27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს, სალიტანიო ანჩისხატი საქართველოს დალოცავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფიდან აცნობეს. სალიტანიო ანჩისხატს თვითმფრინავით მცხეთა-თბილისის თავზე ლოცვით შემოატარებენ და აფხაზეთის საზღვარზე წააბრძანებენ.
"წმინდა მიწიდან (იერუსალიმიდან), ჩამობრძანებული სალიტანიო ანჩისხატი 27 სექტემბერს (ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს) საქართველოს დალოცავს თვითმფრინავით - დილით 09:30 საათისთვის ნატახტარის აეროდრომიდან სალიტანიო ანჩისხატს მცხეთა-თბილისის თავზე, გარეშემო სპეციალური რეისით შემოატარებენ და საქართველოს სიგრძივ გადაფრენის შემდგომ მესტიის აეროპორტში ჩააბრძანებენ.
მესტიის აეროპორტიდან ავტოტრანსპორტით ხატს აფხაზეთის საზღვარზე ჯერ კოდორის ხეობაში მიაბრძანებენ და შემდგომ დაახლოებით 15:00 საათისთვის ენგურის ხიდზე ხატს დახვდებიან ადგილობრივი სასულიერო პირები და მრევლი, სადაც ერთობით აღავლენენ პარაკლისს საქართველოს გამთლიანებისა და ჩვენი ერის კეთილდღეობისათვის", - აცხადებენ ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფიდან.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით მაცხოვრის სალიტანიო ანჩისხატი უკვე წლებია დაბრძანდება სრულიად საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წმიდა ადგილების მოსალოცად - საქადაგო მოწოდებით ,,სიწმიდეები გვიხმობენ". "წლევანდელი მოლოცვა განსაკუთრებულია იმითაც, რომ სულ ახლახანს წმინდა მიწაზე - იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის, ღვთისმშობლის მიძინების, ლოდის წმიდა გიორგის ადგილების მოლოცვის შემდეგ სალიტანიო ანჩისხატი მორწმუნეებმა ისტორიული ანჩის (ტაო-კლარჯეთის) გავლით თბილისში ჩამოაბრძანეს. ამ ანჩისხატობას სალიტანიო ანჩისხატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ტრადიციულად მოილოცა და ჯგუფის ხელმძღვანელი და მომლოცველები დალოცა", - განმარტავენ ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"