აღკვეთი ღონისძიების შეფარდებების შესახებ მოსამართლეების გადაწყვეტილება თვითნებურად გამოიყურებოდა და სასამართლოს მიუკერძოებლობის თაობაზეეჭვს ბადებდა, - ამის შესახებ ნათქვამია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საქართველოში სასამართლო სისტემის მუშაობაზე დაკვირვების ანგარიშში, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების გახმაურებულ საქმეებს ეხება.
ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის რამოდენიმე საქმეზე მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება დაპატიმრების აღკვეთის ღონისძიებად შეფარდების თაობაზე თითქმის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, იმის მითითების გარეშე თუ რატომ უნდა დაქვემდებარებოდა ბრალდებული ასეთ ზომას.
"მოსამართლეებმა უარყვეს შუამდგომლობა დაპატიმრების გაუქმების ან სხვა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, გაიზიარეს რა ბრალდების მხარის მოთხოვნა სასამართლო სხდომაზე ვადის გაგრძელების შესახებ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მიუთითეს ბრძანებაში დადგენილი პატიმრობის საფუძველი მხოლოდ აბსტრაქტულად. მრავალ შემთხვევაში მოსამართლეები არ პასუხობდნენ დაცვის არგუმენტებს პატიმრობის ვადის გაგრძელების წინააღმდეგ და არ ხსნიდნენ, თუ რატომ არ იყო საკმარისი ნაკლებად მკაცრი ღონისძიება. შესაძლოა, რომ მტკიცებულება შეიცავდა პატიმრობის შეფარდების საფუძველს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მაგრამ საკმარისი დასაბუთების გარეშე, ეს გადაწყვეტილებები
თვითნებურად გამოიყურებოდა და ეჭვს ბადებდა სასამართლოს მიუკერძოებლობის თაობაზე", - ნათქვამია კვლევაში.
ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის რამოდენიმე საქმეზე წერილობით განჩინებებს პატიმრობის შესახებ შეიცავდნენ გარკვეულ დასაბუთებას, თუმცა ეს საკმარისი არ იყო მხარეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტების განსახილველად და არ შეიცავდა შეფასებას, თუ რამდენად გამართლებული იყო პატიმრობის ვადის გაგრძელება სასამართლოპროცესის დარჩენილი ვადით, რამდენად თანაზომიერი იყო შეფარდებული ღონისძიება და თუ შეიძლებოდა ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება, ან არსებობდა თუ არა დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი.
"სასამართლო პროცესებზე დაკვირების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ დაპატიმრების შესახებ სასამართლო განჩინების გაცემის შემდეგ წინასასამართლო ეტაპზე, იგი რჩებოდა ძალაში კანონით დაწესებულ მაქსიმალური ვადით, ანუ ცხრა თვით და ამდენად შუამდგომლობის ინიცირება და დასაბუთება მისი გაუქმებისა ან ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ დამოკიდებული იყო დაცვის მხარეზე. მიუხედავად იმისა, რომ მისაღებია პატიმრობის ან ხელმეორედ დაპატიმრების მაქსიმალური ვადის დაწესება, ეს ბუნებრივია არ უნდა იქნას გაგებული თითქოს იგი ავტომატურად ამართლებდეს ცხრა თვის ვადით თავისუფლების შეზღუდვას. საქართველოს კანონმდებლობაში პერიოდულად გადახედვის მექანიზმის არარსებობა ნიშნავს, რომ არსებული სისტემის მიხედვით, პატიმრობის გაუქმება შესაძლებელია სხვა აღკვეთის ღონისძიებით შეცვლით, დაცვის მხარის შუამდგომლობი საფუძველზე. ამგვარი შუამდგომლობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საჭიროებს "ახალი გარემოების" დასაბუთებას, რაც ამ გარანტიის შეზღუდვას წარმოადგენს. ამასთანავე, ვალდებულება თავისუფლების უფლების წართმევის დასაბუთებისა ყოველთვის ეკისრება ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც უნდა დაასაბუთონ პატიმრობის გამოყენების საჭიროება, თანაზომიერება და მიზანშეწონილობა პატიმრობის მთლიანი ვადის განმავლობაში", - ნათქვამია ანგარიშში.
მისი ავტორები აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა სარწმუნოდ უნდა დაადგინონ კონკრეტული ფაქტების არსებობა, რომლებიც ასაბუთებენ დაპატიმრების უწყვეტობის აუცილებლობას და შეაფასონ აკმაყოფილებს თუ არა დაპატიმრება ან ნაკლებად მკაცრი ღონისძიება თანაზომიერების მოთხოვნას.
"სასამართლო პროცესის მონიტორინგის შედეგები ზემოთ მოყვანილ ფაქტებთან ერთად მეტყველებენ იმაზე, რომ საჭიროა არა მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გადახედვა, არამედ ამ სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაც. დაკავების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთება მნიშვნელოვანია ბრალდებულისთვის, რათა მან გაიგოს თუ რატომ იქნა ესა თუ ის ზომა შეფარდებული და ეფექტურად ისარგებლოს გასაჩივრების უფლებით. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში არასაკმარისად წარმოდგენილი დასაბუთება აგრეთვე აფერხებს მის ეფექტურად განხილვას ზემდგომ ინსტანციაში", - ნათქვამია ანგარიშში.
მონიტორინგ 14 საქმეზე 2013 წლიდან ხორციელდებოდა.