გია ხუხაშვილი - “არჩევნების დღეს ხელისუფლება ვერ ილაპარაკებს გადატრიალებაზე - ეს დღე ერთადერთია, როდესაც ძალაუფლება ჰაერშია და ის უბრუნდება ხალხს”
“ოცნება” გახარიას დაპატიმრების ან მისთვის დაუსწრებლად ბრალის წაყენების საფუძველს ამზადებს
დაუპირისპირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში?!
ახალი სკანდალი მოსკოვსა და ბაქოს შორის - ეკატერინგბურგში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მოწყობილი რეიდი მსხვერპლით დასრულდა
გიორგი კობერიძე - “ამ ომმა ირანს აჩვენა, რომ რუსეთი ვერაგი პარტნიორია, მაგრამ ირანს ახლა დიდი არჩევანი არც აქვს”
* * *
გია ხუხაშვილი - “არჩევნების დღეს ხელისუფლება ვერ ილაპარაკებს გადატრიალებაზე - ეს დღე ერთადერთია, როდესაც ძალაუფლება ჰაერშია და ის უბრუნდება ხალხს”
“ეს არის რუსულ სპეცსამსახურებში კარგად დამუშავებული ტექნოლოგია, როდესაც ყველაფერი აბსურდამდე უნდა დაიყვანო, ისეთ მდგომარეობამდე, როდესაც კამათს უკვე აზრი ეკარგება. ეს არის პროცესი, რომელსაც ფარისევლობის აბსოლუტიზაციაც შეიძლება ეწოდოს, რა დროსაც აღარ აქვს მნიშვნელობა, საზოგადოებას სჯერა თუ არა შენი რიტორიკის, უბრალოდ, ხდება საზოგადოების სრული შოკირება. ვგულისხმობ პოზიციას, როდესაც ერთი მიმართულებით მიდიხარ, ხალხს კი უმტკიცებ, რომ თითქოს მეორე, საწინააღმდეგო მხარეს ადგახარ გზას. ასე ტექნოლოგიურად ფუთავენ თავიანთ მოქმედებებს. რაც შეეხება იმას, რაც რეალურად ხდება. ჩემი აზრით, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმის დამყარება უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღისთვის”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია, რა შეიძლება მოიტანოს ბოიკოტმა...” / “არჩევნების დღე ერთადერთია, როდესაც ძალაუფლება ჰაერშია და ის უბრუნდება ხალხს”.
“არჩევნების შემდეგ გეგმავენ, რომ უკვე სრულად იყოს ჩაბეტონებული სისტემა, რომელიც არ გულისხმობს რაიმე ტიპის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ თუნდაც სოციალურ-ეკონომიკურ ალტერნატივას. ყველაფერი უნდა იყოს მონოპოლიზებული და კონტროლირებული ხელისუფლების მიერ. ვადა ძალიან შემჭიდროებული აქვთ. ამ ტიპის რეჟიმების დამკვიდრება სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა, რუსეთში, ბელარუსში და ა.შ., თუმცა ეს პროცესი გარკვეულწილად გაჭიანურებული იყო, ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად მიდიოდნენ და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სეგმენტზე კონტროლს ამყარებდნენ. ჩვენთან ეს პროცესები დააჩქარეს და მოკლე ვადაში უწევთ ამის გაკეთება. ბევრი ამბობს, რომ არ ახსენდება ქვეყანა, სადაც ამდენი პოლიტიკური ლიდერი ერთბაშად დაიჭირეს, მაგრამ ამის ახსნა მარტივია - განსაკუთრებული არაფერი ხდება, იგივეა, რაც სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა, მაგრამ უფრო სწრაფად და უფრო უხეში ფორმებით. ხელისუფლების ამოცანაა პოლიტიკური ოპოზიციის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და პარალიზება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“უკვე პიროვნულ დონეზე დავიდნენ - ტოტალიტარიზმის სიმპტომებიც კი გამოჩნდა, როგორც ცნობილი გახდა, ვიღაც ბებო კომენტარისთვის 2.400 ლარით დაუჯარიმებიათ. დღეს სისტემის სახით მივიღეთ ისეთი საზიზღარი ურჩხული, რომელიც, როგორც ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი, ბულიმიით არის დაავადებული, ყველაფერს ჭამს და ხშირად ეს პოლიტიკურ ლოგიკასაც კი არ ექვემდებარება, მაგრამ ბულიმია ასეთია, ვერ ძღები, თან ეს ურჩხული რაც უფრო იზრდება, უფრო მეტ საკვებს ითხოვს... რა ლოგიკა შეიძლება იყოს პაატა ბურჭულაძისთვის რუსთაველის პრემიის ჩამორთმევაში? არანაირი! რა შუაშია მისი პოლიტიკური პოზიცია, როცა ეს პრემია საკუთარი მოღვაწეობისთვის დაიმსახურა? რაც შეეხება იმის ძახილს, რომ თურმე ევროპისკენ მიდიან, როდესაც ყველა ევროპულ ღირებულებას თელავენ, ამის პოლიტიკური მოტივი ის არის, რომ მშვენივრად იციან, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის პროდასავლური განწყობა და ცდილობენ ამ პროდასავლურ, მაგრამ კონფორმისტ ნაწილს მისცენ საკვები”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი სწორედ კონფორმისტი აღმოჩნდა. ეს ხალხი რომ დაფიქრდეს, მშვენივრად დაინახავს, საითაც მიდის ხელისუფლება, მაგრამ კონფორმიზმი ასე მუშაობს - თუ მას საკვებად პროპაგანდისტულ ტყუილს აძლევ, ის თავს იმართლებს ამ ტყუილით საკუთარ სინდისსა და მომავალთან, თუ რატომ არის ჩუმად ამ განუკითხაობის პერიოდში. ის ამ პროპაგანდისტული საკვებით უკვე შვილების მოტყუებასაც ცდილობს. ეს ნაკლებად გამოსდით, მაგრამ ასე მუშაობს აგრესიული კონფორმიზმი, რაც, როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის დამახასიათებელი ყოფილა. ჩვენ არცთუ ფხიზელი და ანალიზის უნარის მქონე საზოგადოება ვყოფილვართ”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“უპირველესად გეტყვით, რატომ არის მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის ავტორიტარულ სისტემად გადაქცევის სპეცოპერაციის დასრულება მომავალი არჩევნებისთვის. ესეც რუსული მოდელის და ე.წ. მეტოდიჩკის ნაწილია. ივანიშვილს წარმოუდგენია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ, წყნარ გარემოში და ერთი პროცენტითაც კი ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს “ქართული ოცნების” გამარჯვება. შესაბამისად, უნდა მოხდეს დომინანტური პარტიისა და მისი სატელიტების ფორმირება, ანუ იმ ტიპის ოპოზიციის, რომელიც ამ თამაშის წესებზე დათანხმდება და რუსული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ე.წ. სუვერენული დემოკრატიის დამკვიდრებაში დაეხმარება ხელისუფლებას. ამ სატელიტებს თავიანთ ბოსტანს მოუზომავენ და იქნებიან კმაყოფილი. ეს ყველაფერი ახლა უნდა მოხდეს, ასეთია ხელისუფლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. შესაბამისად, ეს რომ გააკეთო, უნდა გაასუფთაო პოლიტიკური ველი ისეთი პარტიებისგან, რომლებმაც შეიძლება თავსატეხი გაუჩინონ “ქართულ ოცნებას” და ამ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენონ. ამიტომ იჭერენ ოპოზიციონერ ლიდერებს ასეთი უხეში ფორმით”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.
“რაც შეეხება კითხვას - ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა? თეორიულად ორივე გზა შეიძლება იქნეს განხილული, მაგრამ პოლიტიკაში ემოციებით ხომ არ იხელმძღვანელებ. უნდა იცოდე, რა არის ამოცანა, მიზანი და როგორ უნდა მიხვიდე ამ მიზნამდე. რა თქმა უნდა, ბოიკოტის საკითხის განხილვა შეიძლება, მაგრამ რას მოიტანს ბოიკოტი? ამან აქამდე ის ვითარება მოგვცა, რომ ოპოზიციაში ასე, თითო-თითოდ ყველას იჭერენ, ზოგი საკუთარი სურვილით ადის ეშაფოტზე, რაც პიროვნულად ამ ადამიანების მიმართ პატივისცემას აჩენს, მაგრამ ეს რას ცვლის ქვეყნისთვის? ეს დისიდენტური გზაა, ეს არ არის რეალური პოლიტიკა და შესაბამისად, რეალურ პოლიტიკურ შედეგს ვერ მოიტანს, ვერ გამოიწვევს საზოგადოებაში იმ ტიპის რყევას, რაც პრობლემას შეუქმნის ხელისუფალს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია, რა შეიძლება მოიტანოს ბოიკოტმა. ერთადერთი, დასავლეთის მიერ ხელისუფლების იზოლირება, მაგრამ იზოლირება ისედაც სულ უფრო მასშტაბური ხდება, რასაც ხელისუფლება არ ეპუება”, - ამბობს რესპონდენტი.
“მისი სტანდარტი სულაც აღარ არის დასავლეთისგან ლეგიტიმაციის მიღება. რუსული ტიპის ლეგიტიმაციას მიიღებს მესამე ქვეყნებიდან და კმაყოფილი იქნება. ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ მხოლოდ დასავლეთის ზეწოლით ქვეყანაში რაიმე რადიკალურად შეიცვლება. აქ მნიშვნელოვანია შიდაპოლიტიკური პროცესი, რომლის წამყვანი ამ ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ. როდესაც შიდაპოლიტიკური პროცესის ორგანიზება ვერ ხერხდება, მხოლოდ დასავლეთისგან ზეწოლით ბევრი არაფერი შეიცვლება. თუ ვინმემ იცის, ამ ბოიკოტის გზით მიზნის მიღწევა როგორ შეიძლება და გეგმა აქვს, ეს საჯაროდ უნდა ითქვას, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს რწმენა და ქვეყანაში არსებული დიდი, უზარმაზარი პროტესტის კონსოლიდაციის საფუძველი, მხოლოდ სადღეგრძელოებით ლაპარაკი საზოგადოებაში დაგროვილ საპროტესტო განწყობებს ვერ გააერთიანებს. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი არჩევანი, რადგან გვაქვს სრულიად არასამართლიანი გარემო, ვიცით, რომ ხელისუფლება აუცილებლად გააყალბებს და ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ არჩევნების დღე ერთადერთია, როდესაც ძალაუფლება ჰაერშია და ის უბრუნდება ხალხს”, - ამტკიცებს ექსპერტი.
“თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალური მასშტაბით ბრძოლის გამართვა ხელისუფლებასთან და მისთვის ძალაუფლების ხელიდან გამოგლეჯა ადგილებზე, თუ რესურსებს შევადარებთ, პრაქტიკულად, გამორიცხულია, მაგრამ თუ მრავალსვლიანი ტაქტიკით ვისარგებლებთ, ანუ ისეთ სტრატეგიას ავირჩევთ, სადაც მნიშვნელოვანი ბერკეტები შეიძლება წაართვა ხელისუფლებას და ამ ბერკეტებით შეუქმნა დიდი პრობლემები, ასეთი გეგმა გაცილებით უფრო სწორი, დალაგებული და შესასრულებელიც იქნება, მით უფრო, რომ მეგაპოლისებში - დიდ ქალაქებში გაყალბება საკმაოდ რთულია. რა თქმა უნდა, რაღაც პროცენტს იქაც გააყალბებენ, მაგრამ ეს ვერ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორიც გარდაბანში ან მარნეულში. ასეთი ქალაქებია თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი და კიდევ რამდენიმე შეიძლება დაემატოს ამ სიას... საზოგადოებამ, რომელიც 200-ზე მეტი დღეა ქუჩაშია, შეუძლია ეს აქციოს გენერალური პოლიტიკური ბრძოლის დღედ, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო, მისცემს ხმას და მერე საკუთარ ხმას დაიცავს კიდეც. არჩევნების დღეს ხელისუფლება ვერ ილაპარაკებს სახელმწიფო გადატრიალებაზე, პირიქით იქნება, თუ ხელისუფლებამ უხეშად დაიწყო ბიულეტენების მიწერა, ოქმების გაყალბება, ჩვენივე კონსტიტუციით ხალხი ამ დროს იძენს უფლებას, რომ აღკვეთოს სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც ხელისუფლება აწყობს ხალხის ნების გაყალბებით”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არჩევნების დღე შეიძლება ვაქციოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლის დღედ. ჩემი აზრით, ასეთ ვითარებაში, მაგალითად, თბილისში, საზოგადოებას გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ხელისუფლების რეიტინგი ყველა კვლევით კატასტროფულია. სხვა დიდ ქალაქებშიც თუ სწორად შეარჩევენ კანდიდატებს, იგივე მოხდება. ძალიან მომწონს რამდენიმე ქალაქის მერობის კანდიდატების ალიანსის ერთობლივი კამპანიის იდეა. არაპარტიული, საზოგადოების ლიდერები, რომლებსაც პარტიებიც მხარს დაუჭერენ. შემდგომ ყველაფერი ხალხზე იქნება დამოკიდებული. პირადად მე თბილისის მერობის რამდენიმე შესაძლო კანდიდატზე ვფიქრობ, თუმცა არ დავასახელებ, რადგან ჩაქოლავენ მეორე დღესვე “ქართული ოცნების” ტროლ-ბოტები... ზურაბიშვილსაც განვიხილავ, მაგრამ არ მინდა დღეს ამაზე ლაპარაკი, თუმცა ბათუმში ვინ იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი, ეს შემიძლია გითხრათ - ეს არის მზია ამაღლობელი. წარმოუდგენელია ბათუმმა მზია ამაღლობელი არ აირჩიოს. მე ვიცი, რომ ბათუმი ძალიან გაბრაზებულია, რაც ხდება ამაღლობელის თავს. სხვა ქალაქებშიც შეიძლება ასეთი ტიპის სამოქალაქო ლიდერების პოვნა, მით უფრო, თუ ისინი ერთობლივ კამპანიას ყოველგვარი პარტიების გარეშე წარმართავენ, ვფიქრობ, წარმატების მიღწევის შანსი საკმაოდ მაღალი იქნება”, - თვლის რესპონდენტი.
“თუ მართლაც რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში, გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა, ეს იქნება უდიდესი პრობლემა “ქართული ოცნებისთვის”. მერე თბილისი ლეგიტიმაციის თვალსაზრისით ყველაზე მძიმეწონიანი ქალაქია. ფაქტობრივად, შეიქმნება ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, პირდაპირი პლატფორმა იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველაფერი შეიცვალოს. მე არ ვამბობ, რომ ეს გარანტირებულად ასე მოხდება, ამიტომ განვიხილოთ ის ვარიანტიც, თუ ასე არ მოხდა. მესმის ლაპარაკი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა თითქოს ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას, არადა, პირიქით არის. თუ ვმონაწილეობთ არჩევნებში და ხელისუფლება უხეშად დაიწყებს გაყალბებას, ოქმების წერას, ამით მისი აბსოლუტური დელეგიტიმაცია მოხდება და სტაბილურობის ილუზიასაც საბოლოოდ დაკარგავენ, რასაც გარდაუვალად მოჰყვება სისტემური რყევები. სისტემაში ადამიანები ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ, მაგრამ ამასაც აქვს საზღვარი...” - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ კორუფციის ბრალდებით დააკავეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. არსებობს ვარაუდები, რომ ის ბოლო არ იქნება...” - პასუხობს:
“ეს წინასაარჩევნო ტრიუკია. კორუფცია ქვეყანაში რომ სისტემურია, ხელისუფლებამ კი არა, ყველა მოქალაქემ იცის. ჰოდა, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა მოსავალი აიღოს... თან სხვისი ხელით. ძალაუფლების ილუზია შეუქმნა კობახიძეს და მას აკეთებინებს არაერთ ბინძურ საქმეს. მერე, როცა ამ პროცესს დაასრულებს, ისევ კობახიძეს შეახოცავს ხელს ბევრ რამეში და ჩარეცხავს, როცა აღარ დასჭირდება. ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცია და მოიქცა, როგორც “ჭკვიანი” ხელისუფალი, რომელსაც ისე უნდა ისარგებლოს ძალაუფლებით, რომ თვითონ კორუფციაში არ იყოს გარეული - ამიტომაც შემოიკრიბა ხარბი მედროვეები და შეუქმნა მათ დაუსჯელობის ილუზია. ამათაც კარგად “იმუშავეს” და დიდი ფული მოჭრეს, დღეს კი დადგა მოსუქებული ცხვრების გაპარსვის დრო. რომეო მიქაუტაძის შემდეგ ვინ არის რიგში, ამაზე ასე ვუპასუხებდი - ძალიან ბევრი ყოფილი და ამჟამინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკი, მაგალითად, სუს-ის ამჟამინდელი უფროსის, ოხანაშვილის პარლამენტში გამოსვლისას აშკარად გამოჩნდა გრიგოლ ლილუაშვილის მისამართით მუქარის კონტექსტი. შესაძლოა ბევრი არც დაიჭირონ, უბრალოდ, ფულს მიატანინებენ. ვინც არ მიიტანს, დაიჭერენ, ისევე როგორც, მაგალითად, ბაჩიაშვილი დაიჭირეს”.
“ოცნება”, სავარაუდოდ, გახარიას დაპატიმრების, ან მისთვის დაუსწრებლად ბრალის წაყენების საფუძველს ამზადებს
“30 ივნისს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი 12 დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს. ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაც ჯერჯერობით ფორმალურად დეპუტატად ითვლება და შესაბამისად, მასზე იმუნიტეტიც ვრცელდება, თუმცა, მანდატის გაუქმების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს წევრის ხელშეუხებლობით ვეღარ ისარგებლებს. ანალიტიკოსთა აზრით, ამით, სავარაუდოდ, მზადდება საფუძველი გახარიას დასაპატიმრებლად, ან მისთვის დაუსწრებლად ბრალის წასაყენებლად. 14 ივნისს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის ჩორჩანას ცნობილ მოვლენებზე გამოძიება დაიწყო. ამ საქმის მთავარი ფიგურანტი სწორედ გიორგი გახარიაა, რომელსაც მაშინ შს მინისტრის თანამდებობა ეკავა. გახარიას იმას ედავებიან, რომ მან თვითნებურად - სხვა ძალოვან სტრუქტურებთან და პრემიერთან შეთანხმების გარეშე მიიღო ოკუპაციის ხაზთან, სოფელ ჩორჩანას მახლობლად ტყის მასივში პოლიციის ბლოკსაგუშაგოს ჩადგმის გადაწყვეტილება, რითაც ქვეყნის ინტერესებს მიაყენა ზიანი. თავად გახარია და მისი თანამოაზრეები აცხადებენ, რომ პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპანტებს ე.წ. საზღვრის გადაწევისა და ახალი ტერიტორიების მიტაცების საშუალება არ მისცა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება”, სავარაუდოდ, გახარიას დაპატიმრების, ან მისთვის დაუსწრებლად ბრალის წაყენების საფუძველს ამზადებს.
“ამავე საკითხზე გახარია 23 ივნისს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს, თუმცა გახარია არც იმ დროისთვის და არც ახლა ქვეყანაში არ იმყოფება და დისტანციურად ჩართვა ითხოვა, საგამოძიებო კომისიისთვის კი ეს მიუღებელია. ამჟამად გახარია მეორედ არის დაბარებული კომისიაზე 2 ივლისს, თუმცა იგი არც ამჯერად აპირებს დასწრებას - აცხადებს, რომ თავისი საზღვარგარეთული ვიზიტების განრიგს, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, კომისიის მოთხოვნით ვერ შეცვლის და მხოლოდ დისტანციურად შეუძლია კითხვებს უპასუხოს. გამორიცხული არ არის, რომ კომისიაზე გახარიას გამოუცხადებლობის გამო, მისი საქმე სხვა ოპოზიციონერების მსგავსად, რომელთაც პროტესტის ნიშნად თქვეს უარი კომისიის მოთხოვნის შესრულებაზე, პროკურატურას გადაეცეს. მას ჯერჯერობით ამისგან სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს, თუმცა, ეს ყველაფერი შეიცვლება, თუკი პარლამენტი გახარიასა და მისი კიდევ 11 თანაგუნდელის საპარლამენტო მანდატებს გააუქმებს. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძისგანმარტებით, ჯერ გახარიას პარტიის 12 მანდატის გაუქმების საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს, ამის შემდეგ კომიტეტი თავის დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს, ბიურომ უნდა შეიტანის პლენარული სხდომის დღის წესრიგში, პლენარულ სხდომაზე წარსდგება კომიტეტის წარმომადგენელი და ამის მერე კენჭს უყრიან და “ეს პროცედურა შეიძლება დამთავრდეს რამდენიმე დღეში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აღსანიშნავია, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია 27 ივნისს ოფიციალურად დაიხურა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ცნობით, მას გადაწყვეტილი აქვს 1 და 2 ივლისს რიგგარეშე სხდომების მოწვევის თხოვნით მიმართოს პრეზიდენტს. მისივე თქმით, ამ სხდომებზე პრემიერ კობახიძის მიერ ინიცირებული ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა იგეგმება და გამორიცხული არ არის პარტიის “გახარია საქართველოსთვის” მანდატების გაუქმებაც ამის პარალელურად მოხდეს. ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ ამით გახარიას დაკავების საფუძველი მზადდებოდეს. ასეთივე აზრზეა ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც აცხადებს, რომ “გახარიას ქეისი საკმაოდ სკანდალური და ხმაურიანი იქნება”. “ოცნებაშიც” ადასტურებენ, რომ ამ 12 მანდატის გაუქმება გადაწყვეტილია. პარლამენტის ვიცე-სპიკერის ნინო წილოსანის თქმით, მანდატის გაუქმების შემდგომ, პარტიის წევრები მოკლებული იქნებიან იმ ბენეფიტებს, რომელიც პარლამენტის წევრობას ჰქონდა - მათ შორის ხელფასი, იმუნიტეტი და ა.შ. ”ოცნების" თქმით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით დადგა და რეგლამენტის მიხედვით მოქმედებენ”, - განაგრძობს გამოცემა.
“ექსპრემიერის პარტიის წევრებს, სხვა ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური ძალისგან განსხვავებით, არც თავისი საარჩევნო სიის ჩახსნის თხოვნით მიუმართავთ ცესკოსთვის და არც მანდატების გაუქმებაზე ინდივიდუალური განცხადებები არ დაუწერიათ. ისინი ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და პარლამენტის არც ერთ სხდომას არ დასწრებიან. რეგლამენტის თანახმად კი, თუკი დეპუტატი კონკრეტული სესიის სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით გააცდენს, ავტომატურად დგება მისი მანდატის გაუქმების საკითხი... საქართველოს პროკურატურამ 14 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომ უწყებამ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიება დაიწყო და უწყების ცნობით, ამ საკითხს შეისწავლიან გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება “საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას”. ეს ყველაფერი კი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს”, - დასძენს გამოცემა.
“გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელიც ჩორჩანას მოვლენების დროს დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა სწორედ მაშინდელი შს მინისტრის უშუალო განკარგულებითა მოხდა, რასაც ქვეყნისთვის დამატებითი ტერიტორიის, დაახლოებით 120 ჰექტარის დაკარგვა მოყვა. გამოძიების დაწყებიდან 2 დღეში, 16 ივნისს, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გახარიას ხელმეორედ დაბარების გადაწყვეტილება მიიღო, ამჯერად ჩორჩანას საკითხზე. მანამდე, აპრილში გიორგი გახარია უკვე იმყოფებოდა კომისიაზე 20 ივნისის საპროტესტო მიტინგი დარბევასთან დაკავშირებით. 23 ივნისს კომისიამ კენჭისყრით გადაავადა გახარიას მოწმენის თარიღი და იგი 2 ივლისს მოიწვია. თუმცა, გახარია საქართველოშ არ იმყოფება და აცხადებს, რომ 2 ივლისს კომისიაზე გამოცხადებას ვერ შეძლებს. კვირას მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამჟამად გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესს ესწრება. მისი თანაგუნდელების ცნობით კი, გერმანიიდან იგი აშშ-ში გეგმავს გამგზავრებას”, - წერს სტატიის ავტორი.
“იმუნიტეტი იცავს არა ბრალის, არამედ ბრალდების წარდგენისაგან. ანუ საგამოძიებო ორგანოებს პარლამენტის წევრის მიმართ უფლება აქვთ აწარმოონ გამოძიება, შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ჩატარდეს გამოძიება, მაგრამ ბრალდებას ვერ წარუდგენენ პარლამენტის თანხმობის გარეშე. ვერც წინასწარ პატიმრობას ვერ შეუფარდებენ პარლამენტის თანხმობის გარეშე. შეუძლიათ მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე უკვე სესია, ან შეუძლიათ მოიცადონ სექტემბრამდე და საშემოდგომო სესიაზე რომ შეიკრიბებიან, მაშინ შეუძლიათ ეს გააკეთონ. ჩორჩანასთან დაკავშირებით პროკურატურაში უკვე აღძრულია სისხლის სამართლებრივი საქმე. ამას ალბათ საგამოძიებო კომისიის დასკვნაც დაემატება და სავსებით მოსალოდნელია, რომ გახარიას ბრალი წარუდგინონ უკვე ძალიან მძიმე დანაშაულში. რადგან მას უკვე იმუნიტეტი აღარ ექნება, შეიძლება უკვე გახარიას დაკავების ორდერიც გაიცეს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
“რადგან ეს საკითხი წამოიჭრა, რომელიც უმძიმეს დანაშაულს ითვალისწინებს, დადასტურების შემთხვევაში გახარიას, და შესაძლოა კიდევ მის რამდენიმე მაშინდელ თანაგუნდელს, მოუწიოთ სამართალთან პასუხის გაცემა. უდანაშაულობის პრეზუმციით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ისინი ეჭვმიტანილებად ითვლებიან, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს ქეისი საკმაოდ სკანდალური და ხმაურიანი იქნება. დადასტურების შემთხვევაში, თუ გახარია საქართველოში დაბრუნდა, დააკავებენ და მას ვერც გერმანიის ელჩი უშველის და ვერც სხვა ნებისმიერი დასავლელი აქტორი, რადგან ასეთი მძიმე ანტისახელწიფოებრივი მუხლებით დანაშაულის ჩადენა არც ერთ ქვეყანაში არავის არ შერჩება და არც საქართველოში”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
დაუპირისპირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში?!
“2025 წლის ზაფხულისთვის ასეთი სიტუაცია გვაქვს: 6 ოპოზიციონერი ლიდერი (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ზურა “გირჩი” ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია) და 2 ყოფილი ლიდერი და ამჟამად პოლიტიკისგან დისტანცირებული (ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე) ციხეში არიან, კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი კი, გიორგი გახარია, საქართველოდან წასულია გაურკვეველი დროით. ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტი ასეთია: გამოცხადებულიყვნენ საგამოძიებო კომისიაზე და არავის დააკავებდნენ. “არ ვცნობთ ამ საგამოძიებო კომისიას”, - ასეთია ოპოზიციის პასუხი. რა თქმა უნდა, ოპოზიციონერების დაკავებას საპროტესტო მუხტის “აფეთქება” არ გამოუწვევია - ეს ხალხი ციხეშია და ამიტომ აღარ დავიწყებთ თავიდან იმის განხილვას, ოპოზიციამ როგორ ჩაიგდო საკუთარი თავი ასეთ დღეში. თუმცა ჩვენ სურათს ფართოდ უნდა შევხედოთ - კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება. დაძაბულობა ჰაერშია ჩამოკიდებული, გინდა საშინაო, გინდა საგარეო კუთხით. დენთის კასრზე ვსხედვართ - ნებისმიერ დროს შეიძლება იბუთქოს და არ არის აუცილებელი მაინცდამაინც პოლიტიკური მიზეზის გამო”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით დაუპირისპირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში?!
“პოლიტიკოსების ციხეში ყოფნა კრიზისის განმუხტვას ნამდვილად არ უწყობს ხელს. რაც შეეხება გახარიას, იურიდიული ფორმულირებებით რომ არ დაგღალოთ, ხელისუფლება მას ედავება დაახლოებით ასეთ რამეს: უცხოური ძალების დავალებით ჩორჩანაში საგუშაგო ჩადგა, რათა ესკალაცია გამოეწვია, საბოლოო ჯამში დაიკარგა მილიონი კვადრატული მეტრი. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ 2019 წლის აგვისტოში მაშინდელი შს მინისტრი გახარია თვითნებურად მოქმედებდა, ჩორჩანის ამბავი არ იყო შეთანხმებული სუს-სთან (სპეცსამსახურის მაშინდელმა შეფმა ვახტანგ გომელაურმა პროკურატურიდან გამოსვლისას განაცხადა, რომ მან მართლაც არაფერი იცოდა გახარიას გეგმების შესახებ), რომელსაც შსს-სთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია შექმნილი მდგომარეობის შესახებ და ეთქვა, რამდენად უსაფრთხო იყო ასეთი ნაბიჯის გადადგმა. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის ესაუბრა მთავრობის მაშინდელ ხელმძღვანელს მამუკა ბახტაძეს, რომელმაც უთხრა, რომ არაფერი იცოდა. მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა კახი კახიშვილმა განაცხადა, რომ ოფიციალური დოკუმენტი შსს-დან არ შემოსულა. თუმცა კახიშვილმა გაიხსენა ერთი ნიუანსი, აგვისტოს ბოლოს უკვე ყველამ ვიცოდით, რომ ბახტაძე პრემიერობიდან მიდიოდაო”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით, რომელი მხარეა მართალი, გახარია თუ ხელისუფლება. თუმცა სულაც არ არის გასაკვირი, რომ გახარიას მართლაც არავისთან შეეთანხმებინა ჩორჩანის ამბავი. გახარია იყო სუპერძალოვანი და სუპერუფლებებით აღჭურვილი შს მინისტრი. ეს ამბავი ხდება 2019 წლის აგვისტოში, 2019 წლის სექტემბერში კი მიდის ბახტაძე და მთავრობის ხელმძღვანელი გახარია გახდა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი ვიღაც უცხოური ძალების დაკვეთით მოქმედებდა. პროკურატურამ 1000%-იანი ფაქტები უნდა დადოს, რომ ეს ვერსია საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიჯეროს. ეს არის მუხლები, რომლებიც 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამ დროისთვის გახარიას დაკავებაზე ორდერი გაცემული არ არის. თუმცა, როგორც ჩანს, ყოფილი პრემიერი უფრთხის, რომ თბილისში ჩამოსვლისთანავე პროკურატურა დააკავებს. რამდენ ხანს გაგრძელდება გახარიას ემიგრანტობა, ამას დრო გვიჩვენებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ოპოზიციური ელექტორატი დაყოფილია ბოიკოტისტებად და ანტიბოიკოტისტებად. იმასაც შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ/მხარს უჭერენ “ლელო” და გახარიას პარტია. კოალიცია “ცვლილებებისთვის” და “ნაცმოძრაობა” აქტიური ბოიკოტის მომხრე არიან. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავების შემდეგ ბოიკოტისტებმა იფიქრეს, რომ “ლელო” არჩევნებში მონაწილეობის შესახებ აზრს შეიცვლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მამუკა ხაზარაძემ დაკავებამდე განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის თბილისის წართმევა მნიშვნელოვანი ამოცანაა. პოზიციის შეცვლას არც გახარიას პარტია აპირებს. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თბილისის მერობისთვის მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ სამჯერ იბრძოლეს, სამივეჯერ “ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა, მაგრამ ორჯერ მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლებას უპირატესობა აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, იმასაც აჩვენებს, რომ ოპოზიციას თბილისისთვის "ჭიდაობა" შეუძლია”, - დასძენს გამოცემა.
“კი, მაგრამ ვინ შეუძლია დაუპირისპიროს ოპოზიციამ კახა კალაძის კანდიდატურას. ოპოზიციის ერთიანობის შემთხვევაში? ხაზარაძე და მელია გამოირიცხნენ, რადგან მათ სასამართლომ 2 წლით აუკრძალა პოლიტიკური თანამდებობის დაკავება. დიდი ალბათობით, გახარიაც გამოირიცხა, რადგან უცხოეთიდან (სავარაუდოდ, შემოდგომამდე მისი დაპატიმრების ორდერი მაინც გაიცემა) ონლაინ ვერ მიიღებს მონაწილეობას. ანტიბოიკოტისტები ამბობენ, რომ კანდიდატი უნდა იყოს ისეთი ფიგურა, რომელიც არ არის პარტიული, აქტიურად პოლიტიკური, საზოგადოების კეთილგანწყობით სარგებლობს ანუ “დიმიტრი გელოვანი”. დარჩა საქართველოში ვინმე ავტორიტეტი პოლიტიკასთან ახლო სფეროებში, რომელიც მასობრივად შეძლებს თბილისელების ხმების წამოღებას? ხაზს ვუსვამთ - საუბარია ავტორიტეტზე, თორემ საზოგადოების კეთილგანწყობით (“აქეთა მხრიდანაც” და “იქითა მხრიდანაც”) ჩვენი წარმატებული სპორტსმენები სარგებლობენ, მაგრამ არჩევნებთან დაკავშირებით მათზე საუბარი წყლის ნაყვა იქნება... სამწუხაროდ, ასეთი ავტორიტეტი არ არის. თუმცა შესაძლებელია ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მაინც ეფექტური იქნება. გახარიასა და ხაზარაძის ადგილას რომ ვიყო, შევეცდებოდი დამერწმუნებინა სალომე ზურაბიშვილი, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. თუნდაც მხოლოდ გახარიასა და ხაზარაძის პოლიტიკურ თუ ფინანსურ რესურსებზე დაყრდნობით”, - წერს სტატიის ავტორი.
“თუ სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერად იყრის კენჭს, თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, ის შეძლებს ოპოზიციური ელექტორატის ხმების მაქსიმალურად წამოღებას. იმ პირობით, თუ ანტიბოიკოტისტები არ მოუწოდებენ საკუთარ ამომრჩეველს სახლში დარჩენისკენ (თუმცა თავად შეუძლიათ პასიური ბოიკოტის რეჟიმში დარჩნენ). რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად მოუგებს კახა კალაძეს (ცოტა მომხრე არც თბილისის ამჟამინდელ მერს ჰყავს), თუმცა ჭიდაობა შეიძლება. თუმცა... სალომე ზურაბიშვილი აშკარად ბოიკოტისტია. ელოდება დასავლურ ზეწოლას, რომელიც, მისი მტკიცებით, ხელისუფლებას ახალ საპარლამენტო არჩევნებს დაანიშვნინებს. ასე ფიქრობს ოპოზიციის ნაწილიც - პროტესტი და დასავლური ზეწოლა. არადა, არ ითვალისწინებენ რისკს იმისა, რომ არჩევნების გარეშე დარჩენილი პარტიები მარგინალიზაციის გზას დაადგებიან. რაც შეეხება დასავლეთს, სცხელათ კი პარიზში, ლონდონში ან ბერლინში იმისთვის, რომ ქართული შიდაპოლიტიკით უფრო აქტიურად დაკავდნენ?!” - ამბობს სტატიის ავტორი.
“დასავლეთი კი ომისთვის ემზადება. ამაზე მხოლოდ ექსპერტები კი არა, ევროპის სახელმწიფოების მეთაურები საუბრობენ. ამაზე ნათლად არის მინიშნება Financial Times-ში დაბეჭდილ სტატიაში, სათაურით: “მსოფლიოში არასტაბილურობა სუფევს, ამიტომ ევროპა უნდა შეიარაღდეს”. ავტორები, არც მეტი, არც ნაკლები, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი არიან. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან: “ევროპაში არასტაბილურობის ძირითად წყაროს რუსეთი და მისი იმპერიალისტური ომები წარმოადგენენ. 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს; შემდეგ - 2014 წელს მოახდინა ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია; 2022 წელს კი კრემლის ჯარები უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ვლადიმირ პუტინის მიზანია, ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას, მეზობლებს თავს მოახვიოს უკანონო მეურვეობა, ისინი შიგნიდან გატეხოს და თავის ორბიტაზე გადაიყვანოს, საერთაშორისო მართლწესრიგს საფუძველი შეურყიოს. ეს ყველაფერი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს წარმოადგენს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფერს შევურიგდეთ... ალიანსის უსაფრთხოების ქვაკუთხედად ბირთვული შეკავება რჩება: საფრანგეთს აქვს თავისი დამოუკიდებელი სტრატეგიული ბირთვული ძალები, გერმანიას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ნატოს ბირთვული იარაღის ერთობლივ გამოყენებაში. გარდა ამისა, ერთობლივად ვიმუშავებთ შესყიდვების სისტემის რეფორმირებაში, რომელიც გამოიხატება უნიფიკაციაში, გამარტივებასა და გაზრდაში”, - ნათქვამია სტატიაში. თავად განსაჯეთ, ვისთვის სცხელა ან არ სცხელა დასავლეთს”, - დასძენს სტატიის ავტორი.
ახალი სკანდალი მოსკოვსა და ბაქოს შორის - ეკატერინგბურგში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მოწყობილი რეიდი მსხვერპლით დასრულდა
“აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ახალი დიდი სკანდალი ღვივდება. საქმე ეხება ქალაქ ეკატერინბურგში რუსეთის სამართალდამცავების მიერ მოწყობილ რეიდს, რასაც 50-მდე აზერბაიჯანელის დაკავება და ორი მათგანის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება მოყვა. რუსული მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გარდაცვალების მიზეზი დაპატიმრების დროს მიღებული სტრესი გახდა. დაღუპულთა ახლობლები კი აზერბაიჯანულ მედიასთან ამბობენ, რომ ისინი რუს ძალოვნებს ცემისა და წამების დროს შემოაკვდათ. ეკატერინბურგში სისხლიანი რეიდი 27 ივნისს ჩატარდა. რუსული მხარის ცნობით, საქმე ეხება 24 წლის წინ - 2001 წელს მომხდარ იუნის ფაშაევის მკვლელობას, რომელშიც მათი ინფორმაციით, ადგილობრივი აზერბაიჯანული დისპორა იყო ჩართული. რუსული მედიის ცნობით, ამ საქმის მთავარი ეჭვმიტანილები - ძმები ზიადინ და ჰუსეინ საფაროვები რეიდს ემსხვერპლნენ, 50 მდე პირი კი დაკავებულია. თავად ეკატერინბურგში მცხოვრები საფაროვების ოჯახის წარმომადგენლები რუსი ძალოვნების მხრიდან მათი წამებისა და საკუთრების დარბევის ფაქტებზე საუბრობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი სკანდალი მოსკოვსა და ბაქოს შორის - ეკატერინგბურგში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მოწყობილი რეიდი მსხვერპლით დასრულდა.
“მომხდარის გამო აზერბაიჯანში რუსეთის ელჩი პიოტრ ვოლოკოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მკაცრი საპროტესტო ნოტა გადასცეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული მხარისგან მოელის “საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას, რომ ამ მიუღებელი ძალადობრივი აქტის დამნაშავე პირები რაც შეიძლება მალე წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე”. “გამოვთქვამთ მკაცრ პროტესტს 2025 წლის 27 ივნისს რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩვენი თანამემამულეების საცხოვრებელ ბინებში ჩატარებულ რეიდებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი სასტიკად მოკლეს, ცხრა ადამიანი დააკავეს, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა”, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ელჩმა ვოლოკოვმა “აზერბაიჯანულ მხარეს შესაბამისი განმარტებები გადასცა და დაარწმუნა, რომ სიტუაცია სამართალდამცავი ორგანოების კონტროლქვეშაა”. ზახაროვამ დაადასტურა, რომ “ეკატერინბურგში დააკავეს და გაჩხრიკეს ეჭვმიტანილები და მათი საცხოვრებელი სახლები, რომლებიც წარმოშობით აზერბაიჯანელები და ამავე დროს რუსეთის მოქალაქეები არიან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“2001 წელს ეკატერინბურგში მცხოვრები იუნის ფაშაევი, რომელსაც ქალაქში მცირე ბიზნესი ჰქონდა, საკუთარ სახლში გარდაცლილი იპოვეს. მას სამზარეულოს დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ეს საქმე 24 წლის განმავლობაში გაუხსნელი იყო. სვერდლოვსკის ოლქის შსს-ს პრესსამსახურებმა განაცხადეს, რომ ეკატერინბურგში “გასული წლების დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების დროს” რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს. პრესსამსახურმა არც გარდაცვლილთა ვინაობა დაასახელა და არც დაკავებულთა რაოდენობა. სხვა გამოცემების ცნობით, მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილები ძმები საფაროვები არიან, რომლებიც ბოლო 30 წელი ეკატერინგბურგში ცხოვრობდნენ. ზოგიერთი გამოცემა კი წერს, რომ “შესაძლოა პოლიციის მისვლა მათთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, ვინაიდანან ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე აღარ გაიხსნებოდა, რადგან მას შემდეგ 24 წელი გავიდა”. ეკატერინბურგში დაღუპული ზიადინ და ჰუსეინ საფაროვების ძმამ, ჟურნალისტმა სეიფედინ ჰუსეინლიმ აზერბაიჯანის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ძმები დაახლოებით 60 წელს მიტანებულები იყვნენ და რომ “ისინი ყოველგვარი სასამართლო პროცესისა და გამოძიების გარეშე, მათი უდანაშაულობის მიუხედავად, რუსმა სამართალდამცველებმა წამებით მოკლეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ე.წ. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შუაღამით სახლებში შეიჭრნენ, სცემეს და ცხოველებივით წაიყვანეს ხალხი. არა მხოლოდ ჩემი ძმები, არამედ ჩვენი სხვა ბევრი თანამემამულეც წაიყვანეს. სამწუხაროდ, საღამოს მივიღეთ ცნობები გარდაცვლილთა შესახებ. ზოგიერთ აზერბაიჯანელს, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს და ელექტროშოკით აწამეს, სამედიცინო დახმარება მხოლოდ აზერბაიჯანის მთავრობის ჩარევის შემდეგ გაუწიეს”, - თქვა მან. აზერბაიჯანული სახელწიფო სააგენტო “აპა”-ს ცნობით, მასთან ინტერვიუში წამების კიდევ ერთმა მსხვერპლმა ელგიზ საფაროვმა განაცხადა, რომ რუსმა სამართალდამცავებმა რეიდი ეკატერინბურგში საფაროვების ოჯახის საკუთრებაში არსებულ კაფეშიც ჩაატარეს. მისი თქმით, 27 ივნისს რუსმა სამართალდამცავებმა სასტიკად იძალადეს როგორც საფაროვების ოჯახის, ასევე სხვა აზერბაიჯანელების მიმართ, რომლებიც ქალაქში 30 წელზე მეტია ცხოვრობენ”, - დასძენს გამოცემა.
“როდესაც ჩვენს სახლში შეიჭრნენ, მე იქ არ ვიყავი. მამაჩემი დაახლოებით დილის ხუთ საათზე წაიყვანეს. შუადღის ორ საათზე კაფეში მივედი, რათა გამერკვია ყველაფერი რიგზე იყო თუ არა თანამშრომლებთან. ამ დროს ნიღბიანებს კაფეში ყველა პირქვე დაწვენილი ჰყავდათ. დაცვის თანამშრომელს თვალში ჩაარტყეს და ახლა სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ერთ-ერთ თანამშრომელს ყბა აქვს მოტეხილი. შემდეგ დაიწყეს თანამშრომლების დამცირება. გვცემეს და მოკვლით დაგვემუქრნენ. რუსმა ძალოვნებმა კაფეში არსებული უსაფრთხოების კამერები გაანადგურეს და მეხსიერების ბარათების გადაცემა მოითხოვეს. თანაც, თავდამსხმელებს არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ. კაფე მამაჩემის, აკიფ საფაროვის საკუთრებაშია. ის ძმებ საფაროვებიდან ყველაზე უფროსია. ახლა ისიც დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაშია”, - განაცხადა ელგიზ საფაროვმა, რომლის თქმით, მისი სხვა ბიძები უფრო სასტიკად სცემეს და მამამისის თვალწინ აწამეს”, - წერს სტატიის ავტორი.
“როდესაც მიხვდნენ, რომ კაფეს მეპატრონის შვილი ვიყავი, დაცინვა დამიწყეს. მწვადის შეწვა მაიძულეს. როდესაც მათთვის საჭმელს ვამზადებდი, ხელკეტით მცემდნენ და ჭურჭელი დაამტვრიეს. თითქმის ორსაათნახევარი იატაკზე ვიწექით, სანამ თავად ჭამდნენ და სვამდნენ, შემდეგ კი ისევ გვცემეს და წავიდნენ”, - განაცხადა ელგიზ საფაროვმა. ის ადასტურებს, რომ მისი ორი ბიძა მოკლეს, დანარჩენებმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს, მათ შორის რამდენიმეს ნეკნები აქვთ ჩამტვრეული. “მე არც კი ვიცი ვინ გარდაიცვალა 24 წლის წინ, მაგრამ ახლა გამომძიებლები მოითხოვენ, რომ ჩვენმა ნათესავებმა აიღონ პასუხისმგებლობა”, - ამბობს ის. შემთხვევის კიდევ ერთი მომსწრე ვიუგარ საფაროვი ყვება, თუ როგორ შეიჭრნენ ძალოვნები გამთენიისას მის ოჯახში”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“სახლში გვეძინა. დილის ხუთ საათზე კარზე კაკუნის ხმა გაისმა. დავინახე ნიღბიანებმა როგორ შემოამტვრიეს კარი რკინის კეტით. დედაჩემს ხელი გაარტყეს და გვერდზე გადააგდეს. შემდეგ მე, ჩემს ძმას და მამაჩემს მოგვვარდნენ, სასტიკად დაგვიწყეს ცემა ხელკეტებითა და ხელჯოხებით, ელექტროშოკიც გამოიყენეს. ავეჯი დაგვიმტვრიეს და ეს ძალადობა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. შემდეგ ხელბორკილები დაგვადეს და ფრუნზეს ქუჩის 74-ე ნომერში მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაგვიყვანეს”, - განაცხადა ვიუგარ საფაროვმა. მისივე თქმით, ის და მისი ძმა მუჰამედი ერთ ოთახში იმყოფებოდნენ, მამა მაზაჰირ საფაროვი კი ცალკე ოთახში. ესმოდათ მამა როგორ ყვიროდა ტკივილისგან. ევედრებოდა, არ შეხებოდნენ, ამბობდა, რომ გული აწუხებდა და სტენტი ჰქონდა ჩადგმული, მაგრამ ისინი განაგრძობდნენ წამებას, დაცინვას, შეურაცხყოფას, ელექტროშოკს უერთებდნენ ყურებზე, თითებსა და მკერდზე. მისი თქმით, ეს წამება და დაკავებები დღის ბოლომდე გაგრძელდა, რაღაც მომენტში კი გაიგო, რომ გარდაცვლილებიც იყვნენ”, - დასძენს სტატიის ავტორი.
გიორგი კობერიძე - “ამ ომმა ირანს აჩვენა, რომ რუსეთი ვერაგი პარტნიორია, მაგრამ ირანს ახლა დიდი არჩევანი არც აქვს”
“ცხადია, ხამენეის განცხადება შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და კავშირი არა აქვს საგარეო საკითხებთან. მათ კარგად იციან, რომ აქვთ კატასტროფული მარცხი (როგორც რეპუტაციული, ისე სამხედრო). მითები, თითქოს ირანელები ძალიან ძლიერები და ისრაელის მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ, დაიმსხვრა, რამდენიმე საათში თითქოს მათი შეუღწეველი ცა გაიხსნა და იქ ებრაული თვითმფრინავები შეუფერხებლად დაფრინავდნენ. ამერიკულმა ბომბდამშენებმა ისე ჩაყარეს ბომბები და “ტომაჰავკის” ფრთოსანი რაკეტები, რომ წინააღმდეგობა თითქმის არ ყოფილა. ისრაელის ავიაციამ გაანადგურა ირანის პოლიტიკური, სამხედრო, ენერგეტიკული და ეკონომიკური ობიექტები ისე, რომ თუკი ირანის სამხედრო-პოლიტიკური დანაკარგი და მსხვერპლი კატასტროფულია, ისრაელის მხარეს დაღუპულია მხოლოდ 20-30 კაცი და დანგრეულია რამდენიმე შენობა”, - აცხადებს ანალიტიკოსი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა შემთხვევაში შეიძლება განახლდეს ომი ისრაელსა და ირანს შორის?!
“ირანის ბირთვული პროგრამაც მნიშვნელოვნად დაზიანდა. ახლა უფრო მეტი თვალი და ყური იქნება იქით მიმართული, რომ ირანმა მისი აღდგენა არ სცადოს. 12-დღიან ომში: 1. განადგურდა ირანის რევოლუციის დამცველთა კორპუსის ელიტა; 2. განადგურდა სამხედრო ძალების გენშტაბის სარდლობა. 3. დაიბომბა და განადგურდა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული ობიექტები (ფორდოში ამერიკელებმა ჩააგდეს ძალიან ძლიერი ბომბი GBU-57); 4. ირანს ძალზე დიდი დანაკარგი აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემებში; 5. ამას დაემატა უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი - ირანი თითქოს ძლიერი სახელმწიფო იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, მით უმეტეს, დაბომბვების პირველივე დღეებში იგრძნობოდა პანიკა. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ირანმა ბოლო დღეებში დაიწყო, ისიც საკითხავია, რამდენად შედეგიანად; 6. ირანმა გახარჯა 600-მდე ბალისტიკური რაკეტა. მას დაახლოებით 3000 ბალისტიკური რაკეტა ჰქონდა და 600-ის დახარჯვა, თან ასე უმიზნოდ, ცოტა არაა; 7. დაიბომბა ბალისტიკური რაკეტების ქარხანაც, რაც ერთ-ერთი უზარმაზარი სამხედრო პრობლემაა ირანისთვის; 8. რაც მთავარია, ირანს დიდი ეკონომიკური დარტყმა მიადგა _ დაიბომბა ირანის ეკონომიკური წარმოების ობიექტების ნაწილი და პორტი, რაც ირანის ეკონომიკის დიდ ზარალზე მიუთითებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.
“მთავარია, ამერიკას სურდა ამ ომის სწრაფად დამთავრება. სხვათა შორის, ტრამპის ადმინისტრაციაში არიან პირები, რომლებიც ემხრობიან აზრს, რომ ახლო აღმოსავლეთის საქმეებში ამერიკა არ უნდა ერეოდეს. აქედან გამომდინარე, ეს იყო აშშ-ის მხრიდან ძალზე ნათელი განცხადება, მაგრამ ისრაელზე უფრო მეტი კითხვაა - რა მიზანიც ჰქონდა, რომ სრულიად გაენადგურებინა ირანის ბირთვული პროგრამა, ამაზე ზუსტი ინფორმაცია არავის აქვს. ის, რომ ირანის ბირთვული პროგრამა დაზიანებულია, ფაქტია. ბირთვულ იარაღზე მომუშავე მეცნიერების ლიკვიდაცია ნიშნავს, რომ ირანს კიდევ დიდხანს ეს რესურსი არ ექნება, მაგრამ მთავარი ის არის, თუ ისრაელს ეჭვი შეეპარა, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე ფარულ მუშაობას აახლებს, არ გამორიცხოთ, რომ ირანზე დარტყმები განახლდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ირანი გამოვიდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებიდან და შესაბამისად, არ ვიცით, როგორი იქნება ისრაელის პოზიცია... სამხედრო შედეგი ცალსახად ისრაელის სასარგებლოა, მაგრამ თუკი მაინც არსებობს რეჟიმის პოლიტიკური ნება, თუკი ამაზე მოლაპარაკება არ გაიმართა, მაშინ, სავარაუდოდ, ეს კონფლიქტი დროებით შეჩერდა და შესაძლებელია განახლდეს კიდეც”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ბირთვული პროგრამის ასაწყობად ირანმა იმხელა ფული დახარჯა, ახლა თუკი მართლაც ნულიდან ან ძალზე დაზიანებულიდან აწყობა მოინდომა, საამისოდ მილიარდების გამონახვა ძალიან გაუჭირდება. თუკი ისეთი მძიმე შედეგი არა აქვს, რომ შესაძლებელია რამდენიმე თვეში ან წელში აღადგინოს პროგრამა, მაშინ შესაძლებელია კვლავ იმუშაოს ატომური იარაღის შექმნაზე. თუ გამდიდრებული ურანი მართლაც გაიტანეს, გადამალეს, მუშაობას აგრძელებენ და ეს ისრაელმა გაიგო, მაშინ შეიძლება დაბომბვა განახლდეს... რეჟიმის ჩამოშლის ოფიციალური მიზანი არავის ჰქონია, მაგრამ არაოფიციალური სურვილი, დარწმუნებული ვარ, ისრაელს ჰქონდა. რეჟიმის ცვლილების ოფიციალური მიზანი ისრაელს ვერ ექნებოდა, რადგან ეს ძალიან სერიოზულ შედეგს გამოიწვევდა, შესაძლოა ირანში რეჟიმის ირგვლივ გაერთიანებულიყო მოსახლეობა. ომის დროს რეჟიმები არ იშლებიან, გამორიცხული არ არის, მაგრამ იშვიათია. ასეთი რამ ომის შემდგომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხდება ხოლმე”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“თუ ირანში ისევ იქნა მასობრივი დაჭერები, შესაძლოა ხალხი გაღიზიანდეს და ქუჩაში გამოვიდეს, მაგრამ თუ ირანმა მშვიდად გააგრძელა ცხოვრება, ან ხამენეიმ რეფორმები გაატარა ქვეყანაში, საკუთარი თავის განახლება სცადა, რათა გადარჩეს, მაშინ შეიძლება რეჟიმი კიდევ უფრო გახისტდეს, უფრო აგრესიული და მჩაგვრელი გახდეს, ან პირიქით, გახდეს უფრო ლიბერალური. ისე, ხამენეის რეპუტაციის აღდგენა ცოტა დაუჯერებელია, თუკი მან ბირთვული იარაღი არ შექმნა. თანაც იმ ასაკშია (86 წლისაა), საეჭვოა, ეს მოასწროს. სხვათა შორის, რეჟიმს ჰყავს რეფორმისტები, რეჟიმის მხარდამჭერი ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანაში მეტი ლიბერალიზაციაა საჭირო, მაგრამ პარტიული არჩევნებით ლიბერალური ცვლილებების გარდა, ირანში ყველაფრის შანსი არსებობს. თუმცა შესაძლოა არც არაფერი შეიცვალოს და რეჟიმმა მარტივად გააგრძელოს ცხოვრება მეტი რადიკალიზაციით, ან მეტი ლიბერალიზაციით. ახლა მთავარია, რეჟიმმა უარი თქვას ბირთვულ იარაღზე”, - დასძენს გიორგი კობერიძე და შეკითხვაზე - “ამ ომის ფონზე ირან-რუსეთის ურთიერთობაში თითქოს ბზარი გაჩნდა. ეს როგორ აისახება ამ მოკავშირეებზე?” - პასუხობს:
“ამ ომმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერაგი პარტნიორია, მაგრამ ირანს ახლა დიდი არჩევანი არც აქვს. ის იმიტომ კი არაა რუსეთის გვერდით, რომ ძალიან უყვარს, არამედ იმიტომ, რომ დასავლეთთან მეტოქეობაში ბუნებრივ მოკავშირედ მიაჩნდა. თუკი მან მოლაპარაკებაზე, ლიბერალიზაციაზე და დასავლეთთან გახსნაზე უარი თქვა, შეიძლება გააგრძელოს რუსეთთან ურთიერთობა, თუმცა ბევრად ფრთხილი, ვიდრე აქამდე ჰქონდა. თუ იქ ისეთივე რეჟიმი დარჩა და არ დაიწყო ლიბერალიზაცია, ატომურ იარაღზე უარი არ თქვეს, მაშინ შეიძლება დარჩეს რუსეთის ნომინალურ მოკავშირედ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ირანისთვის ჩინეთი უფრო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მით უმეტეს, ამ ამბების შემდეგ. არადა, ბირთვულ პროგრამებში რუსი მეცნიერების ჩართვა ირანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. თუ პროგრამაზე მართლა დაიწყო მუშაობა, ეს უფრო გაართულებს რეჟიმის მდგომარეობას. ვნახოთ, არაფერია გამორიცხული”.