ლევან მურუსიძე ყველა პოლიტიკოსს მოუწოდებს, სასამართლოზე ზეწოლისგან თავი შეიკავონ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე პრინციპულად მიუღებლად აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გოკა გაბაშვილის განცხადებას, რომ მოსამართლის სამართლებრივი პრობლემები გავლენას ახდენს აღნიშნული მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეზე.

როგორც მურუსიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე, რომელსაც ავტოავარია შეემთხვა და მურუსიძის თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩხიკვაძის ბრალეულობა აღნიშნულ შემთხვევაში არ იკვეთება.

"მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, რომ თავი შეიკავონ სასამართლოზე და მოსამართლეზე ზეწოლისგან, ასევე სასამართლო საქმიანობაში ჩარევისგან. დავადასტურე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სადაც მონაწილეობდა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის დაზიანებები მიიღეს სხვადასხვა მოქალაქეებმა და იყო მსხვერპლიც, ეს არ არის დასამალი. მომხდარზე ჩატარდა გამოძიება და შედეგად არ გამოიკვეთა მოსამართლის ბრალეულობა. იმის დაკავშირება, რომ მოსამართლე მოყვა ავარიაში და ეს გავლენას მოახდენს მის მიერ განსახილველ კონკრეტულ საქმეზე, პრინციპულად დაუშვებელი და აბსურდულია. პოლიტიკოსებმა მსგავსი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავონ. ამ მოსამართლეს აწერია ათობით სხვა საქმე და მაშინ ეჭვქვეშ უნდა დადგეს ყველა საქმის განხილვა, რაც პრინციპულად მიუღებელია", - განაცხადა ლევან მურუსუძემ.

მისი შეფასებით, გოკა გაბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაა.

"მესმის, რომ პოლიტიკური დივიდენდების აღება სურთ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სასამართლოს ხარჯზე. ავტოსაგზაო შემთხვევა კი ყველას შეიძლება მოუვიდეს", - განაცხადა ლევან მურისიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, დეპუტატ გოკა გაბაშვილის განცხადებით, გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ დაადასტურა, რომ გიგი უგულავას საქმეზე მოსამართლეს თავად აქვს სამართლებრივი პრობლემები.

"გუშინ ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად სკანდალური აღიარება სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი წარმომადგენლისგან, ბატონ ლევან მურუსიძისგან, რომ გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე შერჩეული მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე თურმე თავად ყოფილა ძალიან სერიოზული სამართლებრივი პრობლემის წინაშე. საქმე ეხება ავარიას, რომელსაც მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი და ეს აჩენს სრულიად საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ საქმის მეშვეობით ხდება მოსამართლეზე ზეწოლა და ჩვენ სახეზე გვაქვს შედეგი, რომ დაცვის მხარეს თითქმის არ მიეცა დრო იმისთვის, რომ წარმოადგინოს თავისი შეხედულებები, გამოკითხოს მოწმეები, ხოლო პროკურატურას მიეცა რამდენიმე თვე იმისთვის, რომ გააკეთოს იგივე", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მოსამართლეზე ზეწოლის ბერკეტად სწორედ ის შემთხვევაა გამოყენებული, რომელიც ლაშა ჩხიკვაძეს შეექმნა.

"რაც შეეხება ლაშა ჩხიკვიშვილს, მას მოსვლია ავარია, რომელსაც მოყვა მსხვერპლი. ეს იყო დამალული საზოგადოებისგან. ჩვენ ყურმოკვრით ვიცოდით, მაგრამ გუშინ დაადასტურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, რომ ეს მართლაც ასეა, რომ ადამიანი, რომელიც თავად არის მართლმსაჯულების პრობლემის ქვეშ, არის შერჩეული მოსამართლედ იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ის გადაწყვეტილებები, რომელიც უნდა მთავრობას", - აღნიშნა გიორგი გაბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა