რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს სავარაუდოდ, მსახიობი ნანა (ნანუკა) ხუსკივაძე დაიკავებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” რუსთავის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნინო ნიკოლავამ განუცხადა, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატურების შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს სხდომა 4 აპრილს ჩატარდა, რომელმაც კონკურსანტების წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კანდიდატმა, რომელთა შორის, საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნანა (ნანუკა) ხუსკივაძე შეირჩა.
”საბჭომ 5 აპრილს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინა რეკომენდაცია ნანა (ნანუკა) ხუსკივაძის კანდიდატურის ”არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ”გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით. სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი უახლოეს დღეებში მიიღებს“, - განაცხადა ნინო ნიკოლავამ.
რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი თავდაპირველად იანვარში გამოცხადდა თუმცა ჩაიშალა, განმეორებით კი მიმდინარე წლის მარტში.
რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობა ექვსმა კანდიდატმა მიიღო - გოგა თავაძე, ლალი ნიკოლაძე, ნანუკა ხუსკივაძე, ეკა კვირკველია, მაია შენგელია და ნუკრი არჩვაძე.