„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს განცხადებით მიმართავს.
ლაშა გიორგაძის განცხადებას ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
”2016 წლის 20 თებერვალს, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრს“ განცხადებით მოგვმართა საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარებულმა გიორგი ქადაგიშვილმა, რომლის განცხადებითაც მან და მისმა ოჯახმა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვანი რეპრესიები განიცადეს. 2004 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის საგამოძიებო ჯგუფი (ვაჟა ფანოზიშვილი) შევიდა სკბ „გამაბანკში“ და, ერთდროულად, ყველა წამყვანი თანამშრომლის ბინებში, სასამართლოს სანქციის გარეშე, ვითომდა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით. საფუძვლად მათ ჰქონდათ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის, ყოვლად დაუსაბუთებელი, წერილი (ნიკა გეგუჩაძე). სინამდვილეში კი ამ ქმედების მიზეზი იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება, ვინაიდან 2003 წლის ნოემბერში ამირან ქადაგიშვილმა უარი თქვა ”ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსებაზე სააქციო ბანკის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების გარეშე, რასაც ითვალისწინებდა, როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე ბანკის წესდება.
ქადაგიშვილების ოჯახი ფლობდა ფირმას, რომელმაც წინა მფლობელების მიერ ”გამაბანკის” გაყიდვის შემდეგ შეიძინა გარკვეული წილი და ქადაგიშვილებმა მოიზიდეს უცხოელი ინვესტორები, რათა შესრულებულიყო ეროვნული ბანკის მოთხოვნა საწესდებო კაპიტალის ათმაგად გაზრდის შესახებ. იმ პერიოდში, როდესაც ბანკში შემოიჭრა საგამოძიებო ჯგუფი, გიორგი ქადაგიშვილი გახლდათ გამაბანკის მმართველი, ხოლო არჩილ ქადაგიშვილს დაკავებული ჰქონდა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია. სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ პირველივე დღეს მათ „აღმოაჩინეს“ ერთ საოპერაციო დღეში 10 მილიარდი ევროს გათეთრება, როცა SWIFT-ის მაშინდელი მონაცემებით, მთელი მსოფლიოს ბანკების 24 საათიანი ბრუნვა შეადგენდა დაახლოებით, 6 მილიარდ აშშ დოლარს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეიტინგით მე-12 ბანკი, ვერაფრით ვერ მოახერხებდა ასეთ ოპერაციას, გენპროკურორის მოადგილე კახა კობერიძემ, საჯაროდ გამოაცხადა „დანაშაულებრივი აღმოჩენის“ შესახებ სატელევიზიო ეთერით (რუსთავი-2). ქადაგიშვილების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამაბანკის უცხოელი ინვესტორთა წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას გენპროკურატურასთან, რომელიც შედგებოდა რამდენიმე საფეხურისგან, კერძოდ, ინვესტორებს უნდა ჩაერიცხათ 2 მილიონი 200 ათასი აშშ დოლარი სპეციალურ ანგარიშზე, რის შემდეგაც ბანკი შეინარჩუნებდა ლიცენზიას და ყველა დაპატიმრებულ პირს გაათავისუფლებდნენ. მაგრამ მეორე დღეს ადეიშვილმა შეცვალა პირობა და გადასახადი თანხა 5 მილიონამდე გაზარდა, რამაც ინვესტორთა უკმაყოფილება და უნდობლობა გამოიწვია და მათ დატოვეს საქართველო. ამის შემდეგ რეპრესიები მთელი ძალით მიმართულ იქნა ქადაგიშვილების ოჯახზე.
ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით და დაიწყო განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი: 2004 წლის 19 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის უფროსის ვაჟა ჯანყარაშვილის მიერ გამოცემული დადგენილების საფუძველზე, სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ს.ს „გამაბანკისა” და მისი თანამშრომლების მიმართ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე და შესაძლო დარღვევებზე. ამ საქმის აღძვრისას უხეშად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა და, კონსტიტუციით გარანტირებული, პირთა უდანაშაულობის პრეზუმფცია.
2006 წლის 18 აპრილის განაჩენით ამირან ქადაგიშვილს მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, არჩილ ქადაგიშვილს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. აქვე აღსანიშნავია, რომ ნანა ქადაგიშვილი 2004 წლის 21 სექტემბერს დააკავეს „გამოძიებისთვის ხელის შეშლის“ მოტივით (სინამდვილეში მან მოიძია საბუთები, რომლითაც დგინდებოდა გამაბანკის და მისი თანამშრომლების უდანაშაულობა) და 5 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 85 000 ლარის გირაოს საფასურად მან დატოვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. 2006 წლის 18 აპრილის განაჩენით მას 5 წლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა. ოჯახის კიდევ ერთი წევრს გიორგი ქადაგიშვილს, რომელიც ძებნილად იქნა გამოცხადებული, 2010 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დაუსწრებლად მიესაჯა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზემოთ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის მიუხედავად, ქადაგიშვილების მიმართ რეპრესიები არ შეწყვეტილა. 2006 წლის 18 აპრილის განაჩენით ქადაგიშვილების ოჯახს ჩამოერთვათ მთელი რიგი ქონებები (აბსოლუტურად ყველაფერი რაც გააჩნდათ). ყურადსაღებია, რომ, ქადაგიშვილების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სასამართლოს არცერთი მტკიცებულება არ გამოუკვლევია აღნიშნული ქონების დანაშაულებრივი გზით შეძენის თაობაზე და, საერთოდ არ უმსჯელია ქონების ჩამორთმევის შესახებ. ამასთან, მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენებულია სსკ-ის 52-3 მუხლი, რომელსაც უკუძალა არ ჰქონდა. ასევე ქადაგიშილები აღნიშნავენ, რომ ყველა ჩამორთმეული ქონება შეძენილი იყო ე.წ. „დანაშაულის“ ჩადენამდე გაცილებით ადრე.
აქვე მოგახსენებთ, რომ 2009 წელს, ჰელსინკის ჯგუფის მიერ ქადაგიშვილები აღიარებულნი არიან პოლიტპატიმრებად და პოლიტდევნილად. გარდა ამისა, ახალი მოწვევის პარლამენტმა გიორგი ქადაგიშვილს პოლიტდევნილის ოფიციალური სტატუსი მიანიჭა.
აღნიშნულ საქმეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო განიხილავს (განცხადება N2391/06 ქადაგიშვილები საქართველოს წინააღმდეგ). ამჟამად საქმე იმყოფება განხილვის ბოლო ეტაპზე და სტრასბურგის სასამართლომ 2011 წელს მხარეებს მორიგება ურჩია.
სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა გახდა საფუძველი წინა ხელისუფლების მხრიდან მორიგი ქმედების განხორციელებისა, კერძოდ: ევროსასამართლოს მხრიდან მორიგების წინადადებაზე 2011 წლის მარტში ნანა ქადაგიშვილი დაიბარეს პარლამენტში, სადაც, იმდროინდელი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით, მას შესთავაზეს მორიგება: ამირან ქადაგიშვილის გათავისუფლება პატიმრობიდან და გიორგი ქადაგიშვილის სასჯელისგან გათავისუფლება სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელის გამოთხოვის სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, აღნიშნული გარიგება მხოლოდ ზეპირი ფორმით უნდა შემდგარიყო და არანაირი ოფიციალური სახე არ მიეცემოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, ეს მთავრობის მხრიდან ქადაგიშვილების უფლებების დარღვევის აღიარებას ნიშნავდა.
ამიტომ მორიგება ქადაგიშვილების მხრიდან უარყოფილ იქნა, რადგანაც მათ არ გააჩნდათ ნდობა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ, არ არსებობდა არანაირი გარანტია იმისა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდნენ. ამის მაგალითები უკვე უხვად არსებობდა. ამის შემდეგ ქადაგიშვილების ოჯახს, რომელსაც სასამართლოს მიერ შეფარდებული პატიმრობით უდიდესი მორალური ზიანი ჰქონდათ განცდილი, დაემატა ბოლო წვეთი, დამატებითი ქონებრივი ზარალი. 2012 წლის 17 იანვარს, ოჯახის დასჯის მიზნით ისინი ქუჩაში გამოასახლეს დიღმის მასივში, კვარტალი 5, კორპუსი 20, ბინა 2 მდებარე ოროთახიანი საცხოვრებელი ბინიდან, 4 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უძრავი ქონება სამჯერ გაიტანა აუქციონზე, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ უძრავი ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე უნდა აეყვანა, რაც არ მომხდარა. რეალურად განხორციელდა შემდგომი ფაქტი: 2012 წლის 24 თებერვალს, ქადაგიშვილების ბინა საჯარო რეესტრის ჩანაწერების თანახმად, გადავიდა ლელა მითაიშვილის საკუთრებაში, თუმცა რეალურად გარიგების მიხედვით აღნიშნული ბინა სხვა უძრავ ქონებებთან ერთად უნდა გადასულიყო ბათუმის „ტელეარხი-25“-ის თანამფლობელის საკუთრებაში. აღსანიშნავია, რომ ლელა მითაიშვილს ნათესაური კავშირი აქვს „ტელეარხ-25“-ის დირექტორთან გია სურმანიძესთან და იგი არის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებით მკვლელობაში მსჯავრდებული, ამჟამად ძებნილი რატი მგელაძის მეუღლე. ფაქტობრივად სახელმწიფომ მოახდინა ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაცია იმ უძრავ ქონების, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არ ირიცხებოდა. აღნიშნულ ბინასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც თავისთავად იწვევს ეჭვს, რომ დანაშაულებრივი გზითაა შედგენილი და დარეგისტრირებული (სამოხელეო დანაშაული). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განცხადების რეგისტრაციის თარიღი, საჯარო რეესტრის მონაცემებით არის 24.02.2012 19 საათი და 44 წუთი. ანუ არასამუშაო საათები. გარდა ამისა, ქონება, რომელიც 150 000 ევროდ არის შეფასებული, სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების თანახმად, გასხვისდა 1 ლარის საფასურად. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელს აწერს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, თუმცა არ აღინიშნება არანაირი ბეჭედი, რაც ამ გარიგებაში სამინისტროს მონაწილეობას დაადასტურებდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასხვისების ეტაპზეც იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ქადაგიშვილების ოჯახი მოკლებულია მისი მიმდინარეობის გაცნობის შესაძლებლობას, რადგან არ წარმოადგენენ პროცესის მხარეებს და არც დაზარალებულად არიან ცნობილნი.
ქადაგიშვილებმა სხვადასხვა დროს განცხადებით მიმართეს სახელმწიფო ორგანოებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, ბატონ გ. კვირიკაშვილს 2012 წლის 17 დეკემბერს. საქართველოს მთავარი პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სს დევნის სამმართველოს უფროსს, ბატონ ნუგზარ სალიას, 2013 წლის 11 იანვარს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 2013 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს 2013 წლის 2 დეკემბერს, ასევე 2014 წლის 2 ივლისს. ეს ყველაფერი აღმოჩნდა უშედეგო და არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე მიწოდებულ განცხადების საპასუხოდ, მოხდა სადაო ბინის დაყადაღება, რათა არ მომხდარიყო მისი გასხვისება კეთილსინდისიერ მყიდველზე.
არასამათავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, რომ ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული აღნიშნული საქმე და მიეცეს საშუალება ქადაგიშვილების ოჯახს გაიგოს თუ რამდენად კანონიერად ჩამოერთვათ მათ აღნიშნული ქონება. ასევე ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჭიროა ხელისუფლების ორგანოებმა შეცვალონ დუმილის პოზიცია და შევიდნენ დიალოგში ქადაგიშვილების ოჯახთან.
საქართველოს კანონმდებლობით, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია პიროვნების საკუთრების უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება უზრუნველყოფილია, აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას მაცხოვრებლები საკუთრებაში უკანანო ჩარევისგან და თავადაც არ განახორციელოს საკუთრების უფლების ხელყოფა. მოცემულ შემთხვევაში, ქადაგიშვილების ოჯახმა საკუთრების უფლება დაკარგა და დღემდე უშედეგოდ ცდილობს მის აღდგენას. 4 მცირეწლოვანი ბავშვი, ოჯახთან ერთად, უსახლკაროდაა დარჩენილი.
პროკურატურაში შექმნილია დეპარტამენტი, რომელიც სამართალწარმოების ეტაპზე ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი მიესალმება სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნას და დადებითად აფასებს მის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს. ორგანიზაციისთვის ცნობილია, რომ სამართალწარმოების ეტაპზე ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს და ყოფილა შემთხვევები, როდესაც სწორედ მისი საშუალებით შეძლეს მოქალაქეებმა დარღვეული უფლების აღდგენა, ჩამორთმეული ქონების დაბრუნება. ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი დაინტერესდება ქადაგიშვილების საქმით, რადგან ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრისთვის“ ქადაგიშვილების საქმეშიც არაერთი გარემოება იკვეთება, რაც გვაძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მათ მიმართ მთელი რიგი დანაშაულებრივი ქმედებები განხორციელდა. დამაფიქრებელია გარემოება, რომ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ განცხადებაზე მიეწოდებინათ ორგანიზაციისთვის სახელმწიფოს მიერ სიმბოლურ ფასად გასხვისებულ ქონებათა ნუსხა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებით მათ არ გააჩნიათ მსგავსი ინფორმაცია მონაცემთა სისტემატიზებული ბაზების არარსებობის გამო, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა ნუსხა, რომელშიც ქადაგიშვილების ბინაც არის შეტანილი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, შეხვდეთ ქადაგიშვილების ოჯახს და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელს და უშუალოდ მათგან მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ”, - ნათქვამია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარის ლაშა გიორგაძის განცხადებაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"