"ბიბლუსი გალერეაში" დღეს ნიკოლას სპარქსის წიგნის - "არჩევანის" პრეზენტაცია გაიმართება. "გამომცემლობა პალიტრა L"-მა მკითხველს მორიგი თანამედროვე ბესტსელერი შესთავაზა. სერიის "წლის ბესტსელერის" ფარგლებში, მკითხველი შეძლებს წაიკითხოს ცნობილი ამერიკელი მწერლის, ნიკოლას სპარქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი - "არჩევანი". "არჩევანის" პრეზენტაცია დღეს, 19:00 საათზე, "ბიბლუსი გალერეაში" მოეწყობა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, პრეზენტაციაზე მკითხველი "არჩევანს" სპეციალურ ფასად შეიძენს და " X ფაქტორის" კონკურსანტის, რეზი ქარცივაძის აკუსტიკური შესრულებით ფილმ "არჩევანის" საუნდტრეკებს მოისმენს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, "ბიბლუსი გალერეას" სტუმრები შეძლებენ წაიკითხონ "არჩევანი" ქართულ ენაზე, ჩაერთონ საერთაშორისო ღონისძიებაში და შეიძინონ "წლის ბესტსელერის" სერიის წიგნები 30%-იანი ფასდაკლებით.
"ეს არის წიგნი ნამდვილ სიყვარულსა და ერთგულებაზე; იმ გამძლეობაზე, რომელიც ადამიანს მხოლოდ მაშინ აღმოაჩნდება, როდესაც უანგაროდ უყვარს, როდესაც მზადაა, სიყვარულისთვის ღრმადაც შეტოპოს...
ეს არის წიგნი ისეთ არჩევანზე, რომელსაც ადამიანს არა გონება, არამედ გული, სიყვარული აკეთებინებს. სიყვარულით გაკეთებული არჩევანი კი, მცდარი არასოდეს არის", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
რაც შეეხება წიგნის ავტორს, ნიკოლას სპარქსი 1965 წლის 31 დეკემბერს ნებრასკის შტატში, პროფესორ პატრიკ მაიკლ სპარქსის ოჯახში დაიბადა. წერა 19 წლისამ დაიწყო და დღემდე მისი წიგნების გაყიდვებმა 100 მილიონს გადააჭარბა.
სპარქსის წიგნებზე გადაღებულია რამდენიმე ფილმი, მათ შორის: "წერილი ბოთლში" (1999), "იჩქარე, შეიყვარო" (2002), "დღიური" (2004), "ღამეები როდანთში" (2008), "ძვირფასო ჯონ" (2010), "უკანასკნელი სიმღერა" (2010), "არჩევანი" (2016) და სხვა.
ნიკოლას სპარქსი ამჟამად სამხრეთ კაროლინაში მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობს. მწერლობასთან ერთად საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული.
სპარქსის რომანები თარგმნილია 50-ზე მეტ ენაზე, გაყიდულია 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი, მისი თორმეტი წიგნი New York times-ის ბესტსელერების სიაშია.
"სპარქსი ტრადიციას არ ღალატობს - "არჩევანში" სიყვარულსა და ბედისწერას ისე აკავშირებს, რომ ჩვენ წინაშე მარადიული სიყვარულის ამბავი იბადება", - წერს Washington Post Book World.
"ამაღელვებელი ამბავი, საოცარი და მოულოდნელი დასასრულით. სპარქსი წერის სტილითა და თხრობის განსხვავებული მანერით ნებისმიერი ლიტერატურული გემოვნების ადამიანზე ახერხებს ზემოქმედებას", - აღნიშნავს Booklist.
"ეს წიგნი მკითხველს პირველიდან ბოლო გვერდამდე იმორჩილებს და მწერლის საქთმელიც ადვილად აღწევს ჩვენს გულებამდე", - ამბობს მსახიობი რაიან გოსლინგი.
"ნიკოლას სპარქსი ამერიკაშიც და ოკეანის მიღმაც ერთი განსაკუთრებული მიზეზით არის ცნობილი: მწერალი აღწერს ამბებს, რომელშიც უდიდესი გრძნობა - სიყვარული ვლინდება. ამ მხრივ "არჩევანი" მის ნაწარმოებთა შორისაც კი გამორჩეულია", - წერს New York times.
"ნიკოლას სპარქსს შეუძლია, მარტივი სიუჟეტი ხელოვნების ნიმუშად აქციოს. ავტორს მკითხველი ბოლომდე გვერდით ჰყავს და თავად მოუთხრობს", - აღნიშნავს Bestsellers World.com.
"სპარქსი ცხოვრებისეული არჩევანის ტკბილ ამბავს გვიყვება. ავტორი მისთვის დამახასიათებელი წერის სტილითა და მანერით ახერხებს, წიგნის თითოეული თავი მკითხველისთვის საინტერესო, დაძაბული და ამაღელვებელი იყოს", - წერს" The Guardian.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"