ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირებამდე და "მაესტროს" ძირის გამოთხრამდე ერთი ნაბიჯი დარჩა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანია "მაესტროს" მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ განუცხადა.
როგორც მან განმარტა, სასამართლო ცდილობს მისი საჩივრები მაქსიმალურად დაჩქარებულ დროში განიხილოს და თუკი სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ბაია გადაბაძის ყველა საჩივარი უსაფუძვლოა, დღეს "მაესტროს" კრედიტორთა კრებაზე, 14:00 საათზე ლევან გაჩეჩილაძე დირექტორი იქნება.
რაც შეეხება "ინტერპრესნიუსის" შეკითხვას, მოქმედებს თუ არა საჯარო რეესტრის მიერ განსაზღვრული 30 დღიანი ვადა, გადაბაძემ განმარტა, რომ ეს ვადა მოქმედებს, თუმცა სასამართლო იმდენად სწრაფად იხილავს მის საჩივრებს, რომ "ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი".
"საჯარო რეესტრმა 30 დღიანი ვადა განსაზღვრა იმისათვის, რომ ჩემი საჩივრების განხილვა მომხდარიყო და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეაჩერა გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირების პროცესი, თუმცა სასამართლომ ერთ დღეში განიხილა ჩემი საჩივარი, რომელიც უკვე გადააგზავნა სააპელაციო სასამართლოში. თუკი ამ ღამით სააპელაციო სასამართლო განიხილავს ჩემს საჩივარს და მიიღებს გადაწყვეტილებას, დილით ეს გადაწყვეტილება წავა რეესტრში და 14:00 საათამდე მოხდება გაჩეჩილაძის დარეგისტრირება, რითაც საბოლოოდ გამოეთხრება ძირი "მაესტროს", ნაცვლად რეაბილიტაციისა. აქამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი", - განაცხადა გუშინ ბაია გადაბაძემ.