საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და იმაზე, არის თუ არა საფრთხე იმაში, თუ ”ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, ვინ უნდა შექმნას საკონსტიტუციო კომისია, სავარაუდოდ, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საკონსტიტუციუო კომისიამ, ”ინტერპრესნიუსი” პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.
- ბატონო ლადო, ვინაიდან 2016 წლის საპარლამენტო შედეგები ქართული პოლიტიკის მთავარ თემად რჩება, ჩვენი საუბარის დაწყება სწორედ ამ თემით მინდა შემოგთავაზოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების პირველი ტურის შედეგებს, ასევე მეორე ტურის სავარაუდო შედეგებს, იმას, რომ ”ქართულ ოცნებას” შესაძლოა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და საერთოდ, არჩევნების შედეგი შიგა პოლიტიკის რა ტენდენციებზე მიანიშნებს?
- პირველ რიგში უნდა ითქვას - პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ამ არჩევნების შედეგად გაიმარჯვა ე.წ. ”ვირტუალურმა მგელმა”. ”ქართული ოცნება” იძახდა - ”მგელი მოდის, მგელი მოდის!” თავად ”მგელი” ოდესიდან იძახდა - ”მოვდივარ, მოვდივარო”. ასეთ ვითარებაში ”მგლის გულშემატკივრებმა” გაიხარეს, გაიქცნენ არჩევნებზე რომ სწორედ ”მგლისთვის” მიეცათ ხმა, ხოლო იმავე მგლის მობრუნების შიშით ამომრჩეველმა ხმა მისცა ”ქართულ ოცნებას”. საბოლოო ჯამში, მგელი არ მოვიდა, მაგრამ შედეგად არჩევნებში სწორედ ”ვირტუალურმა მგელმა” გაიმარჯვა. მგლის ჩამოსვლის შიშით პარლამენტში მივიღეთ ”ქართული ოცნების” დიდი უმრავლესობა და, მეორე მხრივ, ”მგლის” სიყვარულის გამო ”ნაცმოძრაობის” სერიოზული წარმომადგენლობა.რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა ყოფნა პარლამენტში ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, სამწუხაროდ, ისინი პარლამენტში ვერ მოხვდნენ. ის, რომ პარლამენტში მოხვდა ”პატრიოტთა ალიანსი”, ეს ქვეყნისთვის თუნდაც იმის გამოა კარგი, რომ ისინი რომ პარლამეტში არ მოხვედრილიყვნენ, მაშინ ”ნაცმოძრაობა” დაიწყებდა ბინძურ ვაჭრობას პარლამენტში შესვლის თაობაზე, რადგანაც არშესვლის შემთხვევაში შექმნიდა ერთპარტიული პარლამენტის შექმნის საფრთხეს, რაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე ცუდად იმოქმედებდა. დღეს ”ნაცმოძრაობას” ეს ბერკეტი გამოცლილი აქვს. სხვა ფაქტორებთან ერთად, რის გამოც მათ გადაწყვიტეს პარლამენტში შესვლა, ერთ-ერთი ის გახლავთ (რაზეც ხმამაღლა არ საუბრობენ), ისინი რომ არ შესულიყვნენ, პარლამენტში მაინც იქნებოდა ოპოზიციური პარტია ”პატრიოტთა ალიანსის” სახით.
არჩევნებში ”ვირტუალურმა მგელმა” გაიმარჯვა. ”მგლის” ჩამოსვლის შიშით პარლამენტში მივიღეთ ”ქართული ოცნების” დიდი უმრავლესობა და, მეორე მხრივ, ”მგლის” სიყვარულის გამო ”ნაცმოძრაობის” სოლიდური წარმომადგენლობა
რაც შეეხება ტენდენციებს. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ჯერჯერობით ჩვენში მოსახლეობის პოლიტიკური კულტურა არ არის მაღალი, ამომრჩეველი მაინც პრიმიტიულად უდგება თავისი არჩევანის გაკეთებას. ფაქტია, რომ 2016 წლის არჩევნებზე ძალიან მაღალი იყო ”ნაცმოძრაობის” მობრუნებისა და რევანშის დაწყების შიში.
ჩვენში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ივანიშვილმა საქართველოს სააკაშვილი მოაშორა, რაც სინამდვილეში სწორი არაა. ფაქტია, რომ ივანიშვილმა საქართველოს სააკაშვილი კი არ ჩამოაშორა, არამედ დააშორა. სინამდვილეში, სააკაშვილის ძალა - მისი მხარდამჭერები - სამთავრობო და სხვა სახელისუფლებო, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებში საკმაოდ ბევრნი არიან. ამიტომაცაა, რომ ვამბობ - მგელი ქვეყანიდან მოშორებული კი არა მხოლოდ დაშორებულია. საქართველოს კი დააშორეს, მაგრამ ის ახლა წესიერ და ფსიქიკურად ჯანსაღ ამომრჩეველს უკრაინიდან აშინებს.
- დამკვირვებელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, ”ამომრჩევლის 49%-იანი რეზერვი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ახალი პოლიტიკური იდეების დეფიციატია”. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ 2016 წლის არჩევნების შედეგებით ივანიშვილმა ”პოლიტიკური მოედანი მოასუფთავა”. თქვენც მიგაჩნიათ, რომ ჩვენში პოლიტიკური პარტიების სიმრავლის მიუხედავად, ”ახალი პოლიტიკური იდეების დეფიციატია”? თუ თვლით, რომ ”პოლიტიკური მოედანი მოსუფთავებულია”, სავარაუდოდ, როგორი და რა ტიპის პარტიების სასარგებლოდ მოხდა პოლიტიკური მოედნის მოსუფთავება”?
- დიახ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური იდეების დეფიციტია, განსაკუთრებით ეკონომიკური იდეების. არჩევნებში მონაწილე პარტიების ეკონომიკური პროგრამები რომ აიღოთ, ნახავთ, რომ ისინი ტყუპისცალივით ჰგვანან ერთმანეთს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგს ცოტა მეტი აქვს ლიბერალიზმი, ზოგს ცოტა ნაკლები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად სერიოზული დოკუმენტი დადო ”ქართულმა ოცნებამ”. მათი ეკონომიკური პროგრამა სხვებთან შედარებით ბევრად უკეთესი, უფრო სრულყოფილი და სოლიდურია. მთავარია ახალმა მთავრობამ ეს პროგრამა თაროზე არ შემოდოს, გულდასმით წაიკითხოს და იმოქმედოს მის მიხედვით.ჩემი აზრით, საქართველოში პოლიტიკური იდეები მთავარი ჯერჯერობით არ გაამხდარა. ამომრჩეველი მაინც უპირატესობას ანიჭებენ იმას, თუ როგორნი არიან პოლიტიკური ლიდერები. ქარიზმატული ლიდერები, იმედის მომცემი, ან იმგვარი იმედის მომცემი, როცა ამომრჩეველს სჯერა, რომ ლიდერს შეუძლია სიკეთის მოტანა, ან სჯერა, რომ გამოჩნდა ლიდერი, რომელსაც შეუძლია ფულის მოცემა. სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი ამომრჩევლის გემოვნება. ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური იდეების დეფიციტია, ამ მოსაზრებას ვეთანხმები. ეს ნათლად გამოჩნდა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების პროგრამებში. ყველა პარტიისათვის დამახასიათებელია პროფესიონალიზმის დაბალი დონე. როგორც ეკონომისტმა შემიძლია ვთქვა - პარტიებს თავიანთ რიგებში ჰყავდათ ეკონომისტები, მაგრამ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ეს ამ პარტიების ეკონომიკურ პროგრამებზე სერიოზულად აისახა და იქ რაღაც ისეთი წავიკითხეთ, რაც მართლაც მისასალმებელი იქნებოდა. სამწუხაროდ, ასეთი არ ყოფილა...
- როგორც კი გაჩნდა იმის ალბათობა, რომ მეორე ტურის შედეგებით ”ქართულ ოცნებას” მომავალ პარლამენტში შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდეს, პოლიტიკურ წრეებში აქტიურად დაიწყო საუბარი საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე. ჯერ იყო პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად ჩართულიყო ამ პროცესში, მაგრამ უმრავლესობის ლიდერებმა, როგორც იტყვიან, მას ცივი წყალი გადაასხეს. ქალბატონმა ეკა ბესელიამ განაცხადა - ”თუ სამუშაო ჯგუფია, მისი შექმნა არათუ პრეზიდენტს, არავის ეკრძალება, მაგრამ სახელმწიფო კომისიას ქმნის პარლამენტი”. იგივე ეკა ბესელიამ განაცხადა - ”საკონსტიტუციო კომისია დავით უსუფაშვილის თავმჯდომარეობით წარუმატებელი იყო”. სხვათა შორის, ბატონ ივანიშვილისაგან ანალოგიურ ბრალებას დავით უსუფაშვილმა ამომწურავად კი უპასუხა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი ყოფილი თანაგუნდელებისთვის სულ ამაოდ. თქვენ როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თემაზე პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაწყებულ კამათს, რომელიც რეალურად პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის ბაგირის გადაწევას უფრო ჰგავს, ვიდრე საკონსტიტუციო საკითხებზე ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის დაწყების მცდელობას? თავისთავად იმაში, რომ შესაძლოა შეიქმნას საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ, ქვეყნის სასიკეთოდ თუ როგორ და რამდენად გამოიყენებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს უკვე სხვა საკითხია. ცუდია, თუ იგი პირადი ინტერესებისთვის იქნება გამოყენებული
ზუსტად ასეა საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხიც. თავისთავად კონსტიტუცირ უმრავლესობაში ცუდი არაფერია. მაგრამ, ქვეყნის სასიკეთოდ თუ როგორ და რამდენად გამოიყენებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს უკვე სხვა საკითხია. ცუდია, თუ იგი პირადი ინტერესებისთვის იქნება გამოყენებული.
1992 წელს, როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხეს, დაიწყო დისკუსია იმაზე, რომ ქვეყანა უნდა გადასულიყო საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე. ძალიან მალე შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომლის მუშაობაში მონაწილეობის მიღების პატივი მეც მქონდა. ვხელმძღვანელობდი ეკონომიკის საკითხთა სამუშაო ჯგუფს. სწორედ ამ საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა 1995 წლის კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მოქმედებს, შემდგომ მასში შესული ცვლილებებით. პარლამენტში, რომელმაც ეს კონსტიტუცია მიიღო, არ იყო არანაირი საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმ პარლამენტში შედიოდნენ ძალიან ბევრი პარტიის წარმომადგენლები, სხვათა შორის, ზოგი პარტია ერთი წევრითაც კი იყო წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ის პარლამენტი ძალიან ჭრელი იყო და საკონსტიტუციო საკითხებზე დიდი დაპირისპირებებიც იყო, ამ ჭრელმა პარლამენტმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ისეთი სერიოზული დოკუმენტის მიღებაც კი, როგორიც კონსტიტუციაა.
პრეზიდენტ გამსახურდიას მმართველობის დროსაც იყო საუბარი, რომ ქვეყანას არ სჭირდებოდა საპრეზიდენტო რესპუბლიკა და იგი საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო. საკონსტიტუციო კომისიაზე ამ საკითხზე იყო ვრცელი მსჯელობა და საბოლოოდ ითქვა, იმის გამო რომ სხვა ქვეყნებს ჰყავდათ პრეზიდენტები და ჩვენ რატომ არ უნდა გვყოლოდა. 1995 წელს მიღებულ კონსტიტუციაში არა მარტო გაჩნდა პრეზიდენტის ინსტიტუტი, არამედ მას საკმაოდ დიდი ფუნქციებიც მიენიჭა, კერძოდ, იმავდროულად მთავრობის მეთაურის ფუნქციებიც განესაზღვრა.
”მოქალაქეთა კავშირს” უნდოდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია იმის გამო, რომ ამას პრეზიდენტი შევარდნაძე ბლოკავდა და მას ანგარიშს უწევდნენ
1995 წლის არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდა ”მოქალაქეთა კავშირი”, მაგრამ კონსტიტუციაში არც ერთი ცვლილება არ შეტანილა. მე მაშინ მინისტრი გახლდით და მახსოვს არაერთი შეხვედრა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, რომლის დროსაც იყო საუბარი კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების შეტანის შესახებ. მაგალითად, ერთი ეხებოდა პარლამენტში ბიუჯეტის წარდგენის ვადებს და ვთვლიდით, რომ ეს დასაზუსტებელი იყო. შევარდნაძის პოზიცია იყო მკაფიო - ჩვენ კონსტიტუცია მიღებული გვაქვს არა რეფერენდუმით, არამედ პარლამენტით, ამიტომ მასში ცვლილების შეტანა არის ადვილი, მაგრამ მე რომ ერთი ცვლილება მაინც შევიტანო, შემდეგ ჩვენსავე სურვილებს მასში ცვლილებების შეტანაზე ვერ შევაჩერებთ. ამიტომაც იყო რომ მიუხედავად იმისა, რომ ”მოქალაქეთა კავშირს” პარლამენტში 1995 წლიდან საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, კონსტიტუციაში არც ერთი ცვლილება არ შეუტანია.
ე.წ. ”ვარდების რევოლუცის” შემდეგ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ცვლილებები იქნა შეტანილი. ბოლოს, როცა მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადა გასდიოდა, მან კონსტიტუცია საერთოდ საკუთარ თავზე მოირგო. კონსტიტუციაში პირველ პირად ჩაიწერა პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არჩევის ვადა არა აქვს შეზღუდული, ხოლო პრეზიდენტს არჩევის ვადებიც შეზღუდული აქვს და ფუნქციებიც - არსებითად შეკვეცილი. დღეს ჩვენ გვაქვს კონსტიტუციის ის მოდელი, რომელიც სააკაშვილზე იყო მორგებული, თუმცა გამოყენება ვერ მოასწრო. საქართველომ გაიარა ორი მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფაზა. ”მოქალაქეთა კავშირს” უნდოდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია იმის გამო, რომ ამას პრეზიდენტი შევარდნაძე ბლოკავდა და მას ანგარიშს უწევდნენ. შემდეგ კი ”ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელობით მოხდა კონსტიტუციის მრავალჯერადი შეცვლა.
რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ, სამწუხაროდ, სახელისუფლებო შტოებს შორის ძიძგილაობა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ არც თუ დიდი ხნის წინ აქტიურად განიხილებოდა თემა თუ ვის უნდა მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, პრეზიდენტ მარგველაშვილს თუ პრემიერ ღარიბაშვილს, ან ვინ უნდა გამოსულიყო გაეროს სესიაზე სიტყვით, პრეზიდენტი მარგველაშვილი თუ პრემიერი ღარიბაშვილი. ახლა ძიძგილაობა გრძელდება თუ ვინ უნდა შექმნას საკონსტიტუციო კომისია. ეს საკითხი ძალიან მარტივი გადასაწყვეტია - საკონსტიტუციო კომისია უნდა შექმნას იმან, ვისაც ეხება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. ეს კი მხოლოდ პარლამენტს შეუძლია. ამიტომ, გამართლებულია, რომ საკონსტიტუცია კომიასია პარლამენტმა შექმნას.
საკონსტიტუციო კომისია უნდა შექმნას იმან, ვისაც ეხება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. ეს კი მხოლოდ პარლამენტს შეუძლია. ამიტომ, გამართლებულია რომ საკონსტიტუცია კომიასია პარლამენტმა შექმნას
მაგრამ, ამ პროცესში ძალიან მაღალი უნდა იყოს პრეზიდენტის წარმომადგენლების სახით მისი ჩართულობა. პრეზიდენტს თავის აპარატში საკმად კვალიფიციური იურისტები ჰყავს და ამ პროცესში მათ აქტიურ მონაწილეობას ვგულისხმობ. იმავდროულად ვამბობ - თუ საკონსტიტუციო კომისიაში იქნებიან მხოლოდ კონსტიტუციონალისტები და სხვა იურისტები, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა. მასში უნდა იყვნენ მოწვეული სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, მეცნიერები, საზოგადოების წარმომადგენლები. მე იურისტი არ გახლავართ, მაგრამ 1995 წლის საკონსტიტუციო კომისიაში მოვხდი როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, როგორც მეცნიერი ეკონომისტი. ჩემი აზრით, საკონსტიტუციო კომისიაში საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა უნდა იყოს, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხები ასევე უნდა იყოს ფართო განხილვის საგანი და უნდა მიმდინარეობდეს საჯარო დისკუსია.
- ვინაიდან თქვენ საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობის გამოცდილება გაქვთ, თქვენი ნება რომ იყოს, მოქმედ კონსტიტუციაში რა ცვლილებებს შეიტანდით?
- არის საკითხები, რომლებიც მიზანშეწონილია კონსტიტუციაში სწრაფად აისახოს. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ კონსტიტუცია თავიდანაა დასაწერი. სააკაშვილის ხელისუფლებამ კონსტიტუცია იმდენად გააფუჭა, მასში იმდენად ბევრია გაუგებრობა, რომ ისინი აუცილებლად გასასწორებელია.სწრაფად შეიძლება მოხდეს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა. პარლამენტის ქუთაისში ყოფნა ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება. პარლემენტის აპარატის, დეპუტატების მოძრაობა, ბინების ქირაობა, მანქანების ცვეთა, საწვავი. პარლამენტის ქუთაისში გადატანა სააკაშვილს იმიტომ მოუვიდა აზრად, რომ პარლამენტის შენობის წინ იმართებოდა საპროტესტო აქციები და პარლამენტს უჭირდა იქ სხდომების ჩატარება - საკნების აქციები გავიხსენოთ. ეს თავიდანვე სიბრიყვე იყო. მერე დაიწყეს საუბარი, რომ ამით თითქოს ქუთაისი აყვავდებოდა. პარლამენტი ცირკი შაპიტო არაა, რომ ქალაქიდან ქალაქში ამოგზაურო ამ ქალაქების ეკონომიკური განვითარების მიზნით. ეს საკითხი ძალიან მარტივი შესაცვლელია. რომ არა პოლიტიკური დაპირისპირების აუცილებლობა, დარწმუნებული ვარ, ”ნაცმოძრაობის” ბევრ წევრსაც გაუხარდება, თუ პარლამენტი თბილისში გადმოვა.
ასევე არის საკითხები, რომელიც აუცილებლად გასასწორებელია. მაგალითად, გადასახადის ახალი სახეობის შემოღების თუ არსებულის განაკვეთის ზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება რეფერენდუმი. ეს ხომ სისულელეა! გადასახადის განაკვეთის ზრდაზე რეფერენდუმი ჩატარებას აზრი არა აქვს, ვინაიდან წინასწარ ცნობილია, რომ ამგვარ რამეს მოქალაქეები მხარს არ დაუჭერენ. გადასახადების რაოდენობა და განაკვეთების ოდენობა არის ეკონომიკური პოლიტიკის თემა, ამიტომ ის პოლიტიკურ პროცესში უნდა წყდებოდეს.
- რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა, რაზეც კარგა ხანია მმართველი გუნდის უმრავლესობის წევრები საუბრობენ?
- პარლამენტის თბილისში გადმოტანასთან შედარებით პრეზიდენტის არჩევის წესი უფრო რთული და ფაქიზი საკითხია. ეს საკითხი კარგად უნდა იქნას გააზრებული. ამიტომაც ვამბობ, რომ მიზანშეწონილია ახალი კონსტიტუცია გვექნეს დასაწერი.თუ ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს და ეს ჩვენთვის პრინციპულია, რაც აპრიორი არ უნდა გამოირიცხოს, მაშინ მას ფუნქციებიც უნდა გაეზარდოს
თუ ჩვენ გვინდა რომ პრეზიდენტი იყოს საყოველთაოდ არჩეული, მაშინ ფუნქციები უნდა გავუზარდოთ, ხოლო თუ ჩვენ ვტოვებთ პრეზიდენტს შეკრეჭილი ფუნქციებით, მაშინ პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნები, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. ეს ხომ დღესავით ნათელია. საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც არ აქვს რეალური ფუნქციები, ქვეყანას ძვირი უჯდება. საყოველთაო არჩევნებიც ძვირია და მერე მისი შენახვაც და თან, თუ მას ფუნქციები არ ექნა - რისთვის? თუ ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს და ეს ჩვენთვის პრინციპულია, რაც აპრიორი არ უნდა გამოირიცხოს, მაშინ მას ფუნქციებიც უნდა გაეზარდოს.
- არ ცხრება კამათი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძის არჩევასთან დაკავშირებით. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე მოსამართლეებმა აირჩიეს და ამ პროცესში ხელისუფლების არც ერთი შტო არ ჩარეულა, მაგრამ ”ნაცმოძრაობიდან” ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მმართველმა გუნდმა ზაზა თავაძე გაიყვანა, ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება არა მარტო საკონსტიტუციო სასამართლო, არამედ მთელი სასამართლო სისტემა. მაგალითად მოსამართლე მურუსიძე სახელდება. ხელისუფლების ოპონენტები ისე საუბრობენ ამ თემებზე, თითქოს მათი მმართველობის დროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ, ანაც მოსამართლეების მიერ იყვნენ არჩეული. თქვენ როგორ შეაფასებდით სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებას? თუ სასამართლო ხელისუფლებას მართლაც ხელისუფლება აკონტროლებს, თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მართლმსაჯულების საკითხებში ”ნაცმოძრაობის” ხელისუფლების მიერ გავლილი გზა გაიაროს?
- კუბლაშვილი და პაპუაშვილი ”ნაცმოძრაობის” პოლიტიკური სახეები იყვნენ და ამასთან დაკავშირებით თავის დროზე არავის აუტეხია დებოში. რაც შეეხება ბატონ ზაზა თავაძეს, პირადად მას არ ვიცნობ, მაგრამ მას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას ვულოცავ და როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე ვთვლი, - უმთავრესი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბ-ნმა ზაზა თავაძემ უნდა გაკეთოს, გამოიყვანოს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური დებატების სივრციდან. რაც ბოლო ხანებში ხდებოდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გამოდიოდნენ ტელევიზიით და კომენტარებს აკეთებდნენ. არ არიან ისინი არც ექსპერტები და, მით უფრო, არც პოლიტიკოსები. მოქალაქეებს, მათი ხმა მათივე გადაწყვეტილებების საშუალებით უნდა გვესმოდეს.უმთავრესი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბ-ნმა ზაზა თავაძემ უნდა გაკეთოს, გამოიყვანოს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური დებატების სივრციდან
რაც შეეხება მურუსიძეს, ეს კი ნამდვილად მიმაჩნია საქართველოს სირცხვილად. როდესაც გვესმის, რომ თურმე ბატონი მურუსიძე მსხვერპლი ყოფილა, ეს მთელი საზოგადოების, მთლიანად ერის შეურაცხყოფაა. თუ მურუსიძე მსხვერპლი იყო, მაშინ გვირგვლიანი და ენუქიძე ვინ იყვნენ? მურუსიძის ფენომენი გახლავთ ყველაზე დიდი გაუგებრობა, რაც თანამედროვე საქართველოს მმართველი ძალის მახასიათებლადაც კი იქცა.
ვერ ვიტყვი, რომ ”ქართული ოცნება” ნაციონალების” გზას გადის. ”ქართულ ოცნებასა” და ”ნაციონალებს” შორის მსგავსება ძალიან დიდია. მაგალითად, საკადრო გემოვნებაში (ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯერ იყო ნეპოტიზმი, შემდეგ კი სახეზეა კრონიზმი), სხვა გადაწყვეტილებებშიც, მაგრამ პრინციპული განსხვავებაც არსებობს. პრინციპული განსხვავება არის ის, რომ ”ნაცმოძრაობა” იყო აგრესიული, ხალხის დამრთგუნველი, ბევრი ძალიან ცუდი საქმის ჩამდენი ძალა, მაშინ როცა ”ქართული ოცნება” ასეთი ნამდვილად არაა. ”ნაცმოძრაობა” ”ქართულ ოცნებას” უნიათოს, უუნაროს უწოდებს. იცით რატომ? - უმრავლესობაში მყოფი ”ქართული ოცნება” იგივეს რომ არ აკეთებს (და კარგია, რომ არ აკეთებს!), რასაც ”ნაცმოძრაობა” ოპონენტებს უკეთებდა.
2012 წლის არჩევნების შედეგები გამოცხადებული არ იყო, როცა საქართველოდან დაიწყეს გაქცევა მათმა სახეებმა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დატოვა საქართველო. ასევე გაიქცა საქართველოდან აწგანსვენებული კახა ბენდუქიძე და სხვები. ყველას ეშინოდა, რომ დაიჭერდნენ და იგივეს უზამდნენ, რასაც ნაცები უკეთებდნენ მათდამი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს. რადგანაც ეს ასე არ მოხდა, ამიტომ დაარქვეს ”ნაციონალებმა” ”ქართულ ოცნებას” უნიათო მთავრობა. ”ქართული ოცნება” შეეგუა იმასაც, რომ თავის აპარატში ჰყავს ”ნაცმოძრაობის” აშკარა გულშემატკივრები. შეეჩვია იმასაც, რომ მათი დევნაც არ დაიწყო. ამის გამო მთლიანობაში მივიღეთ გაუგებარი სიმბიოზი.
განვლილმა ოთხმა წელმა გვიჩვენა, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლება ვერ და არ დადგება ბოროტების იმ გზაზე, რომელიც ”ნაცმოძრაობამ” გაიარა
განვლილმა ოთხმა წელმა გვაჩვენა, ”ქართული ოცნების” ხელისუფლება ვერ და არ დადგება ბოროტების იმ გზაზე, რომელიც ”ნაცმოძრაობამ” გაიარა. ეს პოლიტიკური ძალა ნამდვილად არ არის ბოროტი პოლიტიკური ძალა. ეს ძალა არ არის ორინეტირებული იმაზე, რომ საზოგადოება დათრგუნოს და შეაშინოს. ეს რომ ასე იყოს, ”ნაცმოძრაობა” თავის საქმიანობას ასე თავისუფლად ვერ წარმართავდა. მათ იმის სულაც არ რცხვენიათ, რაც თავად 9 წელი სჩადიოდნენ. ახლა ისინი ურცხვად აბრალებენ ხელისუფლებას იმას, რასაც თავის დროზე თავად აკეთებდნენ.
”ნაციონალები” ახლა ”ქართულ ოცნებას” იმას აბრალებენ, რისი გაკეთების სურვილი მას არც ჰქონია. და თუ ამის მსგავსი რამ ”ქართული ოცნებიდან” მაინც კეთდება, რა თქმა უნდა, შერბილებული ფორმით, ისიც იმიტომ რომ სამთავრობო სტრუქტურებში, განსაკუთრებით კი ძალოვან სტრუქტურებში საკმაოდ ბევრნი არიან ”ნაცმოძრაობის” გულშემატკივრები. ამიტომაცაა, რომ სააკაშვილი კი არ მოგვაცილეს, არამედ დაგვაცილეს... იმედია ეს დროებითი არ იქნება.
”ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"