lragir.am - ქართულმა მხარემ სომხეთსა და რუსეთს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე უარი უთხრა

სომხური საინფორმაციო პორტალი lragir.am-ის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ სომხეთსა და რუსეთს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე უარი უთხრა.

გამოცემა წერს, რომ "როგორც ჩანს, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი თბილისიდან ხელცარიელი დაბრუნდა", ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ ინფორმაციაში არ იყო კარგი ცნობები ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენისა და სომხეთსა და საქართველოს შორის "არასაბაჟო საზღვრის" შესახებ.

"რაში სჭირდება საქართველოს აფხაზური რკინიგზა და აფხაზეთთან შერიგება?! ზუსტად ერთ კვირაში თბილისი ევროპული საბაჟო სივრცის ნაწილი და ევროატლანტიკური პასუხისმგებლობის ზონა გახდება. დასავლური პოლიტიკა ახლა მიმართულია რუსეთისა და მისი გაერთიანების ბლოკირებისკენ და საქართველოს არ აქვს არანაირი მოტივი, ამ პოლიტიკის წინააღმდეგ წავიდეს და დაეხმაროს რუსეთს, სომხეთსა და ირანს დაუკავშირდეს. საქმე ეხება არა მხოლოდ სარკინიგზო მიმოსვლას, რომელიც ერთ-ერთ არგუმენტად სახელდება სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ იმასაც, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვარი გახდება საზღვარი ევროპულ და ევრაზიულ საბაჟო სივრცეებს შორის. სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას საბაჟო გადასახადების გაზრდა მოჰყვება, რასაც ერევანი არ უარყოფს. თუ ამას დაემატა უთანხმოება საქართველოსთან რუსეთიდან სომხეთში ტვირთების დაუბეგრავად გადაადგილებასთან დაკავშირებით, მაშინ საქონლის ღირებულება სომხეთში მკვეთრად გაიზრდება", - წერს ლრაგირ.ამ და დასძენს, რომ როგორც ჩანს, სერჟ სარგსიანმა ვერ მოახერხა, დაერწმუნებინა ქართული მხარე ტრანზიტის ბაჟისგან გათავისუფლების შესახებ.

"ამ დრომდე საქართველო ცდილობდა, დიდად არ შეწინააღმდეგებოდა რუსეთს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, როცა ის ევროატლანტიკური უსაფრთხოების ზონაში შევა, არაერთი საფრთხე საქართველოსთვის ნიველირებული იქნება. საქართველოს არ დარჩება არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ ხელი არ შეუშალოს რუსულ პროექტებს", - ნათქვამია სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტამდე სერჟ სარგსიანი შეხვდა "რუსეთის სარკინიგზო გზების" პრეზიდენტ ვლადიმერ იაკუნინს, რომელმაც განაცხადა, რომ "ქართულ-აფხაზური კორიდორის გავლით" სომხეთ-რუსეთის" დამაკავშირებელი რკინიგზის ამოქმედებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ეს საკითხი უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

ოფიციალურ თბილისი კი ირწმუნება, რომ სერჟ სარგსიანის ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე "არც ერთი სიტყვა არ თქმულა".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში