საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო და 13 იანვარს დასრულდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, 2015-2016 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში 31 000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან მეორე ტურში გადასვლა 19 000-ზე მეტმა მოსწავლემ შეძლო.
ოლიმპიადა ცენტრალიზებულად ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში ტარდება. მისი მიზანი ნიჭიერი მოსწავლეების წახალისება და სასწავლო პროცესის სტიმულირებაა. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება. შესარჩევ ტურს უშუალოდ სკოლები ატარებენ, მეორე და მესამე ტურებს კი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ოლიმპიადა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე მთელი საქართველოს მასშტაბით წელიწადში ერთხელ ტარდება.