აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, დღეს საქართველოში არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი, მისი აღმატებულება ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი ჩამოდის.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეიხი ნაჰაიანი 15 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს აბრეშუმის გზის ფორუმის საზეიმო გახსნაში და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს. ამავე დღეს, შეიხი ნაჰაიანი "ქეი-ეს-ბი ბანკის" სათავო ოფისში მივა და ბანკში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მენეჯმენტის ანგარიშს მოისმენს. შეიხი "ქეი-ეს-ბი ბანკის" აქციათა 45%-ის მფლობელია.
ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი არაბეთის საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი, აბუ-დაბის გაერთიანებული ეროვნული ბანკის თავმჯდომარე და ალ აინის უნივერსიტეტის რექტორია. შეიხი მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს მფლობელია, ის თავმჯდომარეობს და პატრონაჟს უწევს 100-ზე მეტ ყოველწლიურ კონფერენციასა და სიმპოზიუმს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.
შეიხის მფლობელობაშია უმსხვილესი არაბული საინვესტიციო კომპანია "დაბი ჯგუფი," რომელიც საქართველოში "ქეი-ეს-ბი ბანკსა" და სასტუმრო "მილენიუმს" უწევს მეთვალყურეობას.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"