ექსპერტი ლევან ჩაჩუა ჟურნალისტებს მიმართავს

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურორებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. მომდევნო პროცესზე კი საბოლოო სიტყვას დაცვის მხარე იტყვის.

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე ბრალდებულმა ლევან ჩაჩუამ, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის პატიმრობიდან გათავისუფლებული, განცხადება გააკეთა. ჩაჩუამ მედიის წარმომადგენლებს პროცესის დასრულებამდე ზედმეტი კომენტარებისგან თავის შეკავება ურჩია.

როგორც ჩაჩუამ აღნიშნა, ბოლო კვირის განმავლობაში, არა ერთი ტელევიზიის მეშვეობით მომზადდა მასალები, სადაც გამოყენებული იყო ისეთი ადამიანების კომენტარები, რომლებსაც საქმესთან შეხება არ აქვთ და ინფორმირებულები არ არიან. ჩაჩუა მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს სასამართლოს მიმდინარეობას. როგორც ბრალდებულმა ექსპერტმა აღნიშნა, იგი სწორედ ამ მოტივით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

"ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ჟურნალისტისთვის კომენტარი არ გამიკეთებია. სათქმელი მეც ძალიან ბევრი მაქვს და ყველაფერს მას შემდეგ ვიტყვი რაც სასამართლო პროცესები დასრულდება. ორი სამი პროცესი, მაქსიმუმ ერთი თვეა დარჩენილი საქმის განხილვის დასრულებამდე და ვთხოვ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გვამების განყოფილების ხელმძღვანელ ლევან ჩაჩუას ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედება. როგორც პროკურორებმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნეს, ექსპერტმა არაჯეროვნად აღწერა ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების დათვალიერებისას მათზე არსებული დაზიანებები.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ცხედრებზე საეჭვო უბნები არსებობდა და ექსპერტმა მხოლოდ ზურაბ ჟვანიას ტუჩის არეში მიყენებული დაზიანება აღწერა. პროკურორების განცხადებით, ექსპერტს დასკვნაში არ აღუწერია ის დაზიანებები, რომელიც რაულ უსუპოვს ხელის არეში და მკერდის არეში ჰქონდა, ზურაბ ჟვანიას კი, თავის ქალის არეში.

ამასთან,  შემდეგი პროცესი 2 მარტს გაიმართება, სადაც თავის პოზიციას დაცვის მხარე წარმოადგენს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ