"სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს" კახეთის რეგიონული მომსახურების ცენტრში მოქალაქეთა მომსახურების სივრცე მოეწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მისი ინტერიერი სააგენტოს ბრენდირებული ინვენტარის და კორპორაციული სტილის გამოყენებით მოეწყო.
"განახლებული მოქალაქეთა მომსახურების სივრცე საკმაოდ მყუდრო და კომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნის. განსაკუთრებულად მომწონს მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე, საიდანაც შესაძლებელია მონიტორზე განთავსებული საპრივატიზებო ობიექტების ვიდეოკოლაჟის ყურება. დარწმუნებული ვარ, კახეთის მომსახურების ცენტრის როლი მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის ბიზნესგარემოს განვითარებისთვის", - აცხადებს კახეთის მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი ეკა თოდაძე.
მისი ინფორმაციით, მოქალაქეთა მომსახურების სივრცე 35 კვადრატულ მეტრს შეადგენს, სადაც განლაგებულია სამი სამუშაო მაგიდა. კვალიფიციური კონსულტანტები მოქალაქეებს ამომწურავ კონსულტაციას გაუწევენ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. სივრცეში ასევე მოწყობილია მოქალაქეების მოსაცდელი კუთხე, საიდანაც შესაძლებელია მონიტორზე საპრივატიზებო და სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ობიექტების ფოტოკოლაჟისა და ვიდეორგოლების ნახვა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ" 2013 წლიდან დაიწყო მომსახურების ერთიან სტანდარტზე მუშაობა და დანერგვა.
"აღნიშნული პროცესი გულისხმობს ისეთ ორგანიზაციულ პროცესებს, როგორიც არის სისტემის რესტრუქტურიზაცია, ახალი სამუშაო პროცედურების დანერგვა და არსებულის ოპტიმიზაცია. ცვლილებები შეეხო მოქალაქეთა მომსახურების ნაწილსაც. 2013 წლიდან თბილისის იუსტიციის სახლში ამოქმედდა სააგენტოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, რომელიც საშუალოდ 3000 მოქალაქეს ემსახურება თვეში. სერვისულ ორგანიზაციად ტრანსფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტოს" სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს და ითვალისწინებს სამუშაო პროცესის ერთიანი პრაქტიკის დანერგვას, როგორც მომსახურების სფეროში, ასევე სააგენტოს კომპეტენციაში შემავალი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის კუთხით", - აცხადებენ სამინისტროში.
მათი ცნობით, კახეთის მოქალაქეთა მომსახურების სივრცის მოწყობის შემდეგ ერთიანი სტანდარტის და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით კორპორაციული სტილის გამოყენებით რუსთავის მოქალაქეთა მომსახურების სივრცის გახსნაც იგეგმება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"