"ყურძნის ფასი ხარჯსაც აანაზღაურებს და რიგიანი მოგებაც დაგვრჩება"

კახეთში რთველი უკვე დაიწყო. გლეხებისა და მევენახეებისგან ყურძენს ყიდულობენ, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ღვინის ქარხნები. სახელმწიფო მწიფე (კონდიციურ) 1 კგ რქაწითელში და მწვანეში 25 თეთრს იხდის, რასაც ემატება ასევე სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრი, რაც ჯამში 60 თეთრს შეადგენს. ასევე, 1 კგ საფერავში მევენახეს სახელმწიფო უხდის 70 თეთრს, რაც სუბსიდიის ჩათვლით 85 თეთრია კილოგრამზე. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 60-მდე ღვინის კომპანია, რომლებიც ყურძნის სიმწიფეში შესვლისთანავე აქტიურად დაიწყებენ მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვას.

ამის მიუხედავად, გლეხების ნაწილი ყურძნის ფასით უკმაყოფილოა და მაგალითად გასულ წელს ყურძენზე შედარებით მაღალი ფასები მოჰყავთ. თუმცა მთავარი ავიწყდებათ, ის რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტი ძირითად საექსპორტო ბაზრებზე _ რუსეთსა და უკრაინაში შემცირებულია და მეღვინეებს ჯერ კიდევ შარშანდელი მოსავალი აქვთ გასაყიდი. ამან კი მნიშვნელოვნად შეამცირა მოთხოვნა ყურძენზე და სახელმწიფო სუბსიდია რომ არა, ყურძნის ფასი კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა. ამას ისიც ემატება, რომ შარშანდელთან შედარებით წელს უკეთესი და დაახლოებით 30%-ით მეტი მოსავალია.

რა ჯდება ერთი კილოგრამი ყურძნის მოყვანა და შეძლებენ თუ არა მევენახეები არსებული ფასით, როგორც გაწეული ხარჯის დაფარვას, ასევე მოგების მიღებას? - ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის მისაღებათ საკითხში გარკვეულ ადამიანებს დავუკავშირდით.

ფარნაოზ ნატროშვილი, მევენახე: "1 კილოგრამი ყურძნის წარმოება 37-40 თეთრი გვიჯდება. საკმაოდ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი იმისთვის, რომ ყურძნის კარგი მოსავალი მოიწიო: ვენახი უნდა გასხლა, 7-ჯერ მოწამლო და ერთი წამლობა 220 ლარი მაინც გვიჯდება, სამჯერ უნდა მოხნა, ორჯერ გათოხნო, დაკრიფო, ტრანსპორტით ქარხანაში მიიტანო და ა.შ. დაახლოებით 4000 ლარი ჯდება 1 ჰექტარი ვენახის დამუშავება. ამ ფართობზე დაახლოებით 10 ტონა ყურძნის მოსავალი მოგვყავს. ასეთ შემთხვევაში ერთი კილოგრამი ყურძნის წარმოება 40 თეთრი გვიჯდება. წელს შედარებით კარგი მოსავალი მოვიდა, საშუალოდ 10 ტონას ჰექტარზე დაკრეფენ მევენახეები. არის შემთხვევები, სადაც შესაძლოა ამაზე ნაკლები ან უფრო მეტიც მოიწიონ".

რეზო კრაწაშვილი, მევენახე: "თუ გლეხებზე მეკითხებით, ვისაც 10, 15 ან 20 პლანი ვენახი აქვს, მათ ნაკლები ხარჯი აქვთ ყურძნის მოყვანისას, ვიდრე მაგალითად უფრო დიდი ვენახების მქონე ფერმერს ან მეიჯარეს. ჩემს სოფელში, ნუკრიანში, დაახლოებით 800 ოჯახი ცხოვრობს და მათგან დაახლოებით 600-ი სასოფლო-სამეურნეო ბარათით სარგებლობს. ამ ბარათის გამოყენებით მათ შეუძლიათ შხამ-ქიმიკატები უსასყიდლოდ მიიღონ და შესაბამისად ვაზის მოვლა შედარებით იაფი უჯდებათ, დაახლოებით 20-25 თეთრი კილოგრამზე. ვენახის მოვლა გაზაფხულზე იწყება. პირველ რიგში ვენახი უნდა გაისხლას, მოიხნას და როცა ფოთოლი გამოუვა ნაყოფს, შემდეგ უკვე წამლობა იწყება. დაახლოებით 6-7-ჯერ უნდა შეწამლო ვენახი. თითო წამლობა 10 პლან ვენახზე 30-35 ლარი ჯდება. 1 ჰექტარი დახლოებით 40 პლანი ვენახია. 1 ჰექტარზე სავარაუდოდო 10-15 ტონა ყურძენი უნდა მოვიდეს. ასეთია მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი და მევენახემ შეიძლება მიიღოს ამაზე მეტი, ან ნაკლები მოსავალი.

რაც შეეხება მოიჯარეებს, ვინც არ სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებით, მათ ყურძნის მოყვანა ცოტა უფრო ძვირი უჯდებათ დაახლოებით 25-30 თეთრი კილოგრამზე. ყველა შემთხვევაში, ყურძნის შესასყიდი ფასი სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად ის ფასია, რომლის შემთხვევაშიც მევენახე გაწეულ ხარჯსაც აინაზღაურებს და რიგიანი მოგებაც დარჩება. ვფიქრობ, რომ ყველაფრის გათვალისწინებით წლევანდელი რთევლი წარმატებულია და არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი".

დავით თამარაშვილი, მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი: "1 ჰექტარზე გაწეული დანახარჯების მიხედვით ვენახის მოვლა მერყეობს საშუალოდ 3200 ლარიდან 5000 ლარამდე. ყურძნის მოსავლიანობის მიხედვით, ერთი კილოგრამი ყურძნის თვითღირებულება მინიმუმ 30 და მაქსიმუმ 60 თეთრია. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორია მოსავალი 1 ჰექტარზე. წლევანდელი წელი ყურძნის მაღალი მოსავლით გამოირჩევა და საშუალოდ მევენახემ 1 ჰექტარზე 10-12 ტონა ყურძენი უნდა მიიღოს. ასეთ შემთხვევაში კი ყურძნის თვითღირებულება 35-40 თეთრის ფარგლებში მერყეობს. თუმცა არიან მევენახეები, ვინც უფრო მეტი თანხა დახარჯა და მათთვის ყურძნის თვითღირებულება 50-60 თეთრს აღწევს. ეს გარკვეულწილად გამოიწვია ლარის დევალვაციამ, სასუქებისა და შხამ-ქიმიკატების ფასების ზრდამ და მუშახელის გაძვირებამ, რაც საბოლოოდ აისახა ყურძნის თვითღირებულებაზე. თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია.

რაც შეეხება შავ ყურძენს, ამ შემთხვევაში მისი თვითღირებულება უფრო ძვირია და დაახლოებით 40-50 თეთრის ფარგლებში მერყეობს კილოგრამზე. მაგრამ აქაც არიან მევენახეები, ვისაც შედარებით მცირე ფართობზე აქვს შავი ყურძენი და საკუთარი ძალებით, ოჯახის წევრების დახმარებით ახერხებენ ყურძნის მოყვანას და კილოგრამის თვითღირებულება 35 თეთრზე მეტი არ უჯდება. ასეთ შემთხვევაში 1 ჰექტარზე შავი ყურძნის მოყავანაც კი შესაძლოა 2000 ლარზე მეტი არ დაუჯდეთ. შესაბამისად, მიმდინარე წელს, იშვიათი გამონაკლისის გარდა მევენახეები ფასით არ დაზარალდებიან. საქართველოში ბევრი კარგი მევენახეა, ვისაც ყველა პროცედურის ზედმიწევნით დაცვით კარგი მოსავალი მოჰყავთ და შესაბამის შემოსავალსაც იღებენ".

ემა ტუხიაშვილი

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა