„პარტიზანული მებაღეობა“ თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნას არ უერთდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ”პარტიზანული მებაღეობის” წევრმა ლუკა ბახსოლიანმა განუცხადა, ისინი კონკრეტული საქალაქო სამსახურების რეორგანიზაციას მოითხოვენ.
მისივე განმარტებით, ორგანიზაციის წარმომადგენლები არ აპირებენ დღეს საკრებულოს სხდომაზე მისვლას, სადაც დეპუტატებმა დავით ნარმანიას ანგარიში უნდა მოისმინონ, ვინაიდან „ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად პოპულისტური განცხადებები კეთდება და არა პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული“.
”ჩვენ არ ვითხოვთ მერის გადადგომას. ჩვენ გვინდა პრობლემის მოგვარება და ვითხოვთ, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის და მისი მოადგილის ნუგზარ კახნიაურის გადაყენებას,” - განაცხადა ლუკა ბახსოლიანმა.
გარდა ამისა, ლუკა ბახსოლიანის ინფორმაციით, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით დღეს საღამოდან ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყება.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს; ასევე დაუყოვნებლივ დაიწყოს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია; გარდა ამისა, დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით, ჩამოყალიბდეს ისეთი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქალაქის გარემოს მდგომარეობის სრულფასოვან მონიტორინგზე, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებაზე, გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე საქმიანობების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას ქალაქის გარემოსდაცვითი ინტერესების გატარებაზე; ჩვენი მოთხოვნაა, გატარდეს ისეთი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ დედაქალაქში შენობა-ნაგებობების მშენებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ადრეულ და სრულფასოვან მონაწილეობას“, - აღნიშნა მან.