პოლიტიკურმა გაერთიანება "დევნილთა პარტიამ" ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემების გადასაჭრელად კონკრეტული გეგმა შეიმუშავა. "დევნილთა პარტიის" ხელმძღვანელი ლელა გულედანი მიიჩნევს, რომ საქართველოში მმართველი პარტიები ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას ვერ ახერხებენ, რისი მიზეზიც არასწორი და დაუსრულებელი რეფორმებია.
ლელა გულედანის განცხადებით, აუცილებელია კერძო სექტორის გაძლიერება, რისთვისაც პრივატიზაციის პროცესის გამარტივება და მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა საჭირო.
როგორც "დევნილთა პარტიის" ლიდერი განმარტავს, საქართველო რიგი მწვავე და უპრეცენდენტო გამოწვევის წინაშე დგას და თუ გამოწვევები რეაგირების გარეშე დარჩება, ქვეყანას მუდმივი კრიზისი, სტაგნაცია და დაცემა ელის. მისივე აზრით, მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის და მუდმივი ეკონომიკური ცვლილებების პერიოდში, საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პოლიტიკურ სივრცეში სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხების აქტუალიზაცია.
- როგორია თქვენი პოლიტიკური პარტიის ხედვა და რა გზას ხედავთ პრობლემური ეკონომიკური საკითხების გადასაჭრელად?
- ჩვენი პოლიტიკური ოჯახი ახალი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ცენტრისტულ სახალხო პარტიას წარმოადგენს, ზომიერად კომპრომისული, დაფუძნებული მნიშვნელოვან სოციალურ ბაზაზე, გონიერი მოქმედებებით, რომელიც ეყრდნობა სამოქალაქო თანხმობას, სოლიდარობას, ტოლერანტობას და სოციალურ სტაბილურობას.
სახელმწიფოს მართვა მოითხოვს ეკონომიკის კანონების ზედმიწევნით ცოდნას. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალურია საკითხი, თუ რომელი ეკონომიკური სისტემა არის ყველაზე მეტად მისაღები და რა უპირატესობები გააჩნია მას სხვა სისტემებთან შედარებით. თანამედროვე ეკონომიკური სისტემებიდან ჩვენი პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიის ეკონომიკური მხარე და შეხედულებები ეკონომიკური მოწყობის შესახებ სოციალური (შერეული) საბაზრო ეკონომიკაა.
სოციალური საბაზრო სისტემა გვთავაზობს ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის საკმაოდ მაღალ დონეს, მაგრამ სახელმწიფოს ჩარევა ხდება ეკონომიკის იმ დარგებში, რომელთაც საზოგადოების კეთილდღეობისათვის უპირველესი მნიშვნელობა გააჩნიათ. ჩვენი პოლიტიკური პარტია ეწინააღმდეგება ღირებულების შექმნის ძირითადი ეკონომიკური რესურსების გაყიდვას, რომელსაც მიეკუთვნება მიწა, წყალი, ტყე და სასარგებლო წიაღისეული.
- თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოში გარკვეული ტიპის ეკონომიკური პრობლემები მუდმივად არსებობს და მისი გადაჭრა ყველა ხელისუფლებას საკმაოდ უჭირს?
- საქართველოში მმართველი პარტიები კლასიკური ლიბერალიზმის მომხრეები იყვნენ, მაგრამ დღემდე ეკონომიკური პრობლემების მოგვარება ვერ ხორციელდებოდა და ვერ ხორციელდება, რისი მიზეზიც ამ სისტემაზე გადასვლისათვის საჭირო შეუფერებელი და დაუსრულებელი რეფორმებია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მთავარ მიზნად დაისახა სოციალისტური საზოგადოებრივი სისტემის დემონტაჟი და კაპიტალისტური სისტემის დამკვიდრება, ეროვნულ მეურნეობაში დღესაც სახელმწიფო სექტორი დომინირებულ როლს ასრულებს, ხოლო კერძო სექტორი მეტისმეტად შეზღუდულია.
საბაზრო ეკონომიკა კერძო საკუთრების დომინირებაზეა დაფუძნებული. თუ კერძო საკუთრება დომინირებული არ არის სახელმწიფო საკუთრებასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში, უკვე ზედმეტია საუბარი საბაზრო ეკონომიკაზე. ეს ფუნდამენტური პრინციპია. ჩვენ, როგორც პოსტსოციალისტურ ქვეყანას, დიდი ოდენობით აქტივები შემოგვრჩა ხელში სახელმწიფო საკუთრების სახით - სახელმწიფო ეკუთვნის მოქალაქეებს, შესაბამისად, ეს აქტივებიც უნდა გადანაწილდეს მოქალაქეებზე, მათ შორის, უნდა გადანაწილდეს მიწა. სტატისტიკური მონაცემებით, სახელმწიფო ფლობს საქართველოს მიწის რესურსების 70%-ს, შენობა-ნაგებობების 50%-ს, და 189 საწარმოს.
- თქვენ საუბრობთ კერძო სექტორის გაძლიერების აუცილებლობაზე. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს და როგორ გესახებათ კერძო სექტორის გაძლიერება?
- მართალია, კერძო სექტორის ჩამოყალიბება ფრიად რთული და კომპლექსური პრობლემაა, მაგრამ მისი დაჩქარება საქართველოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. სხვანაირად ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკური ჩამორჩენილობის დაძლევას ვერ შეძლებს. აღნიშნული ეკონომიკური მოვლენის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს პრივატიზაციის პროცესი ასრულებს. პრივატიზაცია ხელს უწყობს წარმოების ამაღლებას, კონკურენციის გაძლიერებას, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლებას.
პრივატიზაციის მნიშვნელობა იმ ფაქტიდანაც გამომდინარეობს, რომ ეკონომიკურ ობიექტებს პატრონი გამოუჩნდებათ, რომლებიც თავად იზრუნებენ მათ პერსპექტიულ მუშაობაზე, ვინაიდან დაფინანსების გარეშე მყოფი წარმოების საშუალებები, შენობა ნაგებობები უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა და მათი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გაძარცვა-განადგურებას ვერ გადაურჩა. სახელმწიფო არჩევანის წინაშე დგას - უპატრონოს, დააფინანსოს ისინი ან გადასცეს მათ, ვინც ამას შეძლებს.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბოლო ათეული წლების განმავლობაში პრივატიზაციის პროცესი ჩაუვარდა და ვერ მოახერხდა ინვესტიციების და სახელმწიფო ქონების გაყიდვა, ჩვენ ვთვლით, რომ უნდა გამოვიყენოთ ზომიერად რადიკალური პრივატიზაციის პროცესი, რომელიც განახორციელა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა: ჩეხეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ბულგარეთმა.
ამ ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით ჩვენ შევძლებთ სწრაფ პრივატიზაციასთან ერთად ინვესტიციებისა და სწრაფი ტექნოლოგიური მოდერნიზაციის შეთავსებას. ყველაზე უფრო სამართლიანი და სოციალურად ზომიერი იქნება კუპონური პრივატიზების ჩეხოსლოვაკიური გამოცდილება, რომელიც განხორციელდა 1991 წლიდან. ქვეყნის ყველა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო სახელობითი საკუპონე წიგნაკი, რომელიც არ ექვემდებარებოდა ყიდვა-გაყიდვას. მათ მფლობელებს შეეძლოთ ინვესტიციური ფონდების მეშვეობით დაუფლებოდნენ აქციების პაკეტს, დაახლოებით 2800 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულებით. კუპონური პრივატიზება საკუთრების საკმაოდ ფართოდ გაბნევის საშუალებას იძლევა მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში, ეს კი მესაკუთრეთა კლასის ჩამოყალიბებასა და დიდი პრივატიზების კრიმინალიზაციის თავიდან აცილებას უწყობს ხელს. ამასთან, ზომიერად რადიკალური პრივატიზებით ჩვენ მივაღწევთ მთავარ ეკონომიკურ და სოციალურ მიზანს - შევქმნით ძლიერ საშუალო ფენას, რითაც უმუშევრობის პრობლემასაც მოვაგვარებთ.
- თქვენი აზრით, როგორი მდგომარეობაა ამ დროისთვის ქვეყანაში პრივატიზაციის კუთხით და ხედავთ თუ არა ხელისუფლებისგან მზაობას, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს?
- დღეს ხელისუფალი არ თმობს ამ აქტივებს, ეს მას გარკვეულ ძალაუფლებას მატებს, რადგან თვითონ განკარგავს ამ ქონებას, ამიტომ, თუ საზოგადოებამ არ მოითხოვა, ის თავის ძალაუფლებას ვერ შეელევა. სანამ ხელისუფლების მხრიდან ხდება ამ სახის ოპერაციები, ბაზარი ვერასდროს იქნება თავისუფალი. გვახსოვს ის აჟიოტაჟიც, როცა 1 ლარად გადასცეს გარკვეული აქტივი ცალკეულ ადამიანებს, თუმცა იმ ლარს მიღმა ბნელ და არაფორმალურ ეკონომიკაში ვიღაცამ რაღაც საჩუქარი ან სარგებელი მიიღო. როცა ხელისუფლება ამ პროცესს გაეთიშება, დასამალი არაფერი იქნება. კერძო მესაკუთრე და ინვესტორი პირისპირ დადგებიან და თავად მორიგდებიან ან თუ ვერ მორიგდებიან, სხვა აქტივს მოძებნიან. ეს ბუნებრივად დარეგულირდება. თუ მიწას და სხვა აქტივებს სახელმწიფო გადასცემს მოქალაქეებს, წლის განმავლობაში მოსაკრებლის სახით სახელმწიფო მიიღებს ძალიან დიდ თანხას ვიდრე აუქციონის გზით პრივატიზებით.
ლაშა ჯაფარიძე
"ინტერპრესნიუსი"
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"