„თიბისი ბანკი“ იუსტიციის სახლებში სიახლეს ნერგავს

იუსტიციის სახლებში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისების საფასურის გადახდა განაცხადის მიმღებ ოპერატორთან საბანკო პლასტიკური ბარათით შეუძლიათ.

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”თიბისი ბანკიდან” აცნობეს. სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს იუსტიციის სახლს, საჯარო რეესტრსა და „თიბისი ბანკს“ შორის ხელი უკვე მოეწერა.

როგორც ”თიბისი ბანკის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინიციატივის შედეგად, მომხმარებლისთვის სერვისების მიწოდება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით კიდევ უფრო გამარტივდა.

საჯარო რეესტრის სერვისების მიმართულებით მომუშავე თითოეული ოპერატორის სამუშაო მაგიდაზე “თიბისი ბანკის” პოსტერმინალია განთავსებული, რაც მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის. 140 პოსტერმინალი თბილისის იუსტიციის სახლს “თიბისი ბანკმა” გადასცა. სიახლის დანერგვისთვის საჭირო პროგრამული კომპონენტი კი საჯარო რეესტრმა უზრუნველყო.

„ახალი, ინოვაციური პროექტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ადგილზევე გადაიხადონ საჯარო რეესტრის მომსახურების ხარჯი, მაგალითად, როგორიც არის, ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციის საფასურები. ამ სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ტიპის (ვიზა, მასტერკარდი, ჩაინა უნიონ ფეი) საბანკო პლასტიკური ბარათის მფლობელს. ეს სერვისები ამ დროისთვის მოქმედებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში, ხოლო სულ მალე, მთელ საქართველოს მოიცავს, რათა მომხმარებლებმა პროცესები მარტივად გაიარონ, დაზოგონ დრო და თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ“, - აცხადებს ”თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი.

”თიბისი ბანკის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომსახურების საფასურის გადასახდელად მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში მდებარე ბანკის ფილიალებში მისვლა აღარ უწევთ. მათ შეუძლიათ, თანხა უშუალოდ ოპერატორებთან ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადაიხადონ.

„ეს არის „ერთი ფანჯრის“ პრინციპის სრულყოფისკენ მიმართული ინიციატივა, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო უზოგავს დროს და ფინანსური ოპერაციის შესრულება უხდება უშუალოდ ოპერატორთან, მას აღარ სჭირდება ბანკის ფილიალებში წასვლა და იქ რიგში ჩადგომა. ამ ეტაპზე მომსახურება დავნერგეთ ყველაზე დატვირთულ ფილიალებში დიდ ქალაქებში, მაგრამ ვგეგმავთ, რომ ის მთელი საქართველოს მასშტაბით გავავრცელოთ“, - განაცხადა იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა.

მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობის საფუძველზე აღნიშნული მომსახურება ქვეყნის ყველა იუსტიციის სახლში უახლოეს თვეებში ამოქმედდება.

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე