გოგა ხაინდრავას ფილმს "9+1", რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს უკავშირდება, მაყურებელი სავარაუდოდ, 2016 წლის გაზაფხულიდან ნახავს. ფილმი ოთხი ნაწილისგან შედგება - სასამართლო, ციხე, საზოგადოება, დეტექტივი.
"ფილმის გადაღება, რომელსაც ისტორიული წარსული გააჩნია, რთულია, მაგრამ მგონია, რომ ეს რჩეულთა ხვედრია. მადლობელი ვარ ტელეკომპანია GDS-ისა და ყველა იმ ადამიანის, რომელმაც ამ ფილმის გადაღების საშუალება მომცა. ვფიქრობ, ფილმის ნახვას მაყურებელი გაზაფხულის ბოლოსთვის შეძლებს. უნდა გადავიღოთ 24 სერია, მაგრამ არ ვიცი, ფილმის სრულყოფილად დამთავრებას რამდენად მოვასწრებთ. ფილმში ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულებების სასამართლო პროცესი მიდის. არც ერთი კადრი ჩემი მოგონილი არ არის. ის 1200 არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთან ინტერვიუს დაეფუძნა. თითოეულ ფაქტს, საფუძვლად სამი სხვადასხვა წყარო უდევს", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ გადაცემა "20/30"-ში სტუმრობისას.
მისივე თქმით, მხოლოდ ის საქმეები შეარჩიეს, რომელიც სახელმწიფოს მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულზე იყო დაფუძნებული.
"გახმაურებული საქმეების სამზარეულო მაყურებელმა ნაკლებად იცის. მაგალითად, თეთრაძის საქმე მთლიანადაა მოცემული. არის გირგვლიანის საქმე, რომელიც იმდროინდელი ხელისუფლებისთვის ევროპის განაჩენი იყო. იქნება ისეთი საქმეებიც, რომლის შესახებაც ცოტა რამ გვსმენია. ფილმში აღვადგინეთ გლდანის ციხე, რომელიც მოსახლეობის ყველაზე დიდი განსაცდელი იყო. ჩვენი მამები და პაპები ციმბირის ბანაკებშიც იყვნენ, მაგრამ ის უბედურება, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა, თანამედროვე მსოფლიოს არ ახსოვს და ვერც წარმოუდგენია", - აღნიშნა ხაინდრავამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"