ილია მეორე - უნდა გვახსოვდეს, რომ მშობლის მიერ შვილის დაწყევლა ძალიან საშიშია და ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება

იმისათვის, რომ შვილი ბედნიერი იყოს, მშობელმა ის უნდა დალოცოს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა.

მშობლების მიერ შვილების დალოცვის მნიშვნელობაზე პატრიარქმა ვრცლად იქადაგა. მან მშობლების მიერ შვილების დალოცვის ლოცვა წაიკითხა და აღნიშნა, რომ ის დაიბეჭდება და დარიგდება. ილია მეორის თქმით, მშობლების მიერ შვილის დალოცვის წესი ასეთია: ბავშვი უნდა დააყენო მუხლებზე დედის და იმ ხატის წინაშე, რომლითაც დაილოცება, ორივე ხელი დაადო თავზე და წაიკითხო ლოცვა. ლოცვის დასრულების შემდეგ ნაკურთხი წყლით უნდა აკურთხონ და გარდასახონ პირჯვარი.

ეს დალოცვა იქნება ცხოვრებაში ერთხელ: „ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღმრთისაო, უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, სულო წმინდაო, ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი (მონანი და მხევალნი ღმრთისანი) და მიჰმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა, თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარი სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისთა. ჰოი უფალი, შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩვენნი ხილული და უხილავი მტრებისგან და ღირს ჰყავ ისინი ცათა სასუფეველისა. ლოცვითა და მეოხებითა ყოვლად წმინდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმინდა შენთათა ამინ!“ ამის შემდეგ უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი და გადასახოთ ჯვარი.

პატრიარქის განცხადებით, შვილის დასალოცად მშობლები უნდა მოემზადონ. მამამ ის ცალკე უნდა დალოცოს, დედამ - ცალკე. ”მრავალი პრობლემა არსებობს. მრავალი გაჭირვების წინაშე დგას დღეს კაცობრიობა, ყოველი ადამიანი. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას, ეს არის ოჯახის პრობლემა, ეს არის ურთიერთობა, ურთიერთდამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. სიმშვიდე არ არის ოჯახებში. იმის მაგივრად, რომ შვილები სიყვარულით იყვნენ მშობლების მიმართ, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მშობლებს. ასევეა მშობლები. არის შემთხვევა, როცა დედა შვილს წყევლის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან საშიშია და ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება. მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რაც იყო წარსულში, ჩვენს წინაპრებში და რომელიც მივიწყებულია - ეს არის მშობლების მიერ შვილების დალოცვა, თითოეული შვილის ცალკე დალოცვა. იმისათვის, რომ შვილი იყოს ბედნიერი, მშობელმა უნდა დალოცოს ის. ამისათვის უნდა აჩუქოს მას ნაკურთხი ხატი. ეს ხატი იქნება მფარველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მას აქვს ძალიან დიდი ძალა“, - განაცხადა პატრიარქმა.

როგორც ილია მეორემ ბრძანა, მშობლებმა ის დალოცეს, აჩუქეს ხატი, რომელიც ახლა პანაღეაა. ”თქვენ ნახავთ, რომ დალოცვის შემდეგ შეიცვლება ოჯახი. ოჯახში სიყვარული შემოვა, დამშვიდდებიან შვილები, დამშვიდდება მშობელი, თქვენ ნახავთ, რომ უფალი სასწაულს მოგივლენთ”, - აღნიშნა პატრიარქმა და მრევლს შეახსენა ბიბლიის მცნება ”პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა