ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი - “BZHUZHA RACE” დღეს ოფიციალურად დასრულდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გურიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟზე, ორი დღის
განმავლობაში ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი -“BZHUZHA
RACE” მიმდინარეობდა. შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენები მდინარე ბჟუჟზე ნავებით დაშვებას ახორციელებდნენ.
საპრიზო ადგილებზე გასული ჩემპიონატის მონაწილეები, გურიის გუბერნატორის
მოადგილემ სოსო ერქომაიშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და ქალაქ ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ბესიკ მელუამ სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.
პირველ ადგილზე მამაკაცებს შორის, რუსი იგორ ვოსკობოინიკოვი, ხოლო ქალებს შორის უკრაინელი ალიონა ბუსლაევა გავიდა. ჩემპიონატი შემოქმედში საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის
ინიციატივით ჩატარდა, რომელსაც ორგანიზება გურიის სამხარეო ადმინისტრაციამ
გაუწია. ღონისძიების მხარდამჭერები კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იყვნენ.
შეჯიბრში 11 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, რუსეთი, ლატვია, პოლონეთი,
სლოვენია, ესტონეთი, საფრანგეთი, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია) 70- მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. როგორც გურიის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მსგავსი მასშტაბის ექსტრემალური შეჯიბრი საქართველოში
ჯერ არ ჩატარებულა.
”ფედერაციის პარტნიორები და თანაორგანიზატორები მსოფლიოს გამოჩენილი კაიაკერების ჯგუფი არიან, რომლებიც რანგით მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში შედიან და წარმოადგენენ Adidas Outdoor - ის გუნდს,
რაც აღნიშნულ ღონისძიებას სტატუსსა და მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობას
მატებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაგეგმილი ღონისძიება გურიის ტურისტული
პოტენციალის ამაღლების საკითხზე საკმაოდ დადებითად იმოქმედებს. ასევე, ხელს
შეუწყობს სამომავლოდ მდინარე ბჟუჟზე სანიჩბოსნო ინფრასტრუქტურის
განვითარებასა და თავად მდინარის ეკოლოგიის გაუმჯობესებას”-აცხადებენ გურიის მუნიციპალიტეტში.