ლოტკინზე, ზღვის უბნის კორპუსების მცხოვრებთა დავის განხილვა მერიის კომპეტენცია არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძემ განუცხადა.
გოგლიჩიძის თქმით, გაურკვეველია რატომ ტარდება ზღვის უბნის კორპუსებში ამჟამად მცხოვრებთა აქცია დედაქალაქის მერიის შენობასთან. გოგლიჩიძის თქმით, საკითხის განხილვა მერიის კომპეტენციას სცილდება. მისივე თქმით, ეს არის კერძო სუბიექტებს შორის დავა და საბოლოო ჯამში სასამართლოს განსახილველია.
"როდესაც ჩვენი ჩარევა იქნება საჭირო, ჩავერევით. სხვა შემთხვევაში კანონმდებლობას ვერ დავარღვევთ. მოუწოდებთ მათ დაიცვან კანონმდებლობა და ნუ ცდილობენ მერია ჩაითრიონ ამ პროცესებში", - აღნიშნა ალუდა გოგლიჩიძემ.
მისივე თქმით, მათ შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და სწორედ ეს დასკვნა გამოიტანეს.
ზღვის უბნის კორპუსების მცხოვრებლებმა დღეს თბილისის მერიის წინ აქცია გამართეს, ისინი დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.