ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2017

"ეს უკვე კრიზისია..." - ვენეციის კომისია იმედგაცრუებულია, ხელისუფლება ოპოზიციის არაადეკვატურობაზე საუბრობს

გია ხუხაშვილი - "ხელისუფლებამ არა მარტო ქვეყნის შიგნით ყველასთან, ვენეციის კომისიასთანაც მოიჭრა გზა"

გაურკვევლობა სემეკის ირგვლივ - პრეზიდენტის კანდიდატურა დეპუტატებს არ მოსწონთ

* * *

"ეს უკვე კრიზისია..." - ვენეციის კომისია იმედგაცრუებულია, ხელისუფლება ოპოზიციის არაადეკვატურობაზე საუბრობს

"ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები", "საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი ბლოკირებული და ჩიხში შესულია", "ეს უკვე კრიზისია"... - ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოს შეფასებები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან და პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ უფრო და უფრო მწვავეა "ქართული ოცნების" მიერ ხმის მიცემის წინა დღით სასწრაფოდ შეცვლილი კონსტიტუციის პროექტის და უმთავრესად პროპორციული საარჩევნო სისტემის 7 წლით გადავადების გამო. ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების დიდ პროტესტს ახლა უკვე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის საკმაოდ ხმამაღალი, ხისტი კრიტიკაც შეემატა და საგულისხმოა, რომ 1995 წლიდან დღემდე არაერთხელ შეცვლილი კონსტიტუციის პროექტის შეფასებისას ჯანი ბუკიკიო პირველად გამოდის ასეთი მკაფიოდ კრიტიკული განცხადებებით", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ეს უკვე კრიზისია..." / ვენეციის კომისია იმედგაცრუებულია, ხელისუფლება ოპოზიციის არაადეკვატურობაზე საუბრობს.

"ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც აცხადებენ, რომ ბუკიკიოს მხრიდან ეს მწვავე კრიტიკა მოსალოდნელი იყო. ოპოზიციისა და არასამთავრობოების თქმით, ხელისუფლებამ არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ ვენეციის კომისიაც მოატყუა, რადგან კენჭი შეცვლილ კანონპროექტს უყარა და ამან გამოიწვია ბუკიკიოს ასეთი მკაფიო კრიტიკაც. ოპოზიცია და პრეზიდენტი პროექტის უკან გამოწვევას ითხოვენ. ხელისუფლების განცხადებით კი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კარგად აუხსნიდნენ საქმის არსს, იმას, რომ გუნდში კონსენსუსის მიღწევა მაჟორიტარობის გაუქმების გადავადების გარეშე ვერ ხერხდებოდა და ბუკიკიო "გაგებით მოეკიდებოდა" პარლამენტის ამგვარ გადაწყვეტილებას, ოპოზიიცის მოთხოვნა კი "არაადეკვატურია". აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომიიის პრეზიდენტი ბათუმში ოთხშაბათ საღამოს ჩამოფრინდა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე დასასწრებად და იმავე ღამეს ჟურნალისტებთან კონსტიტუციაში შეტანილ დათქმაზე, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლამდე გადავადებას ეხება, თქვა, რომ "ამ ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ ყველაფერი ჰაერშია" და "ამით დამწუხრებული და იმედგაცრუებულია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბუკიკიოს "იმედგაცრუებას" არასწორი თარგმანი და "სუსტი ზმნა" უწოდა, რომელიც "მედიაში არასწორი აქცენტით გაშუქდა", რეალურად კი ბუკიკიოს აქცენტი იყო სხვა. "ოცნების" დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ კი თქვა, რომ "როდესაც ბატონი ბუკიკიო გაერკვევა, აუხსნიან მას საქმის ვითარებას, ვფიქრობ, გაგებით მოეკიდება, რადგან ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს იყო სწორედ ის შუალედური ვარიანტი, რომელზეც შეთანხმდა უმრავლესობა". თუმცა გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯანი ბუკიკიო შეხვდა პრემიერსაც, პარლამენტის სპიკერსაც, საგარეო საქმეთა მინისტრსაც, პრეზიდენტსაც, შემდეგ ოპოზიციასაც და მისი განცხადებები შერბილების ნაცვლად, უფრო კრიტიკული გახდა. მან თქვა, რომ "უფრო და უფრი იმედგაცრუებულია" - "მათ ავუხსენი, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციას მაღალი ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს, ცვლილებები მიღებული უნდა იყოს ფართო კონსენსუსით და არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით", - განაცხადა ბუკიკიომ, რომლის თქმითაც, ვინაიდან არ არის კონსენსუსი, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, ეს უკვე კრიზისია და ხელისუფლებას ოპოზიციასთან და ქართულ საზოგადოებასთან დიალოგისა და კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდა", - განაგრძობს გამოცემა.

"ამ კრიტიკის მიუხედავად, პრემიერი და პარლამენტის სპიკერი ამტკიცებენ, რომ შემოდგომაზე მიიღებენ კონსტიტუციას, რომელიც იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი და მესამე მოსმენისას რაიმე არსებითი ცვლილება უკვე არ მოხდება. პრეზიდენტი კი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", ჩიხიდან გამოსასვლელად პროცესი შეჩერდეს და შემოდგომაზე, კონსენსუსიდან გამომდინარე, თავიდან ახალი პროექტის განხილვა დაიწყოს. არსებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გაწვევას ითხოვს ოპოზიცია. როგორც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერია ირმა ინაშვილმა განაცხადა, მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთიანდება და ხელისუფლებასთან დიალოგს იწყებს, რომ "რაღაც ხელისუფლებამ დათმოს, რაღაც - ოპოზიციამ". ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეთანხმება ჯანი ბუკიკიოს იმაში, რომ კრიზისია კონსენსუსთან მიმართებით, თუმცა "ოცნება" არაფრის დათმობას არ აპირებს და, პირიქით, ოპოზიციისკენ იშვერს ხელს და მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია კონსენსუსზე წამოვიდეს, "არაადეკვატური განცხადებები" ისმის და ხელახალი განხილვის დაწყებას ითხოვენ", - დასძენს გამოცემა.

"კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზით, ხელისუფლება დათმობაზე არ წავა და კონსტიტუციის პროექტის თავიდან განხილვას არ დაიწყებს - "შემოდგომაზე მესამე მოსმენით იქნება მიღებული ცვლილებები. სხვა ვარიანტი, როგორც ჩანს, არც განიხილებოდა. თორემ ის, რომ ვენეციის კომისიასთან და შიდა კონსენსუსი ქვეყანაში ამ კონსტიტუციასთან დაკავშირებით არ არსებობს, ხელისუფლებამ მშვენივრად იცოდა. ამიტომ შეაჩეროს და თავიდან დაიწყოს პროცესი, ამაზე ხელისუფლება არ წავა. მეეჭვება, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს. ხელისუფლებამ პოლიტიკური კაპიტალისთვის ზარალი უკვე ნახა და ახლა დათმობაზე წასვლა ამ ზარალს, რა თქმა უნდა, არ აანაზღაურებს", - განაცხადა ძაბირაძემ, რომლის აზრით, ხელისუფლების ამ სიხისტეს დასავლეთის მხრიდან მკვეთრი ნაბიჯები არ მოჰყვება, თუმცა "იმიჯი, რა თქმა უნდა, შელახულია" და ამის გამოსწორება და აღდგენა, ჰგონია, რომ ვერ მოხერხდება", - წერს სტატიის ავტორი.

"მე სრულიად ვეთანხმები ჯანი ბუკიკიოს განცხადებას, რადგან უზენაეს კანონში შესატანი ცვლილებებით "ქართული ოცნება" საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას", - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ექსპერტი: ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგში საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ.

"იქ საუბარია პრეზიდენტის როლის დაკნინებაზე, პარლამენტის და მთავრობის როლის გაძლიერებაზე. ასევე ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია უშიშროების საბჭოს გაუქმება, თანაც ეს იმ პერიოდში, როდესაც საქართველო, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია რუსეთის ფედერაციასთან. ამას ემატება საარჩევნო სისტემა. სამწუხაროდ, 2024 წლამდე შენარჩუნდება მაჟორიტარული სისტემა, რაც "ქართულ ოცნებას" მისცემს საშუალებას, მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია და საპარლამენტო არჩევნებში კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩაიგდოს ხელში", აღნიშნავს გამოცმის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე და შეკითხვაზე - "ვენეციის კომისიის თავმჯდომარის განცხადებების შემდეგ კონსტიტუციის პროექტის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგება? - პასუხობს:

"ნაწილობრივ ნამდვილად ეჭვქვეშ დგება. მართალია, "ქართული ოცნება" ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას და მაინც მიიღებს ნებისმიერ ცვლილებას, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ქვეყანაში არასწორი საარჩევნო სისტემაა. შესაბამისად, მის ლეგიტიმურობაზე უკვე კითხვის ნიშნები ჩნდება.. რა თქმა უნდა, ვეთანხმები პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პროცესი უნდა შეჩერდეს - ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს შეტანილი, რადგან ესეც "ქართული ოცნების" პოზიციების გამყარებას მოემსახურება... ჩემი აზრით, აუცილებელია, საქმეში ჩაერთონ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ასევე ევროკავშირი, ნატო, რომლებიც ქართულ საზოგადოებას მისცემენ მინიშნებას, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებით მნიშვნელოვნად შეფერხდება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვენეციის კომისიის ჩარევა არ კმარა და აქ უკვე საჭიროა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც".

გია ხუხაშვილი - "ხელისუფლებამ არა მარტო ქვეყნის შიგნით ყველასთან, ვენეციის კომისიასთანაც მოიჭრა გზა"

"სამწუხაროდ, ბუკიკიო გვიან მიხვდა, რომ ამ პროცესში გამოყენებული იყო ლეღვის ფოთლად და ამიტომაც ასეთი მძიმე იყო მისი რეაქციაც. ბუკიკიოს თქმით, აკონსტიტუციო პროცესი იყო ფარსი და შეურაცხყოფილადაც გრძნობს თავს, რომ ამ ბლეფში მიაღებინეს მონაწილეობა! ეს გაბრაზებული ადამიანის განცხადებაა, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი მუდმივად აცხადებდა, რომ ვენეციის კომისია აღფრთოვანებულია ჩვენი კონსტიტუციის პროექტით, ვაი, ეს რა ვნახეთო და ამ დროს სხვა რამ ვნახეთ", - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ოცნებაში" კონსენსუსს ეძახიან, თავად ფეხებს რომ დააბაკუნებენ და ყველაფერი შეუსრულდებათ...".

"ადამიანებს ქცევის მინიმალური სტანდარტები უნდა ჰქონდეთ. ამ პროცესის წამყვანის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იყო, თუ პროპორციული სისტემა არ იქნება მიღებული, გადავდგებიო, მაგრამ შემდეგ საკუთარი სიტყვა შეჭამა. ასევე, თქვა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია სრულად იქნება გათვალისწინებულიო. ამ დროს ვენეციის კომისიის ფუნდამენტური რეკომენდაცია იყო, რომ კონსტიტუცია ფართო კონსენსუსის შედეგად უნდა იქნეს მიღებული. მთავარი კონსენსუსის თემა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა იყო, თითქოს აქეთკენაც მიდიოდნენ, მაგრამ ერთ დღეში შეცვალეს. ამას რა დავარქვა? ყველა ადამიანური და პოლიტიკური სტანდარტის წითელი ხაზი გადაკვეთეს. ეს დამახასიათებელია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც არანაირი სტანდარტი არ გააჩნიათ და ნებისმიერ რაღაცაზე ხელის მომწერები რომ არიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"ჰგონიათ, რომ ყველაფერი გაუვათ. ამ ტიპის ქმედებების პოლიტიკური ფასი ძალიან მაღალია, მინიმალური სტანდარტი გადადგომაა. მათ დაიპირისპირეს მთელი ოპოზიცია, მთელი სამოქალაქო სექტორი, სრულ იზოლაციაში არიან და საზოგადოებას აყვედრიან, კონსენსუსის უნარი არ გაქვთო. მარტო ჯეჯელავას და კობახიძეს ჰქონიათ კონსენსუსის უნარი გამომუშავებული. კონსენსუსის არარსებობაში მდინარაძემ ოპოზიცია დაადანაშაულა - ეს არის ამაზრზენი ინტერპრეტაცია ძალიან მარტივი საკითხის. ერთი ადამიანი მაინც მაჩვენონ, ვისთან აქვთ კონსენსუსი?! კონსენსუსს ეძახიან, თავად ფეხებს რომ დააბაკუნებენ და ყველაფერი შეუსრულდებათ?!", - ამბობს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - "თქვენი პროგნოზი რა არის, დათმობს ხელისუფლება და ხელახლა დაიწყებს კონსტიტუციის განხილვას?" - პასუხობს:

"უკან დასახევი გზა თავად მოიჭრეს. ეტყობა, იცოდნენ, ბუკიკიოს უარყოფითი რეაქცია რომ ექნებოდა და კონსტიტუციაში ცვლილებები ფართხაფურთხით მიიღეს 2 მოსმენით. ძალიან საეჭვოა, რომ განხილვა თავიდან დაიწყოს. უგუნურობის ხარისხი იმდენად დიდია, რომ პროგნოზი უჭირთ. ჰგონიათ, რომ ყველაფერი შერჩებათ. საარჩევნო ნაწილში კონსტიტუცია გაუარესდა და ასეთი ტიპის ქმედებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამა თუ იმ ფორმით გარდაუვალია. შეიძლება იყოს რბილი, ან იყოს მკაცრი. ეს არის იმის წინაპირობა, რომ ხალხი ბრაზდება. კრიტიკულ მასას რომ აკრეფს, რასთანაც ძალიან ახლოს ვართ, ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს".

"პოლიტიკური ლეგიტიმაცია მათ დაკარგული აქვთ, ერთადერთი, რაც "ქართულ ოცნებას" დღეს შველის, ისაა, რომ პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს. თუმცა იმდენად დიდი მოთხოვნაა ამისა, რომ დღეს ან ხვალ გამოჩნდება ალტერნატივაც და წალეკავს ამ ხელისუფლებას. მიშა სააკაშვილს ძალა მაინც ჰქონდა და ეფექტური იყო, ამათ ესეც არ აქვთ. ვენეციის კომისია ამ ხელისუფლებისთვის უკვე დაკარგულია, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ჩვენ ამით ხომ არ ვამთავრებთ ცხოვრებას, მომავალში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი კანონის მიღება გვჭირდება. ხელისუფლებამ კი ხიდები დაწვა არა მარტო ქვეყნის შიგნით ყველასთან, არამედ ვენეციის კომისიასთანაც მოიჭრა გზა. ეს, პირდაპირი გაგებით, ფატალური არ არის, მაგრამ საგარეო მიმართულება რომ ავიღოთ, ეს არის ერთი პაკეტი, ასევე, მუხთარლის საქმე არის მეორე პაკეტი, რომელიც, სამწუხაროდ, დასავლეთში არასდროს დაავიწყდებათ. 2-3-ს კიდევ გააჩენენ, ისეთი სისწრაფით გენერირებენ კრიზისებს, ხვალ და ზეგ კიდევ ჩახტებიან ტლაპოში. ყველა მიმართულებით უარესდება მდგომარეობა", - დასძენს გია ხუხაშვილი.

გაურკვევლობა სემეკის ირგვლივ - პრეზიდენტის კანდიდატურა დეპუტატებს არ მოსწონთ

"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ, შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა დაკარგოს. სამი წევრისგან შემდგარ სემეკში ერთ-ერთ წევრს - გოჩა შონიას - უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება, ხოლო ახალი წევრის შერჩევა ჭიანურდება... "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, სემეკში 5 წევრი უნდა იყოს. მათ პარლამენტი 6 წლის ვადით ხმათა უმრავლესობით ირჩევს. კომისიის წევრთა კანდიდატურებს კი პარლამენტს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს. ამჟამად სემეკს ორი წევრი აკლია და კომისია ხუთი წევრის ნაცვლად, სამი წევრით მუშაობს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გაურკვევლობა სემეკის ირგვლივ / პრეზიდენტის კანდიდატურა დეპუტატებს არ მოსწონთ.

"დეპუტატების ნაწილი პრეზიდენტის კანდიდატურას არ იწონებს - უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე ფიქრობს, რომ კომისიის წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტმა არასწორი კანდიდატი შეარჩია. მან კი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მაია მელიქიძის კანდიდატურას იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ ის ენერეგეტიკის სფეროში კომპეტენტური არ არის - "როგორც სპეციალისტის, მე კანდიდატის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ვეწინააღმდეგები იმას, თუ ვინ შეარჩია ასეთი კანდიდატი. ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში წევრების დიდი ნაწილი უნდა იყოს ენერგეტიკის სპეციალისტი. ჩემი აზრით, პრეზიდენტმა არასწორი კანდიდატი შეარჩია, მთავრობა კი იმის გამო, რომ ფორსმაჟორული მდგომარეობაა და სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი სემეკის საკითხი, რათა ქმედუუნარო არ გახდეს მარეგულირებელი კომისია, დაეთანხმა ამ კანდიდატს", - განაცხადა რევაზ არველაძემ. შექმნილ მდგომარეობაში ენერგეტიკის სამინისტრო გამოსავალს "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებში ხედავს, რომლის განხილვაც უწყებამ პარლამენტისგან დაჩქარებული წესით ითხოვა", - აღნიშნავს გამოცემა.

"პარლამენტს კი შენიშვნები აქვს უკვე ინიცირებული რამდენიმე სხვა პროექტის მიმართაც, რომელთა დაჩქარებულად მიღებას არ ეთანხმება. რაც შეეხება სემეკის წევრის თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ მაია მელიქიძეს, დეპუტატებმა მისი კანდიდატურა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხოლოდ ერთმა დეპუტატმა - რევაზ არველაძემ, არ დაუჭირა მხარი. სემეკის წევრობის კანდიდატი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მელიქიძის კანდიდატურა უკვე შეთანხმებულია მთავრობასთან და ის პარლამენტს წარედგინა - "იგი მაღალი კვალიფიკაციის ეკონომისტია, აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რაც სემეკის წევრს უნდა ჰქონდეს და მისი შემატება სემეკის გუნდისთვის იქნება ღირებული. იმედია, საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს კანდიდატურას", - ამბობს გიორგი აბაშიშვილი. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურა 28 ივნისს წარადგინა და ამ საკითხს პარლამენტი გადაწყვეტ", - დასძენს გამოცემა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის