმუნებული ვარ, ეს მონაცემები გაორმაგდება და გასამმაგდება კიდეც.
- რამდენადაც მახსოვს, ისრაელსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომისიას ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელმძღვანელობენ. ვიცით, რომ საქართველოს არა ერთი ებრაელი ბიზნესმენი სტუმრობდა, რომლებსაც საინტერესო ბიზნეს-პროექტებიც ჰქონდათ. ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რა სიახლეები გვაქვს ან შეიძლება გვქონდეს უახლოეს მომვალში?
- ეკონომიკური თანამშრომლობისათვის მხარეებმა ხელი მოაწერეს ისრაელსა და საქართვერლოს შორის პროტოკოლს, რომელშიც გაწერილია ის სფეროები, რომელშიც მხარეები თანამშრომლობენ ან შეუძლიათ, ითანამშრომლონ. საუბარია ვაჭრობის სფეროში ინვესტიციების, მწარმოებლებსა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობაზე, რეგიონული ინფრასტრუქტურა და მისი განვითარება, ენერგორესურსების სფერო, ნავთობი და გაზი, წყლის რესურსები, სოფლის მეურნეობა, საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი.ყოველწლიურად საქართველოს ისრაელიდან დაახლოებით 40 ათასი ტურისტი სტუმრობს, უკანასკნელ ორ თვეში საქართველოდან ისრაელში თითქმის იმის ნახევარი წავიდა, რაც წლის განმავლობაში მიემგზავრებოდა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას და მაშავს, ისრაელის განვითარების სააგენტოს საქმიანობას საქართველოში, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საელჩოსთან. იგეგმება სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის სფეროებში ახალ შეთანხმებაზე ხელის მოწერა. მაშავთან ერთად ვგეგმავთ საკონსულტაციო პროექტის განხორციელებას, რომელიც დაეხმარება საქართველოს სამხრეთ რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებიც დაკავებული არიან კარტოფილის მოყვანით. ეს არის პროგრამა, რომელიც მეკარტოფილეობაში დასაქმებულ ადამიანებს ასწავლის უფრო მეტი მოსავლის მიღებას.
რაც შეეხება ინვესტიციებს. მარტში ისრაელიდან იყო ჩამოსული პოტენციური ინვესტორების დელეგაცია, რომელთა შორის იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც დაინტერესებული არიან ინფრასტუქტურული, სოფლის მეურნეობაში განსახორციელებელი პროექტებით, ასევე სტანსპორტირებისა და გადაზიდვების სფეროებით. მათ შეხვედრა ჰქონდათ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. ებრაელი ბიზნესმენების მონაწილეობით თბილისში გაიმართა ინოვაციების დანერგვის ფორუმი. იმედი გვაქვს, რომ წელს მეტი ვიზიტები იქნება მინისტრების დონეზე და შესაბამისად, მეტი წინსვლა იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. პროტოკოლი, რომელზეც გვქონდა საუბარი რეალურად მუშაობს.
როდესაც ორ ქვეყანას შორის ბიზნესთანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მთავრობები ბიზნესმენების ნაცვლად ბიზნესს ვერ აწარმოებენ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავეხმაროთ ბიზნესმენებს და ამ პროცესში ფასილიტატორის როლი შევასრულოთ. ვფიქრობ, რომ ბიზნესმენებს შორის საქმიანი და კარგი ურთიერთობები მალე აეწყობა. დღეს ისრაელისდან სოფლის მეურნეობის სფეროში მყოფი ორი კომპანიიდან ორი შემოთავაზება მივიღე. ერთი კომპანია დაინტერესებულია მოახდინოს საქართველოდან ისრაელში ქართული პროდუქციის იმპორტირება, ხოლო მეორე კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ახალი ტექნოლოგიების ჩამოტანით. ბიზნესი ბიზნესთან უნდა ურთიერთობდეს.
- საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა გახლავთ უსაფრთხოების საკითხები. გაკეთდა არა ერთი განცხადება ისრაელსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე. გასაგებია, რომ ამ თემებზე პრესასთან საჯაროდ იშვიათად საუბრობენ, მაგრამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- უსაფრთხოების საკითხები არა მხოლოდ სამხედრო სფეროს მოიცავს. ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, დაზვერვა, შეფასება უსაფრთხოების საკითხებთანაა დაკავშირებული. საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებში ტაბუირებული თემები არ არსებობს.გასული წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალასანია იმყოფებოდა ისრაელში. ჩვენ მზად ვართ თანამშობლობისთვის და სხვადასხვა საკითხების განხილვისთვის. ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ჩვენი ქვეყნები საკმაოდ პროდუქტულად თანამშრომლობენ. საქართველო საკმაოდ ახლოსაა ახლო აღმოსავლეთთან. გეოგრაფიული სიახლოვე ბევრ რამეზე ახდენს გავლენას. კავკასიისა და საქართევლოს უსაფრთხოება ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთ ფენომენს, როგორიც ტერორიზმია საზღვრები არ გააჩნია.
დიახ, უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა და კვლავ აღვნიშნავ, რომ უსაფრთხოების საკითხებში ისრაელსა და საქართველოს შორის ტაბუდადებული თემები არ არსებობს.
მე ვთქვი, რომ ისრაელი ახლო აღმოსვლეთში დემოკრატიის, სტაბილურობის ეკონომიკური განვითარების კუნძულია. აქვე მინდა ვთქვა, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში ასევე არის განსაკუთრებული ქვეყანა. ჩვენ ერებს ურთიერთობები გაცილებით მეტი ხანია, აქვთ, ვიდრე ჩვენს სახელმწიფოებს. ჩვენ ერებს შორის ურთიერთობამ ბევრად განაპირობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის კარგი ურთიერთობა. ალბათ სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობის დღეები ერთსა და იმავე თვეშია და თარიღებიც ერთმანეთთან ახლოსაა. ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენი სააგენტოს საშუალებით წინასწარ მინდა მიულოცო ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის მოახლოებული დღე.
- მადლობა მოლოცვისა და საინტერესეო საუბრისთვის.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"