,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" მიესალმება კანონპროექტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ავტორობით წარმოდგენილი კანონპროექტი სისხლის სამართალწარმოებაში არსებულ გარკვეულ ხარვეზებს შეავსებს. თუმცა, ორგანიზაციაში კანონპროექტის ირგვლივ გარკვეული შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გამოთქვამენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სასამართლოს განხილვის ვადებს, კერძოდ, კოდექსის ახლანდელი რედაქციით, არ არის გათვალისწინებული, რამდენ ხანში უნდა დამთავრდეს სისხლის სამართალწარმოება, თუ ბრალდებული არ იმყოფება პატიმრობაში. ბუნებრივია, პირს, რომელსაც პატიმრობა აქვს შეფარდებული გააჩნია თავისი საქმის სწრაფად გადაწყვეტის მოლოდინი. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ბრალდებულებისთვისაც, ვისაც აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო სასჯელი განესაზღვრათ, ან საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე არიან. განაჩენის გამოტანის ვადა უკავშირდება ისეთ საკითხს, როგორიცაა ნასამართლობის გაქარწყლება (რაც უფრო მოკლე ვადაში იქნება განაჩენი გამოტანილი, მით მალე მოეხსნება პირს ნასამართლეობა.) გარდა ამისა, პირს აქვს უფლება არ იყოს ბრალდებული განუსაზღვრელი ვადის განმავლობაში და საბოლოოდ მიიღოს გამართლებულის, ან მსჯავრდებულის სტატუსი.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მოსამართლემ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 წლის ვადაში უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. აღნიშნული ვადის დაწესება შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის ხელშემკვრელი მხარეა საქართველო. წარმოდგენილი მუხლი ,,სამართლიანი სასამართლო განხილვის" უფლებას ეხება და იცავს ყველა იმ პირის უფლებას, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სამართალწარმოება. განურჩევლად იმისა, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიება აქვს შეფარდებული.
,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" აღნიშნავს, რომ განაჩენის გამოტანისთვის მაქსიმალური ვადის დაწესება დადებითად იმოქმედებს ბრალდებულთა უფლებებზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დადგენილი ვადა, 2 წელი, არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან ძებნილია. რაც აბსოლუტურად სამართლიანია, რადგან ასეთ სიტუაციებში პირი თავად წარმოადგენს ხელშემშლელ ფაქტორს სისხლის სამართალწარმოებისთვის. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართალწარმოების დასრულებისთვის დაწესებულმა ზღვარმა არ უნდა დააზარალოს თავად ბრალდებულის ინტერესი, ვინაიდან შესაძლოა მოსამართლეებისთვის საქმის სწრაფად განხილვის ვალდებულების დაწესება ნეგატიურად აისახოს მათი გადაწყვეტილებების ხარისხსა და დასაბუთებულობაზე. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით სასამართლოსთან უნდა იქნეს კონსულტაციები გავლილი, ვინაიდან ამ კანონის აღსრულება სწორედ მათი პრეროგატივაა. ამასთან, მიგვაჩნია, რომ სამართალწარმოებისთვის ვადის განსაზღვრა უნდა კლასიფიცირდეს დანაშაულის სიმძიმის მიხედვით. მაგალითად, ნაკლებად მძიმე დანაშაულთა საქმის განხილვისთვის შესაძლებელია პირობითად განისაზღვროს ერთწლიანი ვადა, ხოლო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიებისთვის - 2 წელი.
მეორე საკითხი, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შემავალი ცვლილებები ეხება, არის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. მოქმედი კანონმდებლობით, მოსამართლეს შეუძლია პროკურორის მიერ მოთხოვნილზე ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების განჩინება გამოიტანოს. ცვლილებების მიხედვით კი მოსამართლეს შეეძლება საერთოდ უარი თქვას აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. აღნიშნული საკითხი პრაქტიკაში ისედაც ამგვარად იყო გადაწყვეტილი, ნორმის ფართოდ განმარტების შედეგად, თუმცა ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" დადებითად აფასებს ცვლილებას, ვინაიდან მოხდება ნორმის დაზუსტება.
საკანონმდებლო ცვლილებები ეხება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხსაც. ცვლილებების თანახმად, განჩინება უნდა იყოს დასაბუთებული. თუ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, მოსამართლე ზეპირად, მოკლედ განუმარტავს მხარეებს, თუ რომელი მტკიცებულებების საფუძველზე გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და რა მიზეზით მიიჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნის მიღწევას.
,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრისა" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სასამართლო მონიტორინგის შედეგებით დგინდება, რომ დღეის მდგომარეობით, ხშირ შემთხვევაში არ ხდება პატიმრობის გამოყენების სათანადო დასაბუთება. ბრალდებულისთვის უცნობია, თუ კონკრეტულად რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით და რის საფუძველზე გამოიტანა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების განჩინება. ცვლილებების შეტანის შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება გადაწყვეტილების გამჭირვალობის პრინციპი და ბრალდებულს საშუალება ექნება სრულად მოისმინოს დასაბუთება თუ რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე სახე-პატიმრობა. პირისთვის პატიმრობის შეფარდება მისი თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენს. გადაადგილების თავისუფლება კი დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით. აქედან გამომდინარე, ჩარევა რომ ჩაითვალოს გამართლებულად, პატიმრობა უნდა იყოს აუცილებელი ღონისძიება. დიდი ყურადღება ექცევა დასაბუთებულობის საკითხს, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება მოისმინოს შესაბამისი არგუმენტაცია, თუ რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების ესა თუ ის სახე.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ეკისრება ბრალდების მხარეს. რაც ასევე მისასალმებელი ფაქტია, რადგან ბრალდებულის უფლებების დაცვის გარანტიისთვის ბრალდების მხარეს აქვს ბრალდების მტკიცების ტვირთი და შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება და ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შემსუბუქება - გაუქმების მიზანშეუწონლობა სწორედ ბრალდების მხარემ უნდა დაასაბუთოს. გარდა ამისა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ინიციატორი ბრალდების მხარეა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, პრეზუმფცია ყოველთვის გათავისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო მტკიცებულებები, შესაბამისად კონვენციის მიხედვითაც, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალმდებელს ეკისრება. აღნიშნული ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმას საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლში შესატანი ცვლილებით, სასამართლოს ეკისრება ვალდებულება, თუ ბრალდებულს შეფარდებული აქვს პატიმრობა, პირველსავე წინასასამართლო სხდომაზე გადახედოს აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის საკითხს, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ მისი შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობა. ამის შემდეგ, სასამართლომ უნდა განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი ორ თვეში ერთხელ მაინც. ამ საკანონმდებლო ინიციატივას აქვს უარყოფითი მხარე. შესაძლოა საქმის წარმოების დაწყებისას საჭირო იყოს პირის პატიმრობაში დატოვება, ხოლო სამართალწარმოების შემდგომ ეტაპებზე თავისუფლების შეზღუდვის საფუძველმა მნიშვნელობა დაკარგოს. მაგალითად, თუ ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების მიზეზია მტკიცებულებათა განადგურების საშიშროება, მაშინ ეს მიზეზი ბევრად უფრო მყარი იქნება გამოძიების დაწყების ეტაპზე, როცა აქტიურად ხდება მტკიცებულებათა მოძიება, საქმისთვის საჭირო ყველა მტკიცებულების მოძიების შემდგომ პატიმრობის გაგრძელებისთვის უფრო მყარი დასაბუთება იქნება საჭირო. არსებული პრაქტიკით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში შეფარდების შემდგომ არ ხდება მისი მიზანშეწონილობის გადახედვა, თუ ეს მხარის მიერ არ იქნება მოთხოვნილი. ცვლილებათა შესვლის შემდეგ სასამართლო ვალდებული იქნება თავისი ინიციატივით გადახედოს ამ საკითხს. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით სასამართლოს უფლება აქვს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი განიხილოს მხარეთა შუამდგომლობისას. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სასამართლო, გამონაკლისის გარეშე, ყველა შემთხვევაში, იქნება ვალდებული განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი. ზოგიერთ საქმესთან მიმართებით კი ეს სასამართლოს დროისა და რესურსების ფუჭ ხარჯვამდე მიგვიყვანს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე სახის მიზანშეწონილობის გადახედვის ვალდებულების იმპერატიულად დადგენა უარყოფით შედეგებსაც შესაძლოა იწვევდეს.
დასკვნის სახით ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" შენიშვნების მიუხედავად დადებითად აფასებს განხილულ კანონპროექტს შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშული ცვლილებების შეტანა სისხლის სამართლის პროცესის ნორმებს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობაში მოიყვანს და სისხლის სამართალწარმოების დროს ადამიანის უფლებებს მეტად უზრუნველყოფილს გახდის", - ნათქვამია განცხადებაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"