ყვითელი "მარშრუტკებიდან" მძღოლები გარბიან
რატომ არ უშვებს ევროკავშირი ქართველებს უვიზოდ, როცა მოლდაველებს ამის პრობლემა არ აქვთ?
ზურაბ აბაშიძე - რუსეთთან ურთიერთობას "სუფთა ფურცლიდან" ვერ დავიწყებთ
***
ყვითელი "მარშრუტკებიდან" მძღოლები გარბიან
"შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, "თბილისის მიკროავტობუსიდან" მძღოლები გარბიან. როგორც "რეზონანსმა" შეიტყო, მარტო ერთი სამარშრუტო ხაზიდან 7 მძღოლი წავიდა, რასაც "თბილისის მიკროავტობუსში" არ ადასტურებენ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მძღოლებს პრობლემები არ შექმნია და რეალურად არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც კომპანიიდან მძღოლის წასვლას დაადასტურებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ყვითელი "მარშრუტკებიდან" მძღოლები გარბიან / "ყველა ხარჯი ჩვენს კისერზეა, ამიტომ ვერც ფინანსურად და ვერც ფიზიკურად ვეღარ ვუძლებთ".
"ერთ-ერთი პრობლემა, რაზეც "თბილისის მიკროავტობუსებში" ასახელებენ, მიკროავტობუსში კონდიციონერის ჩართვას უკავშირდება. კომპანიის პრესცენტრის ცნობით, კონკრეტულ ფაქტებზე სანქციები ტარდება და რამდენიმე მძღოლი დაჯარიმდა კიდეც. თუმცა, რამდენი მძღოლია დაჯარიმებული და რა სანქციები გატარდა, არ სახელდება.როგორც მძღოლები აცხადებენ, კონდიციონერი არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც მათ აწუხებთ. ისინი კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ორგანზიაციის მხრიდან ელემენტარული კონტროლიც არ არსებობს და დღემდე გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა. მიკროოავტობუსებში შექმნილ პრობლემებს მძღოლები გაუმართავ სისტემას უკავშირებენ, რის გამოც მგზავრები ზარალდებიან, ხოლო სიტუაციის გამოსასწორებლად რეალურად არაფერი კეთდება. ბოლო დროს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში დიდი პრობლემად იქცა კონდიციონერი, რომელიც მუდმივად გაუმართავია და მგზავრების უკმაყოფილბას იწვევს", - აღნიშნავს გამოცემა.
"კომპანიის არაერთ განცხადებას, რომ კონდიციონერები მასობრივად შეაკეთეს, მძღოლები მორიგ სიცრუეს უწოდებენ. მათი მტკიცებით, შემოწმება საერთოდ არ ჩატარებულა და მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა. პრობლემა მხოლოდ კონდიციონერს არ უკავშირდება. მძღოლებს გაუმართავი მიკროავტობუსებით უწევთ გადაადგილება და დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე მუშაობენ, რაც ამ ადამიანებისა და მგზავრებისთვის სარისკოა. მიკროავტობუსის ერთ-ერთი მძღოლი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, "რეზონანსს" ესაუბრა პრობლემებზე, რასაც ის და ასობით მისი კოლეგა ყოველდღიურად აწყდება. უკმაყოფილო მძღოლის ინფორმაციით, ბოლო თვის განმავლობაში, მარტო ერთი სამარშრუტო ხაზზე, სამუშაო შვიდმა მძღოლმა დატოვა - მათ პირობებს ვერ გაუძლეს და გაიქცნენ", - წერს სტატიის ავტორი.
"მძღოლი ამბობს, რომ "თბილისის მიკროავტობუსების" მხრიდან ელემენტარული ხელშეწყობაც არ აქვთ, რის გამოც მათი საქმიანობა ინტერესს კარგავს. "მხოლოდ კონდიციონერის გაუმართავობა რომ იყოს, კიდევ გაუძლებდა კაცი, თუმცა აქაც იტყუება კომპანია, როცა პრესასთან აკეთებს განცხადებს და მძღოლებს სანქციებით ემუქრება. არც ერთი მძღოლი ამ მიზეზით არ დაუჯარიმებიათ და ამას ვერც გააკეთებენ. დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ თითქმის ყველა სამარშრუტო ტაქსში კონდიციონერი ყველგან გაუმართავია და რომელი ერთი უნდა დააჯარიმონ? კონტროლსაც არ ახდენენ, არც აინტერსებთ, რეალურად რა ხდება და რა პრობლემებია ამ სისტემაში. ერთხელ არ მოსულან, რომ სიტუაცია შეესწავლათ. გაცვეთილი საბურავებით დავდივართ, როდის რა დაგვემართება, კაციშვილმა არ იცის. ერთი მიზანი აქვთ, რომ ჩვენგან ფული აიღონ. ეს ერთადერთია, რისი კონტროლიც "თბილისის მიკროავტობუსს" არ ავიწყდება. ძველი დრო დაბრუნდა, არც მეტი, არც ნაკლები; უარესიც - სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კონტროლი მაინც ხდებოდა, ესეც მიატოვეს. მხოლოდ ერთი განსხვავებაა: სააკაშვილის დროს ხმის ამოღებას ვერ ვბედავდით, ახლა უკმაყოფილებას გამოვხატავთ, ვაპროტესტებთ კიდეც, მაგრამ შედეგი არც ახლა გვაქვს", - ამბობს უკმაყოფილო მძღოლი.
"გაუმართაობის გამო მიკროავტობუსები სისტემატურად გამოდიან მწყობრიდან, მათი შეკეთებაც მძღოლების კისერზეა და ვინც ვერ ახერხებს, გარბის. მძღოლების თქმით, დედაქალაქის ტერიტორიიდან "მარშრუტკებმა" შემოგარენისკენ გადაინაცვლეს, სადაც მეტი სარგებელიც აქვთ. ამასთან, იყიდება ადგილები, რაზეც "თბილისის მიკროპავტობუსშიც" იციან, მაგრამ თვალს განგებ ხუჭავენ და ეს პროცესი რეაგირების მიღმა რჩება. ყოველდღიურად 1800 მანქანა გამოდის, ამ ზაფხულში ცოტა შემცირდა. ყველა ხარჯი ჩვენს კისერზეა. ამიტომ ვერც ფინანსურად და ვერც ფიზიკურადაც ვეღარ ვუძლებთ. გამკითხავი არავინაა, სრული ქაოსია ამ სისტემაში და ამ პრობლემით ხელისუფლება საფუძვლიანად უნდა დაინტერესდეს. ყვითელი მიკროავტობუსების შენახვა კომპანიას ერთი თეთრიც არ უჯდება. სამუხრუჭე ხუნდების პრობლემის გამო 3 მანქანა გაჩერდა. ერთი კბილანა 900 ლარი ღირს, დეფიციტია დედაქალაქში და მანქანების შეკეთება ვერ ხერხდება. უბედურება ისაა, რომ გაკეთებოდან ერთ კვირაში ფუჭდება, ვერაფერი გაუგეს. შაბათ-კვირას სრული ქაოსია. მძღოლები ხედავენ რომ ვალი ედებათ და ვერ გამოდიან, ვერც ძალას ატანენ და ამ დროს მგზავრი ზარალდება, აბსოლუტურად უკონტროლო სიტუაციაა. ადრე ხაზები იყიდებოდა, ახლა კიდევ ადგილები, ზეპირად იცის ყველამ, მაგრამ რეაქცია არ აქვთ. მგზავრობა 50 თეთრი რომ ღირდა, ხუთჯერ მეტი შემოსავალი მქონდა, სამუშაოც იყო, ახლა ყველას გაქცევისკენ გვიჭირავს თვალი. დავით ნარმანია შეგვპირდა, რომ მიდგომა შეიცვლება, ახლა ამის იმედი გვაქვს, მხოლოდ ეს გვაკავებს", - აცხადებს მიკროავტობუსის მძღოლი.
"ის, რომ "თბილისის მიკროავტობუსში" პრობლემებია, თბილისის საკრებულოსთვის უცხო არ არის. საკრებულოს დეპუტატის, ფრაქცია "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ "თბილისის მიკროავბტობუსების" კაბალური ხელშეკრულება გადასახედია. "ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც დავით ნარმანიამ მთავრობის კანდიდატები დასამტკიცებლად წარადგინა, პირველ რიგში, "ყვითელ მიკროავტობუსებთან" დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოვითხოვე. ჩემი მოთხოვნაა, გადაიხედოს ხელშეკრულება. მძღოლებს უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად აქვთ, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ისინი არიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, იმდენად აუტანელ პირობებში უწევთ მუშაობა. აბსოლუტურად არ გაემტყუვნებათ. ელემენტარულად, დაუსრულებელი მსჯელობაა კონდიციონერის ჩართვაზე, 21-ე საუკუნეში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასეთი პრობლემა არსებობდეს, სირცხვილია. სხვა რომ არაფერი, მგზავრებით გადაჭედილი მიკროავტობუსის გადაადგილება სახიფათოა, შეიძლება, ცუდად დასრულდეს. პასუხისმგებლობა ეკისრება არა მძღოლს, არამედ კომპანიას, რომელის გამოც სატრანსპორტო სისტემა ქვეყანაში გაუმართავია. თბილისის მასშტაბით არ მეგულება კმაყოფილი მძღოლი, რომელსაც თავისი სამუშაო პირობები მოსწონდეს. არ მეგულება არც ერთი კმაყოფილი მგზავრი, ვინც მომსახურების ამ სფეროზე კარგს იტყვის. მძღოლებს, ელემენტარულად, რადიომიმღების ჩართვის შესაძლებლობა არ აქვთ, რაც ტრეფიკინგის ტიპიური მაგალითია", - აცხადებს ოგბაიძე და დასძენს, რომ "თბილისის მიკროავტობუსებში" არსებული პრობლემების მოგვარებით პირადადაა დაინტერესებული.
"თბილისის მიკროავტობუსის" კაბალური ხელშეკრულება გადასახედია. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, გამოვიკვლიოთ მძღოლების უკმაყოფილების მიზეზი, შედეგად იმ ადამიანების ნეგატიური განწყობა, რასაც მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უქმნით. ამ საკითხს, როგორც კი ახლადაკომპლექტებული მთავრობა მუშაობას აქტიურად შეუდგება, მივხედავთ და მძღოლთა უფლებების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ. თბილისის მერისგან გვაქვს მხარდაჭერაც, ის პირადად დაინტერესებულია ამ პრობლემის მოგვარებით. დიდი იმედია, პასუხი გაეცემა ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას "თბილისის მიკროავტობუსის" მიმართ დაუგროვდა", - აცხადებს ოგბაიძე.
რატომ არ უშვებს ევროკავშირი ქართველებს უვიზოდ, როცა მოლდაველებს ამის პრობლემა არ აქვთ?
"ასოცირების შესახებ შეთანხმება სამართლებრივად ვალდებულებებს გვაკისრებს. საქართველო, რომელიც ამიერიდან უნდა მოვიხსენიოთ, როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, ვალდებულია, იხელმძღვანელოს იმ საერთო ღირებულებებით, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, და ხელი შეუწყოს მათ დამკვიდრებას. ამ შეთანხმებით საქართველო იღებს შესაბამის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულებას; ასევე, ვალდებულებას, შესაბამისად, განავითაროს თავისი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა. ევროკავშირი, თავის მხრივ, აღნიშნულის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს გაუწევს შესაბამის პოლიტიკურ, ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას. შეთანხმების ზოგიერთ თავს ახლავს 34 დანართი, რომელშიც მოცემულია ევროკავშირის კონკრეტული სამართლებრივი აქტები და მათთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების ვადები. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება მოხდება ეტაპობრივად, შეთანხმებული ვადების მიხედვით", - აცხადებს გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზვიად კვაჭანტირაძე.
"შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირეული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან: სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, სახელმწიფო შესყიდვები, საბაჟო და მომსახურებითი ვაჭრობა, ელექტრონული კომუნიკაცია, ფინანსური მომსახურება, ტრანსპორტი, ფოსტა და საკურიერო მომსახურება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად კვაჭანტირაძე.
"სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფორმატში მიმდინარეოს და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შემოღებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ, შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ოპტიმისტური გათვლებით, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის შემდეგ სამიტზე, რიგაში, 2015 წელს, ვიმედოვნებთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და მისი იმპლემენტაციაც 2016 წელს, ყველაზე გვიან 2017 წლიდან დაიწყება", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ევროკავშირთან მიმდინარე სავიზო დიალოგის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიგრაციული პროცესების ეფექტიან მართვას. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელიც ძალაი შევა 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან. ზემოაღნიშნული პრიორიტეტებისა და ფაქტორების გათვალისწინებით, ეს კანონი სავიზო რეჟიმის გამკაცრებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ ქვეყანაში შემომავალ უცხოელთა ნაკადების უკეთესი მართვისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზისა და მექანიზმების შექმნას. აღნიშნული კანონის შემუშავება განაპირობა უკიდურესად ღია სავიზო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში წარმოშობილმა მოუწესრიგებელმა იმიგრაციულმა პროცესებმაც. ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, უცხოელთა საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლები გადაიხედება", - დასძენს ზვიად კვაჭანტირაძე.
ზურაბ აბაშიძე - რუსეთთან ურთიერთობას "სუფთა ფურცლიდან" ვერ დავიწყებთ
"რუსეთთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან ვერ დავიწყებთ. ამ ქვეყანასთან ჩვენ მაინც საუკუნოვანი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ახალი გვერდი გადავშალეთ. 2012 წლიდან დავიწყეთ დიალოგი, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა. ვნახოთ ახლა პოლიტიკური თვლასაზრისით ეს რა შედეგს გამოიღებს და შემდეგ ეტაპზე უკვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირება უნდა დავიწყოთ," - აცხადებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე "რეზონანსთან" საუბრისას.
"რუსეთს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა არ გაუუქმებია ჯერ. ასეთი ინფორმაცია გავრცელდა მედიაში, მაგრამ რუსეთს ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. რამდენადაც მე ვიცი, ეს ინიციატივა ჯერ საექსპერტო დონეზე განიხილება. არ მგონია, რომ ეს განსაკუთრებულ ზიანს მოგვიტანს, რადგან არ ნიშნავს სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტას. სხვა რეჟიმში ვივაჭრებთ, ისე, როგორც ვაჭრობენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში. ტარიფები შეიცვლება, მაგრამ ვაჭრობა თავისთავად გაგრძელდება", - ამბობს ზურაბ აბაშიძე.
"დაპირისპირება აშკარად ესკალაციის გზით წავიდა, მაგრამ ჯერ წინა პლანზე მაინც ეს სავაჭრო, ეკონომიკური და ფინანსური სანქციებია. რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნებიდან პროდუქციის შემოტანაზე შემოღებული სანქციები, რა თქმა უნდა, იმოქმედებს გარკვეულწილად იმ კომპანიებზე, რომლებიც ამ გზით ვაჭრობდნენ, მაგრამ საშუალო პერსპექტივაში, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი და დასავლეთთან ეკონომიკური კონფრონტაცია რუსეთს უფრო დააზიანებს. დასავლეთს უფრო დიდი რესურსი აქვს ასეთი კონფრონტაციისთვის, თუმცა მათ რიგებშიც ყოველთვის ერთსულოვნება არ არის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე.
"თვითონ პუტინის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ეს შეზღუდვა ერთი წელი გაგრძელდება, მაგრამ თუ უკრაინაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, დასავლეთი და რუსეთი კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდებიან, მაშინ შესაძლებელია, როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის მხრიდან ეს სავაჭრო-ეკონომიკური კონფრონტაცია შერბილდეს, ან სულაც მოიხსნას, მაგრამ ჯერ ამის მოცემულობა არ არის და ვითარება უფრო ესკალაციისკენ მიდის", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რაც შეეხება უკრაინის მოვლენებს, სამწუხაროდ, მაინცდამაინც კარგი პროგნოზი არ მაქვს. უკრაინა ემზადება, ასე ვთქვათ, საბოლოო აქციებისთვის ანტიტერორისტული ოპერაციის თვალსაზრისით. თუ რა შედეგს გამოიღებს ეს და რამდენად წარმატებული იქნება, ამას დავინახავთ უახლოესი ერთი თვის მანძილზე. როგორც ჩანს, რუსეთის მხარეც არ აპირებს უკან დახევას და ეს ძალიან საშიშ ვითარებას ქმნის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ზოგადად ევროპის კონტინენტზე. ასეთი საშიში ვითარება ყველას ემუქრება, მათ შორის ჩვენც, რადგან ეს ჩვენგან შორს არ არის. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის ევროპულ არჩევანს", - განმარტავს ზურაბ აბაშიძე.
"რუსეთთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან ვერ დავიწყებთ. ამ ქვეყანასთან ჩვენ მაინც საუკუნოვანი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ახალი გვერდი გადავშალეთ. 2012 წლიდან დავიწყეთ დიალოგი, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა. ვნახოთ ახლა პოლიტიკური თვლასაზრისით ეს რა შედეგს გამოიღებს და შემდეგ ეტაპზე უკვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირება უნდა დავიწყოთ. რაღაც წინსვლა უკვე გვაქვს, მაგალითად, სატრანსპორტო კავშირიც აღდგა, დეესკალაცია მოხდა და კონფრონტაცია შემცირდა, მაგრამ რაც შეეხება კონფლიქტურ რეგიონებს, აქ ჯერ წინსვლა არ გვაქვს და ამასთან დაკავშირებული თემატიკა განიხილება ჟენევაში, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატია", - დასძენს რესპონდენტი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"