წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ წირვა აღავლინა და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანაშვიდი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გადაიხადეს.
სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ლოცვას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. დაღუპულთა ხსნოვნას პატივი მიაგეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა. ეკლესიაში ასევე იმყოფებოდნენ, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები და თანამებრძოლები.
"დღეს შედგა ჩვენი დაღუპული მებრძოლების, გმირების სულის მოსახსენიებელი წირვა და პარაკლისი. თითოეული ჩვენი მოქალაქის, მით უმეტეს, თითოეული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის ვალია გვახსოვდეს ის გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც შეგვიძლია ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ მათ ოჯახებს და რა თქმა უნდა, ასეც მოვიქცევით. უახლოეს მომავალში შედგება ჩემი შეხვედრა დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებთან. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია 2008 წელს გმირულად დაღუპული ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით შენდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"