ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია დიდი ქართველი მეცნიერის, პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის მიხეილ (მიხაკო) წერეთელის ხელნაწერთა 15 ტომი, რომელთა უმეტესობა გამოუქვეყნებელია.
როგორც ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აცხადებენ, დღეს, 11:00 საათზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართება, რომლის თემა ბიბლიოთეკის საცავებში აღმოჩენილი უდიდესი ეროვნული სიმდიდრე - მიხაკო წერეთელის ხელნაწერები იქნება, რომელთა უმეტესობა უცნობია მკვლევარებისა და ფართო საზოგადოებისთვის. პრესკონფერენციაზე ეს უდიდესი განძიც იქნება წარმოდგენილი.
პრესკონფერენციაზე აღმოჩენის მნიშვნელობაზე მიხაკო წერეთლის მემკვიდრეობის შემსწავლელი კომისიის წევრები ისაუბრებენ. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისთვის ხელნაწერთა მნიშვნელობასა და ამ ფასდაუდებელი საგანძურის დაცვისა და შენახვის თაობაზე ბიბლიოთეკის დირექტორიც ისაუბრებს. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შერვაშიძე, დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელი, თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მიხაკო წერეთლის მემკვიდრე და მეცნიერები დაესწრებიან.
მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (23.12.1878–02.03.1965) ცნობილია როგორც ქართველი მეცნიერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ახალგაზრდობაში პოლიტიკურ საქმიანობას აქტიურად ეწეოდა. სხვადასხვა დროს იყო საზღვარგარეთ მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციების "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" და "თეთრი გიორგის" ლიდერი. სამეცნიერო თვალსაზრისით მიხაკო წერეთელი იყო პირველი ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, სოციოლოგიური მეცნიერებების ფუძემდებელი საქართველოში, რუსთველოლოგი, ემიგრანტი მეცნიერი, რომელიც თავის შრომებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე წერდა. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია მისი 4 გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომის ხელნაწერი და მისი ფართოდ გავრცელებული პუბლიკაციის "შუმერული და ქართული" გერმანული ვერსიის სამუშაო არქივი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"