თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია და შპს "სინათლის ქალაქის" დირექტორი ვასილ ხორავა დიოდური განათების მწარმოებელ ლატვური კომპანია Vizalo LED Lighting-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს, რომელიც დედაქალაქის ენერგოდამზოგავ გარეგანათებაზე გადასვლას ითვალისწინებს.
კომპანიის წარმომადგენლებმა თბილისის მერის მოადგილეს მათ მიერ წარმოებული პროდუქცია გააცნეს და მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხებით დაინტერესდნენ.
თბილისის მერის მოადგილის, გიორგი სოლომონიას თქმით, დიოდური განათების დამონტაჟება მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიურია და ბიუჯეტი ამით თანხას დაზოგავს.
"სინათლის ქალაქის" დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, 15 მაისს მერიაში გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის ვადა იწურება. ამასთან დაკავშირებით, "სინათლის ქალაქი" ყველა იმ კომპანიასთან მართავს შეხვედრებს, ვისაც ინტერესთა გამოხატვის წარდგენამდე გარკვეული კითხვები აქვს.
თბილისის მერიამ სოდიუმის სანათების თანამედროვე ტექნოლოგიების ახალი სანათებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, წინადადებების მიღება 1 აპრილიდან დაიწყო. გამარჯვებული კომპანიის შერჩევის შემდეგ, თბილისში გარე-განათების სისტემის მოდერნიზაცია დაიწყება, რაც არსებული სანათების დიოდური სანათებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლით, თბილისში ელექტროენერგიის 60–70 პროცენტიანი ეკონომია მოხდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"