"კონსტიტუციური მონარქია არაფერ სიკეთეს არ მოგვიტანს"
გაზი 5 თეთრით გაძვირდება
დიდი ომის პირველი ნიშანი - ამერიკულმა "სუპერ ჰორნეტმა" რუსული "სუ-22" ჩამოაგდო
* * *
"კონსტიტუციური მონარქია არაფერ სიკეთეს არ მოგვიტანს"
"როდესაც მონარქიაზე საუბრობს პატრიარქი, ჩვენთვის ეს ბუნებრივი და გასაგებია. მაგრამ როდესაც იმავეს იმეორებენ პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები, შემაწუხებელი და გამაღიზიანებელია. სრულიად სხვადასხვა მიდგომაა. როგორც წესი, პერიოდულად არის ხოლმე ამაზე მსჯელობა, თუმცა მერე ისევ გადაივლის ხოლმე. იმ ქვეყნებში, სადაც კონსტიტუციური მონარქიაა, ფაქტობრივად, ეს რეალობა შექმნა ისტორიულმა განვითარებამ და იქ ასეთი წყვეტა არ ყოფილა. ჩვენთან მონარქიის 200-წლიანი წყვეტაა", - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მეფის ოჯახის შენახვა დიდ თანხასთან არის დაკავშირებული და მას შესაბამისი გარემო უნდა" / ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა ინსტიტუტების არაეფექტურობაა.
"პატრიარქი რომ ფიქრობს, მონარქია სიტუაციას დაამშვიდებსო, მთლად ასე არ არის. ის ქვეყნებში, სადაც ასეთი კონსტიტუციური წყობაა, ვითარება თვითონ სისტემამ შექმნა. მონარქიას შესაბამისი გარემო უნდა და ეს არც ისე იაფი სიამოვნებაა - დიდ თანხასთან არის დაკავშირებული მეფის ოჯახის შენახვა. გარდა ამისა, რამდენჯერმე იყო ამის მცდელობა სამეფო ოჯახის მხრიდან, რამაც კრახი განიცადა. ეს არაფერ სიკეთეს არ მოგვიტანს. ჩვენი პრობლემა ის კი არაა, რომ მონარქია არ გვაქვს, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები სწორად და კარგად მოწყობილი, აი, ესაა ქვეყნის პრობლემა და ამის დანახვა არ უნდათ", აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში მშვიდობა შემოაქვს. მისივე თქმით, საქართველოში ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან ეს მმართველობა უნდა გავაანალიზოთ. "საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ იმაზე გვეფიქრა, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ იმაზე გვეფიქრა, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია, ღვთის წყალობით, მეფე მართავდა და დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება მეფეს, მაგრამ არ მართავს, ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში", - ბრძანა ილია მეორემ", - გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს კითხვით - მნიშვნელოვანია თუ არა საქართველოსთვის საკონსტიტუციო მონარქიის შესაძლო შემოღებაზე მსჯელობა?
"პირადად მე მონარქიის მომხრე ვარ. ვფიქრობ, ყველაზე კარგი იქნება. მაგრამ იმ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს საქართველო და ქართველი საზოგადოებაა, ყოვლად მიზანშეუწონელია. მონარქიაში ცხოვრებას გადაჩვეული ვართ. ამხელა პაუზა არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია. ჩვენი საზოგადოება ასეთი ცვლილებებისთვის მზად არ არის. ვფიქრობ, დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ გზით წავლენ. ყველა თვალსაზრისით ძვირად დაგვიჯდება. ისეთი საქართველო რომ იყოს, როგორიც მე მინდა, მირჩევნია, მონარქია არსებობდეს. იყოს მონარქი, რომელიც ღისების მაჩვენებელი იქნება. მაგრამ დღეს ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას ისტორიკოსი გია ანჩაბაძე.
"პატრიარქს როდესაც ვუყურებ, გულში სითბო მეღვრება. მის მიმართ ღრმა პატივისცემა და უდიდესი სიყვარული მაქვს, მაგრამ კონსტიტუციურ მონარქიას ვეწინააღმდეგები. პარლამენტის თავმჯდომარეს წამოსცდა, ეს საქართველოში საპრეზიდენტო ინსტიტუციას გამორიცხავსო. მონარქია მხოლოდ იმიტომ არ უნდა გამოიყენო, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუცია გააუქმო. ცოტა არ იყოს, არაპროფესიონალურად ჟღერს. პატრიარქს რაც შეეხება, მგონია, რომ დავღალეთ. შეიძლება, რაღაც ახალ გზას ეძებს და ფიქრობს, რომ ეს ვარიანტი სიმშვიდის მომტანი იქნება. არა, არა და არა. ძალიან დიდი შეცდომა იქნება. აურზაური და ქართული სახელმწიფოებრიობის რყევა მოხდება. კონსტიტუციურ მონარქიას ვეწინააღმდეგები. ფეოდალები კი მრავლად გვყავს. ამდენ ფეოდალებში ერთი მეფეღა გვაკლია და ავშენდებით", - აღნიშნავს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.
"რამდენადაც ვიცი, დღესდღეობით ამით ნაკლებად არიან დაინტერესებულნი, თუ არ ჩავთვლით ბატონ ლევან ვასაძეს, რომელიც ამის მთავარი მეხოტბეა. დანარჩენებს, მათ შორის მთავრობის წევრებსა და მათ, ვისზეც შედეგი ბევრადაა დამოკიდებული, ამის მიმართ არანაირი დაინტერესება არ აქვთ. მიმაჩნია, რომ ცუდი არ იქნებოდა. ერთი პერიოდი ამ კუთხით ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა შემდეგ მიჩუმდა... მიზანშეწონილად მიმაჩნია, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ დღესდღეობით აქედან რამე გამოვიდეს", - დასძენს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.
"უნდა ჰყავდეს თუ არა ქვეყანას მეფე - ამ თემის განხილვა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კვირას პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ "კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს. ამ განცხადების შემდეგ ატყდა დიდი ხმაურიც - "ქართუ;ი ოცნების " თითქმის ყველა ლიდერი გამოვიდა განცხადებით, რომ პატრიარქის თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნივნელობა აქვს, მსჯე;ობა იქნება და პლებისციტის ჩატარებაც შესაძლებელია. ოპოზიცამ კი მმართველი პარტიის წევრები "ფარისევლობაში", "სიყალბესა" და უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქვეყანას მეფე უნდა ჰყავდეს თუ პრეზიდენტი / პარლამენტის თავმჯდომარე: "ჩვენთვის პატრიარქის თითიოეულ სიტყვას, თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს"
"სწორედ ამიტომ აიტაცა მმართველმა გუნდმა მონარქიის ტემა, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ რეალურ პრობლემებზე", აცხადებს "ნაცმოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი, რომლის თქმითაც, მონარქია ფუფნებაა, რისი შესაძლებლობა ბევრ მდიდარ ქვეყანასაც არ აქვს. "თავისუფალი დემოკრატების" წევრ ნინო გოგუაძის თქმით, პატრიარქს ეს სურვილი უკვე 10 წელია აქვს, ხოლო "ოცნების" დეპუტატების კომენტარები ახლა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა დასრულდა, "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, ფარისევლური და ყალბია". თუმცა ცოტა მოგვიანებით"ოცნებამ" საკუთარი განცხადებების განმარტებები დაიწყო და აღმოჩნდა, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხზე რამე აქტივობა არ იგეგმება - არც პლებისციტი და მით უფრო არც ახალ საკონსტიტუციო პროექტში კონსტიტუციური მონარქიის ჩაწერა, რის შესახებაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.გაზი 5 თეთრით გაძვირდება
“ბუნებრივი აირის გადასახადი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამჟამინდელი ტარიფი დაახლოებით 5 თეთრით მოიმატებს. მართალია, ეს დიდი ცვლილება არაა, მაგრამ ღარიბი მოსახლეობისთვის მაინც რთული გადასატანი იქნება. მათ არსებულ ტარიფთანაც უჭირთ გამკლავება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. გაზის გაძვირება ლარის კურსითა და კომპანიების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციებით არის განპირობებული. ახალ ტარიფთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ. უწყების წარმომადგენელთა ინფორმაციით, კომპანიების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი უკვე შესწავლილია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გაზი 5 თეთრით გაძვირდება / "იყო თხოვნა ტარიფის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რაც მხოლოდ აქამდე მოხერხდა"
„კომისიაში სატარიფო განაცხადი შეტანილი აქვს ოთხ კომპანიას: "გაზის ტრანსპორტირების კომპანია", "სოკარ ჯორჯია გაზი", "საქგორგაზი" და "ყაზტრანსგაზი". მიზეზი, რატომაც მოხდა მათი მხრიდან სატარიფო განაცხადების წარდგენა, ისაა, რომ სემეკმა ბუნებრივი გაზის სექტორის ახალი მეთოდოლოგიით რეგულირება დაიწყო. მეთოდოლოგია ტარიფების ყოველწლიურ გადაანგარიშებას ითვალისწინებს. "ამ სექტორში ტარიფები, უკვე 10 წელია, რაც არ დათვლილა, შესაბამისად, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, რაც დღეს არის ბუნებრივი გაზის სექტორში, კომისია იწყებს ტარიფების გადაანგარიშებას", - აცხადებენ სემეკში. მართალია, ოფიციალურ უწყებაში გაზის შესაძლო გაძვირებაზე საუბარს ჯერჯერობით არ ჩქარობენ, თუმცა სპეციალისტთა გაანგარიშებით, გადასახადი 5 თეთრით გაიზრდება. ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. მისი თქმით, ცვლილება გარდაუვალია და ფასი საბოლოოდ იქნება რეალური, რამდენადაც ახალ ტარიფში სათანადოდ აისახება როგორც ლარის კურსი, ასევე კომპანიების მიერ სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული ინვესტიციები, რაც საკმაოდ მასშტაბურია“, - აღნიშნავს გამოცემა
"საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ბაზარზე სავალუტო კურსთან დაკავშირებით ცვლილებები მოხდა. ამ პერიოდში გაზის ტარიფი არ გაზრდილა. ცნობილია ისიც, რომ დიდი ინვესტიციები ჩაიდო რეგიონების გაზიფიცირების მიმართულებით. მოგვწონს თუ არა, ეს არის ფაქტი, რომელიც ახალ ტარიფში სათანადოდ აისახება. კარგია, რომ სოფლებს, სადაც თუნდაც 5 ოჯახი ცხოვრობს, გაზი შეუყვანო, მაგრამ ამას სჭირდება მნიშვნელოვანი თანხა და გარკვეული საზღაურის გაღება მომხმარებელს მოუწევს. გარდაბანში საკმაოდ თანამედროვე, მძლავრი თბოექტროსადგური აშენდა და ესეც აისახება ტარიფზე. ჯგერენაიას განცხადებით, გაძვირება გარდაუვალია და ეს სათანადოდ უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ იცოდნენ რეალური მიზეზები, რის გამოც ცვლილება ხდება. რამდენით გაიზრდება ფასი, საბოლოოდ მარეგულირებლის მიდგომაზეა დამოკიდებული. ჩემი ვარაუდით, გაზი 5 თეთრით გაძვირდება და ამით ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. მიმაჩნია, რომ უნდა მოვხსნათ სოციალური გაზის თემა. არ არის საჭირო მდიდრების სუბსიდირება და ამაში ბევრი დამეთანხმება. დაბალშემოსავლიან და მოწყვლად ფენას მივცეთ სუბსიდია და მდიდრებს არ გადავუხადოთ. ამ შემთხვევაში რეალური ფასი დაწესდება და ტარიფის საკითხიც არ იქნება მუდმივად განახლებადი", - განაგრძობს გამოცემა.
„გაზის ტარიფთან დაკავშირებით ეკონომისტის მოსაზრებას აბსოლუტურად იზიარებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი ვარაუდითაც, გაზი მომხმარებელს 5 თეთრის ფარგლებში გაუძვირდება და ესეც არასაკმარისია იმ ხარჯთან შედარებით, რისი გაღებაც კომპანიებს ლარის დევალვაციის გამო უწევთ. ხუხაშვილის თქმით, გაზის მოწოდებაში ძირითადი კომპონენტი არის ნედლეული. ლარის დევალვაციის გამო კომპანიებს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზარდათ, რადგან სწორედ ნედლეული გაუძვირდათ. გულახდილი ვიქნები და ვიტყვი - დიდი მიღწევაა, რომ აქამდე არ გაიზარდა ფასი. ეს ენერგეტიკის სამინისტროს დიდი დამსახურებაა, რასაც ვერ დავუკარგავთ. ბუნებრივია, იყო თხოვნა ტარიფის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რაც მხოლოდ აქამდე მოხერხდა. პროცესი დაუსრულებლად ვერ გაგრძელდებოდა. ლარის გაუფასურება ძირითადი მიზეზია, რის გამოც გაზი გაძვირდება. ვფიქრობ, გადასახადი 5 თეთრის ფარგლებში მოიმატებს, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი, იმდენად დიდია ხარჯი, რაც კომპანიებს ლარის გაუფასურების გამო აქვთ", - ამბობს ხუხაშვილი. მისი თქმით, გადასახადის ზრდა განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობისთვის იქნება რთული, რომელთაც არსებულ ტარიფთანაც უჭირთ გამკლავება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში“, - წერს სტატის ავტორი
დიდი ომის პირველი ნიშანი - ამერიკულმა "სუპერ ჰორნეტმა" რუსული "სუ-22" ჩამოაგდო
"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აშშ-ის კოალიციურმა ძალებმა სირიის მთავრობის რუსული "სუ-22"-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სირიის საკითხზე რუსეთსა და დასავლეთს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება და კონფლიქტს ხანგრძლივი პერსპექტივა აქვს. აშშ-ის ცნობით, მათმა საბრძოლო თვითმფრინავმა, "სუპერ ჰორნეტი" "სუ-22" მას მერე ჩამოაგდო, რაც მან იერიში იმ ძალებზე მიიტანა, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძოდნენ. მათივე განცხადებით, ეს ფაქტი "კოლექტიური თავდაცვის" შეთანხმების შესაბამისად მოხდა. "სირიის "სუ-22"-ის ტიპის თვითმფრინავმა ბომბები ჩამოყარა "სირიის დემოკრატიულ ძალებად" წოდებული ოპოზიციური გაერთიანების რაზმების პოზიციებზე, რომლებიც ექსტრემისტულ "ისლამურ სახელმწიფოს" და სირიის მთავრობის არმიას ებრძვიან სირიაში და რომლებსაც აშშ უჭერს მხარს", - ნათქვამია აშშ-ის განცხადებაში. სირიის არმიის ინფორმაციის თანახმად კი, მათი სამხედრო თვითმფრინავი კოალიციამ მაშინ ჩამოაგდო, როდესაც ის "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. ამის გამო სირიაში მიაჩნიათ, რომ "კოალიციის ასეთი ქმედებები ტერორიზმს უჭერს მხარს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დიდი ომის პირველი ნიშანი - ამერიკულმა "სუპერ ჰორნეტმა" რუსული "სუ-22" ჩამოაგდო.
„როგორც ამერიკის მხარის მიერ ცხადდება, თვითმფრინავის განადგურება თავდაცვის მიზნით მოხდა, რადგან ის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური დაჯგუფების პოზიციებს ბომბავდა ქალაქ რაქას მახლობლად. ცეცხლის გახსნამდე ამერიკის მხარემ რუსეთის ინფორმირება მოახდინა სპეციალური კავშირის მეშვეობით, რუსეთმა კი აშშ-ს მოუწოდა, თავი შეიკავოს სირიის ტერიტორიაზე მსგავსი ქმედებებისგან. როგორც ცნობილია, კრემლი მხოლოდ საკუთარი ჯარების კანონიერებას აღიარებს სირიის მიწაზე. ფაქტს ასე შევაფასებ: სირიაში რუსეთსა და დასავლეთს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება და პოზიციები მკვეთრად განსხვავდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ კონფლიქტს ხანგრძლივი პერსპექტივა აქვს“ - აცხადებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე გაზეთ რეზონანსთან მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "აშშ-სა და რუსეთს შორის, შესაძლოა, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის მსგავსი კონფლიქტები განვითარდეს" / ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ახლო პერსპექტივაში სირიის პრობლემის დარეგულირებას არ უნდა ველოდოთ
„აქამდე აშშ არ მიმართავდა მსგავს ქმედებებს და არც სირიის, არც რუსეთის ავიაციის წინააღმდეგ ცეცხლი არ გაუხსნია. შესაძლოა, შემდგომში ვითარება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის კონფლიქტების სცენარით განვითარდეს. თუ მსგავსი ფაქტი აშშ-ის მხრიდან განმეორდება, მაშინ შესაძლოა, სირიის ინტერესები მხოლოდ რუსულმა ავიაციამ დაიცვას. ამ შემთხვევაში ამერიკა უშუალოდ რუსეთის თვითმფრინავების საწინააღმდეგოდ ცეცხლს არ გახსნის, ამიტომ ფორმალურად ალბათ ოპოზიციას შეაიარაღებს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით და რუსული თუ სირიული სამხედრო ავიაციის წინააღმდეგ ოპოზიციური დაჯგუფებები გახსნიან საზენიტო კომპლექსებიდან ცეცხლს. მე მხოლოდ სამხედრო, კერძოდ ჰაერსაწინაღმდეგო ბრძოლის კუთხით ვსაუბრობ. ეს გარემოება კი პოლიტიკურ დარეგულირებაზეც მოახდენს ზეგავლენას, აცხადებს სალუქვაძე და კითხვაძე, რუსეთის მოწოდება აშშ-მ არ მიიღოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ცალმხრივი გადაწყვეტილება, ხომ არ გახდება კიდევ ერთი გართულების მიზეზი აშშ-რუსეთის ურთიერთობაში? პასუხობს, ყოველივე ეს მიუთითებს, რომ კრემლისა და თეთრი სახლის პოზიციები სირიასთან მიმართებით ისევ მკვეთრად განსხვავდება. ამაზე რუსეთის ლიდერის ბოლო ინტერვიუებიც მეტყველებს, განსაკუთრებით ოლივერ სტოუნის ახალ დოკუმენტურ ფილმში. ის აკრიტიკებს ამერიკის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკას. შესაბამისად, ახლო პერსპექტივაში სირიის პრობლემის დარეგულირებას არ უნდა ველოდოთ“, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანალიტიკოსი.
„რუსეთმა აშშ-ის მოქმედებები სირიის წინააღმდეგ აგრესიად შეაფასა და სირიის საჰაერო სივრცეში ინციდენტების არდაშვების მიზნით ამერიკასთან გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით თანამშრომლობას წყვეტს. გადაწყვეტილება ძალაში 19 ივნისიდან შევიდა. ეს ნიშნავს, რომ დაახლოების ნაცვლად რუსულ-ამერიკული პოზიციები ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო შორდება ერთმანეთს. სხვა რამე განსაკუთრებულ ჩარევას არ ველოდები, გარდა რუსული ავიაციის გააქტიურებისა სირიის სამთავრობო ძალების ინტერესებისათვის“ - დასძენს სტატიის ავტორთან საუბრისას ამირან სალუქვაძე
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"