"ანბანის კოშკი" შესაძლოა 20 წლით გასხვისდეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა
და ესპანურმა კომპანიამ boost spain L.S-მა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. კომპანია "ანბანის კოშკის" მდგომარეობას ორი თვის ვადაში შეისწავლის და საბოლოოდ გადაწყვეტს აიღოს თუ არა იგი სარგებლობაში.
"ორ თვეში კომპანია გვეტყვის უღირს თუ არა ობიექტის აღება. თუ საკითხი დადებითად გადაწყდება, მაშინ მერია საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს განკარგულების პროექტს ობიექტის აჭარის მთავრობისათვის გადაცემაზე. ამის შემდეგ კი მთავრობა ესპანურ კომპანიას 20 წლის ვადით 1 ლარად გადასცემს", - აცხადება ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსი, გოგა ლომაძე.
"ანბანის კოშკი" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით ააშენეს და მასზე 65 მილიონი ლარი დაიხარჯა. იგი დღემდე უფუნქციო ობიექტია.