შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით მიღება გამართა.
ღონისძიება სამეფო უბნის თეატრში მოეწყო. მიღებას დაესწრნენ შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი, დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა რუდოლფ შოხმა. თანამედროვე ცეკვის მკვლევარი ხათუნა მზარელუა კი აუდიტორიას თანამედროვე ცეკვის შესახებ ესაუბრა და დადგმა წარუდგინა.
მიღებაზე კულტურისა და ხელოვნების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული, თანამედროვე ცეკვის ფესტივალის წარმოდგენა მოეწყო. ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის დადგმაში სახელწოდებით - "გაფრინდი შავო მერცხალო" ექვსი მოცეკვავე და ორი ვოკალისტი მონაწილეობდა.
როგორც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა რუდოლფ შოხმა აღნიშნა, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან რეგიონული ოფისების წარმომადგენლების მონაწილეობით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა იყო დაგეგმილი, ბოლო მომენტში ეს შეხვედრა გაუქმდა, თუმცა პერფორმანსის გაკეთება მაინც გადაწყდა. მათ ფართო საზოგადოება მოიწვიეს და გაზაფხულის დადგომა პერფორმანსით აღნიშნეს.
"ძალიან სიმბოლური იყო, როდესაც მერცხალი ბრუნდება, გაზაფხული მოდის. ვფიქრობ, ძალიან კარგად მოუხდა ეს ყველაფერი ერთმანეთს. ძალიან მომეწონა პერფორმანსი. ნამდვილად განსაკუთრებული იყო", - აღნიშნა რუდოლფ შოხმა.
პერფორმანსი "ნამდვილ საოცრებად" შეაფასა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, გიუნტერ ბეხლერმა. "ჩემზე ნამდვილად ძალიან იმოქმედა, ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან ემოციური, საინტერესო და ამაღელვებელი იყო. საოცრად ქართული, მაგრამ ძალიან თანამედროვე", - აღნიშნა გიუნტერ ბეხლერმა.
პერფორმანსის გარდა, სამეფო უბნის თეატრში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამხრეთ კავკასიაში 15 წლის მოღვაწეობასთან დაკავშირებით გამოფენა მოეწყო. თეატრის ფოიეში სააგენტოს მუშაობისა და 15 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოები გამოიფინა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"