19 ივლისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ქართველი არტისტის ირინა გაბიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა სახელწოდებით - „გახსნილი სამყარო” გაიმართება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ირინა გაბიანის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც მხატვარმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა.
”მისი ინსპირაცია არის მიკრო და მაკრო სამყაროები თავისი კომპლექსურობითა და მრავალფეროვნებით. არტისტის აზრით, კაცობრიობა იმ უნიკალური სისტემის ნაწილია, რომელიც უამრავი ურთიერთგადაჯაჭვული მოვლენისგან შედგება. ირინა გაბიანი ცდილობს თავის ნამუშევრებში გადმოსცეს მსგავსება უსასრულოდ დიდ სხეულებსა და უსასრულოდ მცირე ნაწილაკებს შორის. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები კონცეპტუალურად მთლიანად ამ თემას შეეხება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირინა გაბიანი არის ვიზუალური არტისტი, რომელიც ცხოვრობს და საქმიანობს ლუქსემბურგში. მუშაობს გრაფიკაში, ქმნის როგორც ორგანზომილებიან ნამუშევრებს, ასევე ინსტალაციებს, ქანდაკებას, ვიდეოარტს, პერფორმანსს და ფოტოს.
არტისტი ინტენსიურად მართავს გამოფენებს, ჩართულია საერთაშორისო ვიდეო არტფესტივალებში, არტფორუმებსა და პრესტიჟულ საერთაშორისო პროექტებში. ავტორს მონაწილეობა აქვს მიღებული: ვენეციის 54-ე საერთაშორისო ბიენალე Arsenale (2011); იტალიის პავილიონი; ტორინოს ფესტივალი Video Dia Loghi; ედნბურგის საერთაშორისო ფესტივალი; ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალი Toronto Urban Film Festival (2013); კიოლნის ვიდეო ფესტივალი Cologne OFF; პეკინის Contemporary Art Fair; რომის არტფესტივალი Sguardi Sonor (2012). ირინა გაბიანს მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო.
გამოფენა “გახსნილი სამყარო” 2016 წლის 30 ივლისამდე გაგრძელდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"