ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში, 26 მაისის ქუჩაზე, 90 ნომრიდან 100-ის ჩათვლით მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ უხვმა ნალექმა მათ განსაკუთრებით დიდი ზარალი მიაყენა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მოსახლეობამ აცნობა, პირველ სართულზე განთავსებული როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი ფართები ერთ მეტრზე წყლითაა დაფარული. ერთ-ერთი მცხოვრების, ირინა წულუკიძის თქმით, უბნის მაღაზიებში სურსათი, სალონის ინვენტარი და სტომატოლიგიური კლინიკის აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა, ხოლო საცხოვრებელ სახლებში საყოფაცხოვრებო ტექნიკა და რბილი ავეჯი დაზიანდა.
"ჩვენს უბანში აღარ ფუნქციონირებს სასურსათო მაღაზიები. მარკეტებში პროდუქტები წყალში ცურავს. მაღაზიის წინ ქუჩაში განთავსებული სწრაფი გადახდის აპარტი კი წყლის ძლიერმა ნაკადმა წააქცია და გვერდით მდგარ მანქანას დაეცა. პირველ სართულზე მცხოვრებლები ავედით მეორე და მესამე სართულზე მცხოვრებ მეზობლებთან და სავარაუდოდ აქ მოგვიწევს ღამის გათენება", - აცხადებს წულუკიძე.
მისივე თქმით, 26 მაისის ქუჩაზე მამაკაცმა გააჩერა "BMW"-ს მარკის "X5", თუმცა, წყლის ნაკადის მოვარდნის შემდეგ ავტომობილი წყლით გაივსო და ძრავი აღარ ამუშავდა.
როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სააგენტოს უფროსმა მამუკა თურმანიძემ "ინტერპერესნიუსს" განუცხადა, ე.წ. ჭაობის დასახლების 80% დატბორილია და მოსახლეობას დიდი ზარალი მიადგა.
"პირველ სართულებზე წყალია დაგუბებული. მსხვერპლი საბედნიეროდ არ გვაქვს, თუმცა, ზარალი საკმაოდ დიდია. დაზიანდა კერძო ქონება, ელექტროაპარატურა და ავტომობილები. წყლით გაივსო როგორც გაჩერებული ავტომანქანები, ასევე ქუჩაში მოძრავიც", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
მისივე თქმით, აჭარის მუნიციპალიტეტებიდან მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, ასევე თბილისადან ბათუმის მიმართულებით მიემართება შს სამინისტროს 4 ეკიპაჟი შესაბამისი აღჭუვილობით და ამინდის გამოსვლისთანავე დაიწყება ამოტუმბვითი სამუშოები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"