თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე #54 სკოლის ეზოში დღეს აფხაზეთში დაღუპულთა უკვდასაყოფად მემორიალური კომპოზიცია საზეიმოდ გაიხსნა.
ცერემონიას საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, ამავე სკოლის კურსდამთავრებული, ასევე აფხაზეთში დაღუპული გმირების მშობლები და ახლობლები ესწრებოდნენ.
მემორიალურ კომპოზიციაზე, რომელიც ტოტებმოჭრილ ხეს განასახიერებს, აფხაზეთში დაღუპული და ამ სკოლის მოსწავლეების - ჟიული შარტავას, არჩილ მიშველაძის, ვაჟა სიჭინავას, დავით ბოლქვაძისა და პავლე გიორგობიანის სახელებია ამოტვიფრული.
როგორც "ინტერპრესნიუსსთან" საუბრისას 54-ე სკოლის დირექტორმა ქეთი ჩოქურმა განაცხადა, აფხაზეთში დაღუპული ხუთი გმირიდან სამი მათი სკოლის კურსდამთავრებულია, კერძოდ, არჩილ მიშველაძე, ვაჟა სიჭინავა და პავლე გიორგობიანი.
სკოლის დირექტორის თქმით, მემორიალური კომპოზიცია სკოლამ საკუთარი სახსრებით აფხაზეთში დაღუპულ გმირთა სახელების უკვდავსაყოფად შექმნა. ქეთი ჩოქურის თქმით, სკოლაში ასევე აპირებენ შექმნან პროგრამა საბაზისო საფეხურისათვის, სადაც აფხაზეთში დაღუპული ამ გმირების შესახებ ისტორიები იქნება შესული და ასევე სკოლის სტუდიაში მათზე გადაიღებენ დოკუმენტურ ფილმსაც.
"მათ გმირულად თავი შესწირეს ჩვენი სამშობლოს ძლიერებას და დღეგრძელობას. მე ამ სკოლის კედლებში 11 წელი გავატარე და ნამდვილად მეამაყება, რომ ეს სკოლა მაქვს დამთავრებული. ჩვენ ვიცხოვრებთ ისეთ საქართველოში, სადაც ქართველები ლაღად და ბედნიერად იცხოვრებენ", - განაცხადა თედო კობახიძემ.
საკრებულოს დეპუტატმა სკოლის მოსწავლეებს ერთიან საქართველოში ცხოვრება და ბედნიერი მომავალი უსურვა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამ გმირების სახელები იქნება უკვდაყოფილი.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ სკოლაში მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინეს, სადაც გალაკტიონის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, ანა კალანდაძის და სხვა ქართველ პოეტთა პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს.
როგორც შეხვედრაზე მწერალმა რეზო მიშველაძემ განაცხადა, მისთვის ძალიან ძნელია ამ სკოლის კედლებში შემოსვლა, რადგან მისი შვილი ამ სკოლაში სწავლობდა, თუმცა ეს სკოლა მას ძველებურად უყვარს.