"ნამახვან ჰესების კასკადის" პროექტის განხორციელებისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ" ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის - ტვიში ჰესის და ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა, რომელიც ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მშენებლობის ნებართვის გაცემას წინ უძღვოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები, რომლის შესაბამისად, 2015 წლის 19 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების მეორე ეტაპზე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით ჩართული იქნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. სამინისტროს საექსპერტო კომისიის მიერ განხილულ იქნა გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია და გაიცა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს გადაეგზავნა 2015 წლის 28 დეკემბერს. სსიპ "ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ" განიხილა საპროექტო დოკუმენტაცია და ტექნიკურ და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ გასცა მშენებლობის ნებართვა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემას წინ უძღვოდა კომპანიის მიერ ორგანიზებული საჯარო განხილვის პროცედურა, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა წარმოედგინა საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები. ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში, სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილი იქნა ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას" მონაწილეობა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, "ნამახვან ჰესების კასკადის" პროექტი წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდინარე რიონზე განხორციელდება, რომელიც "ნამახვანი" და "ტვიში" ჰესებისაგან შედგება. მისი დადგმული სიმძლავრე 433 მვტ იქნება. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 730 მლნ.აშშ დოლარია. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და მოსახლეობის დასაქმებას. ახალი ჰესებიდან დამატებით წარმოქმნილი 433 მვტ ელექტროენერგია მთლიანად დარჩება საქართველოში.

"ნამახვან ჰესების კასკადის" მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა. წინადადების წაარდგენის საბოლოო ვადა 2016 წლის 7 აპრილია. პროექტის განხორციელების მოდელად შერჩეულია "მშენებლობა-ფლობა-ოპერირება." ინვესტორები შეირჩევიან პროექტის განხორციელებისთვის საჭირო გამოცდილებისა და ფინანსური რესურსის შესაბამისად, ხოლო გამარჯვებულად გამოცხადდება ის ინვესტორი, რომლის მიერ საქართველოს მთავრობისთვის შეთავაზებული ტარიფი იქნება ყველაზე დაბალი. გამარჯვებული კანდიდატი საქართველოს მთავრობასთან გააფორმებს იმპლემენტაციის ხელშეკრულებას, რის შემდეგ, ის ვალდებული იქნება დოკუმენტის პირობების შესაბამისად ააშენოს და მართოს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს